Accessibility links

logo-print

ირღვევა თუ არა დავით მირცხულავასა და მერაბ ჟორდანიას უფლებები


ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით, რამდენიმე სახელმწიფო მოხელისა და სხვა რანგის ჩინოვნიკის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ერთ-ერთ მათგანს,

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ხოლო საქართველოს ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით მირცხულავა ახლაც სამართალდამცავი ორგანოების გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშაა. რამდენად კანონიერად მიმდინარეობს კორუფციასთან ბრძოლა და ირღვევა თუ არა კორუფციაში ეჭვმიტანილთა უფლებები?

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟორდანიას 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა. ადვოკატის მტკიცებით, ჟორდანია დაკავების მომენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის იმუნიტეტით სარგებლობდა და მის მიმართ 3 თვიანი პატიმრობის შეფარდება კანონის საწინააღმდეგოდ განხორციელდა. გარდა ამისა, გაუარესებულია ჟორდანიას ჯანმრთელობის მდგომარეობაც. თუმცა საოლქო სასამართლომ ეს გარემოებები არ გაითვალისწინა და 6 იანვარს მერაბ ჟორდანია კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

[შალვა შავგულიძის ხმა] "გადაწყვეტილება უკანონოა და რადგან ადგილობრივ სამართალწარმოებაში ვერ მივაღწიეთ კანონიერ შედეგს, იძულებული ვხდებით გავასაჩივროთ ევროპის სასამართლოში."

თუ რატომ არ გაითვალისწინა სასამართლომ ჟორდანიას ადვოკატის არგუმენტები, ამის პასუხს შეიძლება წარმოადგენდეს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის განცხადება:

[გიორგი ბარამიძის ხმა] "ჩვენ ამ საქმეს არ მივატოვებთ, თუმცა არის მცდელობა, რომ იგი დაიხსნან საპყრობილიდან და არ გადაახდევინონ ის თანხა, რომელიც ეკუთვნის ხალხს. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, გადაიხადონ ის, რაც ეკუთვნის ხალხს და ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს."

ამ განცხადების მიუხედავად, მერაბ ჟორდანიას მხარე ჯერჯერობით თავს იკავებს ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სისტემაზე ზემოქმედების შესახებ საუბრისგან. კორუფციაში მხილებული კიდევ ერთი ჩინოვნიკის, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, დავით მირცხულავას დაცვა კი ღიად ადანაშაულებს პროკურატურას სამედიცინო ექსპერტიზაზე ზეწოლის გამო.

შეგახსენებთ, რომ მირცხულავას 2003 წლის 24 დეკემბერს, დაკითხვის დროს, გულის სტენოკარდიული შეტევა დაემართა და ამის გამო, წინასწარი პატიმრობის დაწესების ნაცვლად, კარდეოლოგიური კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ადვოკატ ეკა ბესელიას განცხადებით, დღემდე უკვალოდაა გამქრალი 30 დეკემბერს ჩატარებული მირცხულავას სამედიცინო ექსპერტიზის ოქმი და პროკურატურა ყოფილი მინისტრის დაკითხვას სამედიცინო ექსპერტიზის უგულებელყოფით ცდილობს.

[ეკა ბესელიას ხმა] "გუშინ ღამის 11 საათზე მივიდნენ დაკითხვის ჩასატარებლად, ეხლაც იქ არიან. აი, ეს, თავისთავად, იმდენად არ არის სამართლებრივი მოქმედება... სხვა არაფერი არ არის, თუ არა პოლიტიკური დაკვეთა."

მოგვიანებით, როცა მირცხულავას მკურნალი ექიმებისგანაც ცივი უარი მიიღო, პროკურატურა იძულებული გახდა საავადმყოფო დაეტოვებინა. პროკურატურაში თავს იმართლებენ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა თვალითაც არ გვინახავს და რომელ ზეწოლაზე შეიძლება იყოს საუბარიო. მირცხულავას მდგომარეობა რომ მძიმეა და მისი დაკითხვა არამიზანშეწონილი, ეს 6 იანვარს კიდევ ერთხელ დადასტურდა: კორუფციაში მხილებული ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კორონარული ანგიოგრაფიის ჩასატარებლად, ანუ შემდგომი გამოკვლევისთვის, სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
XS
SM
MD
LG