Accessibility links

logo-print

თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს, ამჯერადაც "ნაციონალური მოძრაობიდან"


თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს, წარსულში ლეიბორისტი, ამჯერად კი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ზაზა ბეგაშვილი. დედაქალაქის საკრებულოში მან

მიხეილ სააკაშვილი შეცვალა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ბეგაშვილის კანდიდატურას საკრებულოს წევრთა უმრვალესობამ დაუჭირა მხარი. იყო დასახელებული კიდევ ერთი კანდიდატურა, კახა ძაგანია, რომელიც საკრებულოს ფრაქცია "ლეიბორისტს" წარმოადგენს, მაგრამ მას მხოლოდ 10 მხარდამჭერი გამოუჩნდა.

ლადო კახაძისა და მიხეილ სააკაშვილის შემდეგ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს ზაზა ბეგაშვილი იკავებს. მისი სახელი და გვარი პირველად მაშინ გახმაურდა, როცა ის ლეიბორისტებს გაემიჯნა და "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდა. ეს ერთი წლის წინ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის არჩევის შემდეგ, მოხდა. ლეიბორისტებიდან "ნაციონალურ მოძრაობაში" გადანაცვლებული ზაზა ბეგაშვილი თბილისის საკრებულოს ფრაქცია "დედაქალაქის" თავმჯდომარე გახდა, ნოემბრის რევოლუციის დღეებში კი - ერთ-ერთი აქტიური რევოლუციონერი. საზოგადოებამ უფრო კარგად ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან უნდა გაიცნოს. ზაზა ბეგაშვილი 6 იანვარს საკრებულოს თავმჯდომარედ დამტკიცებამდეც გრძნობდა თანამდებობის სიმძიმეს.

[ზაზა ბეგაშვილის ხმა] " იყო საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის შემდეგ - ეს არის ძალინ მძიმე ტვირთი. მე ოცდაოთხი საათი ვიმუშავებ, პირველ რიგში, საკუთარ თავზე. "ვარდების რევოლუციამ" დამანახვა, რა უნდა იყოს ჩემი კრედო: რაც შეიძლება, ახლოს უნდა იყო ადამიანებთან."

"ადამიანებთან, რაც შეიძლება, ახლოს ყოფნას" საკუთარ კრედოდ მარტო ზაზა ბეგაშვილი არ სახავს. საქართველოს ხელისუფლებაში მოსული ახალი ძალის მთავარი დაპირება სახელმწიფოს ხალხთან ერთად მართვაა. ბეგაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს. ამდენად, ახალი ხელისუფლების ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები მის წარსულ საქმიანობას "ნაციონალური მოძრაობის" საქმეებით აფასებენ. მამუკა კაციტაძე თბილისის საკრებულოში "ახალ მემარჯვენეებს’ წარმოადგენს. მას უჭირს იმის თქმა, რომ მიხეილ სააკაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში თბილისის საკრებულო მაინცდამიანც კარგად ართმევდა თავს საქმეს. კაციტაძის აზრით, სააკაშვილის ხელში საკრებულო ზედმეტად პოლიტიზებულ ორგანოდ ჩამოყალიბდა და უფრო "ნაციონალური მოძრაობის" პიარისთვის იმუშავა, ვიდრე საქმისთვის. "კი, მოხდა ლიფტების და სახურავების შეკეთება, სპორტული მოედნების მოწყობა. თბილისელებისთვის პენსიის 3 ლარით გაზრდა, მაგრამ ეს იყო პიარისთვის და არა საქმისთვისო," - ამბობს ის. რაც შეეხება კონკრეტულად ზაზა ბეგაშვილს:

[მამუკა კაციტაძის ხმა] "რომ გითხრათ, რომ მის საქმიანობას კარგად ვიცნობ, სამწუხაროდ, ამის თქმის შანსი და საშუალება არ მაქვს, რადგანაც საკმაოდ მწირი იყო ურთიერთთანამშრომლობა აქამდე ზაზასთან. "

მამუკა კაციტაძისგან განსხვავებით, ზაზა ბეგაშვილის მიერ თბილისის საკრებულოში გაწეული საქმიანობის შეფასება არ უჭირს მის თანამებრძოლს "ნაციონალური მოძრაობიდან", ზვიად ძიძიგურს:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] "საკრებულოში ზაზა სოციალური საკითხების გადაწყვეტით იყო დაკავებული. იმ პროგრამების გადაწყვეტაში - ვგულისხმობ ლიფტების და სახურავების შეკეთებას - და სხვა საკითხების გადაწყვეტაში მას ლომის წილი მიუძღვის."(სტილი დაცულია)

ზვიად ძიძიგური ზაზა ბეგაშვილს ახასიათებს გაბედულ, იმავდროულად, პრინციპულ ადამიანად, კარგ ორგანიზატორად და ფიქრობს, რომ ის კარგად გაართმევს თავს ახალ მოვალეობას.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: თბილისის საკრებულომ ზაზა ბეგაშვილი თავმჯდომარის პოსტზე 6 იანვარს 32 ხმით დაამტკიცა. მას ჰყავდა ფრაქცია "ლეიბორისტიდან" ერთი კონკურენტი, რომელსაც მარტო საკუთარი ფრაქციის წევრებმა დაუჭირეს მხარი.
XS
SM
MD
LG