Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარამ, 2 წლის განმავლობაში პირველად, ცენტრალურ ბიუჯეტს ფული ჩაურიცხა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ცენტრალურმა ბიუჯეტმა, ორი წლის შემდეგ პირველად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან თანხა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმიდან ბიუჯეტისათვის გადმორიცხული

2,5 მილიონი ლარი არ გახლავთ მთლიანი თანხა, რაც ცენტრს ავტონომიისგან "ერგება", ეს ჟესტი გართულებული ფინანსური ურთიერთობების მოწესრიგებისაკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს.

ცენტრსა და ავტონომიას შორის ორწლიანი საბიუჯეტო "სეპარატიზმი", შესაძლოა, კონსტრუქციულად დასრულდეს. დეკემბრის ბოლოდან აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ ცენტრალურ ბიუჯეტში თანხების გადმორიცხვა დაიწყო. ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ ცენტრალური ბიუჯეტისთვის რეგიონიდან 2,5 მილიონი ლარი უკვე მიიღო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გადმორიცხული თანხა აჭარაში აკრეფილი აქციზის გადასახადიდან ცენტრალური ბიუჯეტისთვის განკუთვნილ 60 პროცენტს წარმოადგენს. თუმცა თავად ის ფაქტი, რომ ორწლიანი "საბიუჯეტო ომის" შემდეგ რეგიონიდან თანხა პირველად ჩაირიცხა, დამაიმედებელია.

თუ რის ხარჯზე მოხერხდა ამ ფისკალური კომპრომისის მიღწევა და არის თუ არა ის სახელმწიფო მინისტრის ბათუმში ვიზიტის შედეგი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა აჭარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცენტრსაც და რეგიონსაც არსებული ფინანსური პრობლემების დარეგულირების სურვილი აქვთ. ამის თაობაზე რეგიონის წარმომადგენლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან აქტიური კონსულტაციები ჰქონდათ.

აქციზის გადასახადთან ერთად, რომლის ნაწილი უკვე ჩაირიცხა, აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ ცენტრალურ ბიუჯეტში ადგილზე აკრეფილი საბაჟო გადასახადის 50 პროცენტი, ადგილობრივი წარმოების დამატებული ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ) 70 პროცენტი, იმპორტირებული საქონლის დ.ღ.გ-ს 60 პროცენტი, მოგების გადასახადის 1 და საბაჟო გადასახადის 1 პროცენტი უნდა გადმორიცხოს.

ცენტრალურმა ბიუჯეტმა აჭარიდან კუთვნილი თანხა უკანასკნელად 2 წლის წინ მიიღო.
აჭარის ხელმძღვანელობის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ცენტრალურ ბიუჯეტში 2,5 მლნ ლარი გადმოერიცხა, უკვე იმედს აძლევს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ბურჯანაძეს, რომ ცენტრსა და აჭარას შორის არსებული პრობლემები მოგვარდება. "მოხარული ვარ, რომ ასლან აბაშიძემ ჩვენი ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და იმედს გამოვთქვამ, რომ ცენტრსა და აჭარას შორის დაგროვებული პრობლემები ნელ-ნელა მოგვარდება", - აღნიშნავს ნინო ბურჯანაძე.

ბოლომდე აღდგება ჩატეხილი "საბიუჯეტო ხიდი" თბილისსა და ბათუმს შორის, თუ ეს მხოლოდ ერთჯერადი ჟესტია, ალბათ, პოლიტიკურ სიბრტყეში განვითარებული მოვლენების კვალობაზე, უახლოეს თვეებში გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG