Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის რეაქცია საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე


როგორია უცხოეთის გამოხმაურება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე? დღეს შევეცდებით, ამ შეკითხვას ვუპასუხოთ საქართველოს მეზობლების მაგალითზე.

პირველ რიგში მივაშურებთ რუსეთს, რომელსაც, როგორც ცნობილია მჭიდრო, შეიძლება ითქვას, მეტისმეტად მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს საქართველოში სეპარატიზმის მომხრეებთან.

[ანდრეი პიონტკოვსკის ხმა] "რუსეთის პრეზიდენტი პოლიტიკურად კორექტულ განცხადებებს აკეთებს, როცა ამბობს, "მხარს ვუჭერთ საქართველოს მთლიანობასო". უცნაურიც იქნებოდა, ეს რომ არ ეთქვა, თუ ჩეჩნეთის პრობლემას გავითვალისწინებთ. მაგრამ რაც შეეხება პრაქტიკულ მხარეს - თუნდაც აფხაზეთში რუსეთის პასპორტების დარიგებას, ან განცხადებებს, რომლებსაც მოსკოვში აკეთებენ ავტონომიების ლიდერები - ეს, დე ფაქტო, ხელს უწყობს საქართველოს დაშლას", ამბობს რუსი პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი, რომელსაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი სოფი ლამბროსკინი ესაუბრა. კიდევ რა შეიტყო ლამბროსკინიმ მოსკოვში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თემაზე, ამის შესახებ ახლა მოგითხრობთ.

ჩვენი კორესპონდენტი, უწინარეს ყოვლისა, ადასტურებს, რომ მოსკოვს არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგთან დაკავშირებით. მართალია, ეს შედეგი (მიხეილ სააკაშვილის გამარჯვება) ეჭვს არ იწვევს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება, ვიდრე თავის პოზიციას გამოხატავდეს, არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებას ელოდება. ამის შესახებ განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ალექსანდრ იაკოვენკომ. არჩევნებთან დაკავშირებით მან მხოლოდ ზოგადი განცხადება გააკეთა: რუსეთი დაინტერესებულია იმით, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფო, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა ექნება მეზობელ ქვეყნებთანო და ა.შ.

მაგრამ ექსპერტები ფიქრობენ, რომ თუ არ გვინდა დავჯერდეთ ზოგად განცხადებებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივაზე მსჯელობისას, უნდა გავითვალისწინოთ ის, რაზეც აქამდეც არაერთხელ ყოფილა საუბარი: დაპირისპირება კრემლში რუსეთის ერთი მხრივ ლიბერალური და მეორე მხრივ იმპერიული პოლიტიკის მომხრეებს შორის, ანუ ორი რუსეთის ფაქტორი.

ანდრეი პიონტკოვსკის შეფასებით, რუსეთ-საქართველოს პარტნიორობის მომხრეთა ბანაკი დასუსტებულია მას შემდეგ, რაც ნოემბერში გადადგა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაური ალექსანდრ ვოლოშინი. [ანდრეი პიონტკოვსკის ხმა] "ამან გააძლიერა დასავლეთთან კონფრონტაციისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში დომინირების მომხრეები - ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის იმპერიულ პოლიტიკას ემხრობიან".

მაგრამ პოლიტოლოგი მიხაილ ალექსანდროვი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ინსტიტუტის მკვლევარი, ფიქრობს, რომ მკაცრი კურსის მომხრეები ვერ ახდენენ გადამწყვეტ გავლენას საქართველოს მიმართ კრემლის პოლიტიკაზე: მიხაილ ალექსანდროვის ხმა "რუსეთის მთავრობა საქართველოსთან, პრაქტიკულად, დათმობების კურსს ატარებს. მაგრამ პარლამენტში არის ძალები - მაგალითად "სამშობლო", ან "ერთიანი რუსეთის" ზოგიერთი წევრი, რომლებიც უფრო მკაცრ კურსს ეხმრობიან. მაგრამ ისინი ჯერ ვერ ახდენენ გავლენას გადაწყვეტილებების მიღებაზე".

დაბოლოს, კიდევ ერთი ექსპერტის მოსაზრება საქართველოს საკითხში კრემლის არაერთგვაროვან პოზიციაზე: ალექსეი მალაშენკოს ხმა "ამ პოზიციის ორ მესამედს შეადგენს გონივრულობა, თანამშრომლობისათვის მზადყოფნა. და მე ვფიქრობ, პუტინი საამისოდ მზად არის... ერთი მესამედი კი არის ის, რაც სახელმწიფო დუმის არჩევნებისას ვიხილეთ - ეს არის ერთგვარი "იმპერიულობა", ამბობს მოსკოვში განთავსებული კარნეგის ინსტიტუტის თანამშრომელი ალექსეი მალაშენკო. მისი ვარაუდით, რუსეთში შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოჩნდეს, რა მიმართულებით განვითარდება ეს პოზიცია. თუმცა მანამდე, 14 მარტამდე ორ თვეზე მეტი რჩება. ჯერ ვნახავთ, როგორი იქნება კრემლის ოფიციალური გამოხმაურება საქართველოში 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.
XS
SM
MD
LG