Accessibility links

logo-print

რას ფიქრობენ მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებაზე სომხეთსა და აზერბაიჯანში?


არჩევნების შედეგებს უკვე გამოეხმაურნენ სომხეთსა და აზერბაიჯანში - მართალია, სხვა ქვეყნებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც

(აღსანიშნავია თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან ამერიკის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი, ან გერმანიის კანცლერისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მისალოცი წერილები), მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, დღეს გვინდა, თქვენი ყურადღება საქართველოს ზოგ უშუალო მეზობელზე გავამახვილოთ.

მაშ ასე, აზერბაიჯანი და სომხეთი: ჩვენი რადიოს კორესპონდენტ ჩარლზ კარლსონის შეფასებით, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებაზე აზერბაიჯანის რეაქცია უფრო თავშეკავებული იყო, ვიდრე სომხეთისა.

ამ თავშეკავებულობის მაგალითად გამოდგება აზერაბიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ვილაიათ კულიევის ინტერვიუ ჩვენი რადიოს აზერბაიჯანულ რედაქციასთან. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ საუბრიდან: [კულიევის ხმა] "ეს ცვლილება საქართველოს ხელისულფებაში აზერბაიჯანში ძალიან ნორმალურად მიიღეს და ჩვენ სათანადო ურთიერთობას დავამყარებთ საქართველოს ახალ მთავრობასთან".

გაცილებით უფრო ემოციური იყო აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების გამოხმაურება. "სახალხო ფრონტის" რეფორმისტული ფრაქციის ლიდერმა ალი კერიმლიმ მიხეილ სააკაშვილის წარმატებას "დემოკრატიის გამარჯვება" უწოდა, ხოლო დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ ნურადდინ მამედლის არ დაუმალავს, რომ სჯერა: საქართველოში მიმდინარე პროცესები ხელს შეუწყობს დემოკრატიზაციას მთელს სამხრეთ კავკასიაში.

მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებას მიესალმნენ ოპოზიციური ძალები სომხეთშიც, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვაზგენ მანუქიანი: [მანუქიანის ხმა] "ვულოცავ სააკაშვილსა და მთელს ქართველ ხალხს, რომ ბოლოსდაბლოს ჰყავთ ლეგიტიმური პრეზიდენტი და ხელისუფლება, რომელსაც უმრავლესობა ემხრობა".

აშკარად დადებითი იყო სომხეთის მთავრობის რეაქციაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივან ჰამლეტ გასპარიანის თქმით, "სომხეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არჩევნებს საქართველოში, რადგანაც მათ შეუძლია, ხელი შეუწყოს სტაბილურობას". საქართველოსათვის კი სტაბილურობას უწინარეს ყოვლისა სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარება ნიშნავს. აი, რას ფიქრობს ამის თაობაზე სომხეთის კოალიციურ მთავრობაში შემავალი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი წამყვანი წევრი, გალუსტ სააკიანი: [სააკიანის ხმა] "საქართველოს ახალ ხელისუფლებას გარკვეული პრობლემები ექნება ტერიტორიული მთლიანობის მხრივ. ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, გაართმევს თუ არა თავს ამ პრობლემას. მაგრამ ჩვენ ვემხრობით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას".
XS
SM
MD
LG