Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალი პირველი ლედი


ორიოდე კვირაც და საქართველოს სახელმწიფოს

ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში ახალი პრეზიდენტი. მისი ვინაობა ცნობილია და შესაბამისად, ვიცით ისიც, ვინ ხდება საქართველოს ახალი პირველი ლედი: ეს არის ნიდერლანდელი სანდრა რულოფსი, რომლისადმი ქართველების დამოკიდებულება ისევე არ იწვევს ეჭვს, როგორც არჩევნებში მისი მეუღლის, მიხეილ სააკაშვილის გამარჯვება. "მიხეილ სააკაშვილმა კვირას, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ ქართველების გული მის მწვანეთვალება ნიდერლანდელ მეუღლეს, სანდრას აქვს დაპყრობილი უნაკლო ქართულით, მოკრძალებული ქცევითა და მომხიბვლელი გარეგნობითო", წერს ბრიტანეთის გაზეთი "ტაიმსი" 6 იანვრის ნომერში. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რას ფიქრობენ საქართველოში ახალი პირველი ლედის შესახებ.

მაგრამ ვიდრე სანდრა რულოფსისადმი დამოკიდებულებაზე ვისაუბრებდეთ, თავად სანდრა რულოფსის შესახებ: ის დასავლეთ ნიდერლანდში, ზელანდის პროვინციაში დაიბადა, 35 წლისაა და ინვესტორთა კონსულტანტად მუშაობს. ფლობს რამდენიმე ენას, რომელთა ცოდნა კიდევ ერთხელ დაადასტურა კვირას, როცა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მეუღლეს გვერდით დაუდგა, მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს და ჟურნალისტების შეკითხვებს ინგლისურად, ფრანგულად, რუსულად და ქართულად უპასუხა: [სანდრა რულოფსის ხმა - იხ. აუდიოვერსია]

ქართულად დღეს ასე ლაპარაკობს ქალი, რომელმაც მეუღლის მშობლიური ენის შესწავლა დაახლოებით 8 წლის წინ დაიწყო. მოუსმინეთ მის პირველ მასწავლებელს, ფილოლოგ რუსუდან ამირეჯიბს. მან სანდრა რულოფსი სამი თვე ამეცადინა: [რუსუდან ამირეჯიბის ხმა - იხ. აუდიოვერსია]

სანდრა რულოფსის ქართულით (და არა მარტო ქართულით) აღტაცებას ვერც პროფესორი თამაზ კვაჭანტირაძე მალავს: [თამაზ კვაჭანტირაძის ხმა - იხ. აუდიოვერსია]

მეგრულის ცოდნა, ალბათ, მართლაც განსაკუთრებით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს - უწინარეს ყოვლისა ადამიანებზე, მაგალითად ჩემზე, ვინც ქართველია და მეგრული ერთი-ორი სიტყვა თუ იცის... და მაინც, შეიძლება კაცს ხინჯად დარჩეს, რომ საქართველოს პირველი ლედი ქართველი არ არის? [თამაზ კვაჭანტირაძის ხმა - იხ. აუდიოვერსია]

"ჰოლანდიელი და იმავდროულად ქართველი ქალბატონიო", ამბობს თამაზ კვაჭანტირაძე და საინტერესოა, რომ ასევე აღიქვამენ სანდრა რულოფსს ჰოლანდიაშიც: [ჰანს ვან ზონის ხმა] "ის არა მარტო ნიდერლანდელი, ქართველიც არისო", გვითხრა ამ ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი გაზეთის "ალგემეენ დაგბლადის" ჟურნალისტმა ჰანს ვან ზონმა: [ჰანს ვან ზონის ხმა] "ყველა მთავარი გაზეთი დიდ ყურადღებას უთმობს სანდრა რულოფსთან დაკავშირებულ ცნობებს - განსაკუთრებით რეგიონული გაზეთი ზელანდში, "PZC" (ზელანდი არის პროვინცია, სადაც სანდრა რულოფსი დაიბადა). თუმცა, სტატიებს აქვეყნებს ყველა მთავარი გაზეთი. ზოგ მათგანს ჰყავს კორესპონდენტი მოსკოვში, საიდანაც რეპორტაჟების მოსამზადებლად საქართველოში აგზავნის. მოსკოვში კორესპონდენტი ჰყავს ჩვენს გაზეთსაც - ის ახლა საქართველოში იმყოფება, უკვე მეორედ ორი თვის მანძილზე. ჯერ ჩავიდა "ვარდების რევოლუციის" გამო, ახლა კი გასული კვირიდან იქ იმყოფება არჩევნებთან დაკავშირებით - ედუარდ შევარდნაძესთან, სანდრა რულოფსთან, თქვენს ახალ პრეზიდენტთან ინტერვიუების ასაღებად. ასე, რომ საქართველო ჩვენი მხრივ დიდ ყურადღებას იპყრობს - განსკუთრებულ ყურადღებას სანდრა რულოფსის გამო: ის ხომ ერთადერთი ჰოლანდიელი პირველი ლედია უცხოეთში! და ჩვენ მისით ვამაყობთ! ვიცით, რომ ის საქართველოში ძალიან უყვართ. ეს იმიტომ, თვით სანდრა რულოფსს უყვარს საქართველო: ადამიანები ამ სიყვარულს უბრუნებენ".

ჰოლანდელი ჟურნალისტი არ ცდება - თბილისელების პასუხებში შეკითხვაზე, როგორ აფასებენ პირველ ლედის, მართლაც დიდი სითბო გამოსჭვივის: [თბილისელების ხმები] იხ. აუდიოვერსია
XS
SM
MD
LG