Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია "კიუბიკი" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესტრუქტურიზების პროექტს ამუშავებს


საქართველოში გასული წლის ბოლოს მუშაობა დაიწყო გადამდგარი ამერიკელი მაღალჩინოსანი ოფიცრებისაგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელიც, საქართველოსთვის სამხედრო დახმარების ფარგლებში,

პენტაგონმა დაიქირავა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შემდეგ, საქართველო პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა გახდა, სადაც სამხედრო უწყების რესტრუქტურიზების პროცესს კერძო კომპანია "კიუბიკი" უხელმძღვანელებს. გადამდგარმა ამერიკელმა ოფიცრებმა შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფში პირველი შეფასებითი სამუშაოები უკვე ჩაატარეს. საქართველოს მხარე "კიუბიკის" კონსულტაციებზე დიდ იმედებს ამყარებს.


საეთაშორისო განათლების, ვერტმფრენთა და "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში კიდევ ერთი ახალი სამხედრო პროგრამის განხორციელება დაიწყო. გადამდგარი ამერიკელი მაღალჩინოსანი ოფიცრებისაგან შემდგარი დელეგაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "კიუბიკშია" გაერთიანებული, გასული წლის შემოდგომიდან საქართველოს სამხედრო უწყების სტრუქტურული გარდაქმნის გეგმაზე მუშაობს. დახლოებით 30 კაციან დელეგაციაში, რომლის მივლინებისა და შრომის ანაზღაურების ხარჯებს მთლიანად პენტაგონი ფარავს, შედის სხვადასხვა სპეციალობის ექსპერტი. თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის გიორგი მანჯგალაძის თქმით, "კიუბიკის" ჯგუფის გამოგზავნა საქართველოში, საქართველოს მხარის თხოვნის საფუძველზე, შარშან გადაწყდა და იგი "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ერთგვარ გაგრძელდებადაც შეიძლება მივიჩნიოთ.

[გიორგი მანჯგალაძის ხმა]"არსებითად, ეს არის ორი სხვადასხვა პროგრამა, მაგრამ შედის ერთსა და იმავე სფეროში და ერთსა და იმავე საქმეს ემსახურება. ანუ ეს ორი სხვადასხვა ნაწილია იმ დიდი სფეროსი, რასაც ეწოდება თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები."

მაგრამ, სინამდვილეში, შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ჩანაფიქრი უფრო ღრმაა. შეუძლებელია "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით მომზადებულმა კარგად გაწვრთნილმა, აღჭურვილმა და მოტივირებულმა ქვედანაყოფებმა შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა, თუკი სამხედრო უწყების მმართველობისა და უზრუნველყოფის უმაღლესი რგოლები არარეფორმირებული დარჩა. "კიუბიკის" ჩამოსვლის მთავარი მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უკარნახოს საქართველოს ხელისუფლებას, თუ რა სახის სამხედრო სტრუქტურები უნდა მართავდნენ მცირე რაოდენობის საბრძოლო ქვედანაყოფებს; როგორი უნდა იყოს საკადრო შემადგენლობა და მათი ფუნქციონალური დატვირთვა. საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის განყოფილების უფროსის ნატო ჯავახიშვილის თქმით, ამ შრომატევად საქმიანობას ჯერჯერობით რამდენიმე ამერიკელი სამხედრო კონსულტანტი აწარმოებს, რომლებიც საქართველოში საკმაოდ ხანგრძლივი დროით აპირებენ დარჩენას.

[ნატო ჯავახიშვილის ხმა] "მათი რაოდენობა ცვალებადია და საჭიროების დამიხედვით ცვლიან. მაგრამ, ალბათ, თუ დაიდება კონტრაქტი, ხუთის წელი დარჩებიან."

კერძო კომპანია "კიუბიკის" ჯგუფის წევრები, რომლებიც პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრას ჯერჯერობით თავს არიდებენ, განსაკუთრებით საქართველოში სამხედრო განათლების საკითხებით დაინტერესდნენ და გასული წლის ბოლოს ვითარების გასაცნობად ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ. აკადემიის უფროსი, ბრიგადის გენერალი გიორგი გოგაშვილი ამბობს, რომ ამ ჯგუფმა, რომელიც პარალელურად რუმინეთის თავდაცვითი უწყების რეფორმების გეგმაზე მუშაობს, უკვე შეიმუშავა კონკრეტული წინადადებები ქართველი კოლეგებისთვისაც.

[გიორგი გოგაშვილის ხმა] "იგივე ჯგუფი ძალზედ წარმატებულად მუშაობდა რუმინეთში და აგრძელებს კიდევ მუშაობას. და აი, საქართველოში დაიწყო უკვე კონკრეტული მუშაობა. მუშაობა მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებული ძალების თითოეული დეპარტამენტისა და სამმართველოს დონეზე. აკადემიაშიც ბრძანდებოდნენ და ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი სამხედრო განათლებაზე."

"კიუბიკის" ჯგუფის წევრების გარდა, საქართველოში ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის რეფორმირების საკითხზე გადამდგარი სამხედრო მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკოსების კიდევ ერთი, ე.წ. "აისაბის", ჯგუფი მუშაობს. უცხოელი - ძირითადად, ამერიკელი და ნატოელი - კონსულტანტები წარმოდგენილნი არიან ჯარის ცალკეულ სახეობებში; მათ ემატებათ "წვრთნისა და აღჭურვის" პროცესში ჩაბმული 40 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი, რაც, მთლიანობაში, საქართველოში შეერთებული შტატების სერიოზულ სამხედრო ინტერესებზე მიანიშნებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG