Accessibility links

logo-print

გასულ წელს ლარმა სტაბილურობა შეინარჩუნა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული 2003 წლის ქართული ეკონომიკის ლამის ერთადერთ მიღწევად ექსპერტები მონეტარულ სფეროს მიიჩნევენ, რომელიც ბოლო 9 წლის განმავლობაში, ეკონომიკის სხვა სფეროებისაგან განსხვავებით,

შესაშური სტაბილურობით გამოირჩევა. ეროვნული ვალუტის კურსი გასული წლის განმავლობაში პროგნოზირებად ჩარჩოებში იყო მოქცეული და ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვიც, საგარეო ვალების მომსახურების მიუხედავად, 200 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში იქნა შენარჩუნებული.

გასული წელი, საგადასახადო სფეროსაგან განსხვავებით, ქვეყნის ფულად-საკრედიტო სისტემისათვის სტაბილური და წარმატებული იყო. წლის განმავლობაში, საბიუჯეტო კრიზისის, პოლიტიკური არასტაბილურობის და საერთაშორისო ფაქტორების გავლენის მიუხედავად, ლარმა სტაბილურობა შეინარჩუნა და მისი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში, საშუალოდ, 2.15-2.17-ის დიაპაზონში მერყეობდა.

სტაბილური მონეტარული ფონი არ დაურღვევია არც ფისკალურ პრობლემებს, არც ერაყის კრიზისს და ნოემბრის პოლიტიკურად მღელვარე დღეებშიც, მცირედი დაცემის მიუხედავად, ეროვნული ვალუტის კურსი პროგნოზირებად სიმყარეს ინარჩუნებდა. წინასაახალწლო დღეებში კი ეროვნული ვალუტა, ტრადიციული "სეზონური ფაქტორების" გავლენით, მნიშვნელოვნად გამყარდა კიდეც.

საერთოდ, მიაჩნიათ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ფულად-საკრედიტო სისტემა ერთადერთი სფეროა, რომლის გამოც საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ შექმნია და მონეტარული პარამეტრები ყოველთვის მათთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში ვითარდებოდა.

გასული წლის განმავლობაში, საგარეო ვალების მომსახურების მიუხედავად, მოხერხდა საერთაშორისო სავალუტო რეზერვის არათუ არსებულ დონეზე შენარჩუნება, არამედ მისი ზრდაც.

დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები, 2002 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 233 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა და 198 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოში მოქმედი მცურავი კურსის სავალუტო რეჟიმის პირობებში, როცა 1998 წლის ბოლოდან ამერიკული დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი საბაზრო მოთხოვნა-მიწოდებით განისაზღვრება და ეროვნული ბანკის ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე მხოლოდ უცხოური ვალუტის შესყიდვით შემოიფარგლება (მოთხოვნასთან შედარებით მიწოდების მეტობის შემთხვევაში), სავალუტო რეზერვების ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება ქვეყნის საგარეო ვალების შეუფერხებელი მომსახურებაა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საგულისხმოა, რომ, გასული წლის 1 იანვრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით, ეროვნულმა ბანკმა თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე 42 685 000 აშშ დოლარი შეიძინა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესავსებად მიიმართა.
XS
SM
MD
LG