Accessibility links

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე მის სხვა თანამდებობაზე გადაყვანას არ გამორიცხავს


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, როგორც ჩანს, მცირე ხნით კვლავ ვაკანტური გახდება. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე არ გამორიცხავს

სხვა თანამდებობაზე მისი გადაყვანის შესაძლებლობას. ეს მან საჯაროდ დააფიქსირა 8 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომლის მოწვევის ძირითადი მიზანი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების ამოღების ფაქტი გახდა. 350 კილოგრამი ყაყაჩოს თესლის მფლობელსა და გამსაღებელს, თბილისელ გიორგი სოსიაშვილს, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, 20 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ტომრებით წარმოდგენილი ყაყაჩოს თესლის განადგურების ჩვენება პრესკონფერენციის ნაწილს არ შეადგენდა. ამის მიუხედავად, მაინც შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი ბარამიძის საქმიანობის ძირითად და მეტ-ნაკლებად წარმატებულ სფეროდ ნარკომანიასა და ნარკობიზნესთან ბრძოლა რჩება. მართალია, ბოლო დროს იგი სამინისტროს სტრუქტურის რეფორმირების თემაზეც ალაპარაკდა, მაგრამ, სავარაუდოდ, უახლოეს ხანში ეს უშუალოდ მისი კომპეტენცია აღარ იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გიორგი ბარამიძეს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას დაავალებს. ინფორმაციას არც თავად მინისტრი უარყოფს.

[გიორგი ბარამიძის ხმა] "რა ვიცი ახლა, შეიძლება ზედმეტად პათეტიკურად მოგეჩვენოთ ჩემი ნათქვამი ახლა, მაგრამ მე მართლა ჩემი ქვეყნის ჯარისკაცად აღვიქვამ თავს. სადაც ვიქნები საჭირო, მზად ვარ იქ გავაგრძელო საქმიანობა, ასე ვთქვათ. მე შინაგან საქმეთა მინისტრად არ დავბადებულვარ და არც მოვკვდები. მაგრამ, მე მგონი, ეს აჟიოტაჟი ზედმეტია. ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ თანამდებობაზე იქნება. მთავარია, რა საქმე გაკეთდება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რა საქმე გაკეთდება თავდაცვის სამინისტროში და, მოდით, ყურადღება, ძირითადად, ამაზე გავამახვილოთ."

შინაგან საქმეთა სამინისტროში 9 იანვარს მინისტრი სამინისტროს რეფორმათა ჯგუფთან შეხვედრას გეგმავს. როგორც თავად გიორგი ბარამიძემ ბრძანა, უახლოეს ხანში უნდა დაიძლიოს საბჭოთა საქართველოს ტრადიცია, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ და მხოლოდ პოლიციის სამინისტროს წარმოადგენდა.

[გიორგი ბარამიძის ხმა]"შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენელი ერთი ნაწილი იქნება პოლიციის დეპარტამენტი. არც მეტი, არც ნაკლები. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის პოლიციის სამინისტრო და არ უნდა იყოს პოლიციის სამინისტრო. ამიტომ აქ სწორედაც ხელმძღვანელობაში უნდა იყვნენ აუცილებლად სამოქალაქო პირები. მომავალში მხოლოდ პოლიციასთან უშუალო შეხების მქონე ადამიანებს ექნებათ ჩინი და პოლიციის სამხრეები. დანარჩენი ყველა იქნება სამოქალაქო პირი. ეს არის ის მოთხოვნა, რომელიც რეალიზებულია უკვე დასავლეთის ცივილიზებული სამყაროს ყველა სახელმწიფოში."

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე სამოქალაქო პირების დანიშვნის მიზანშეწონილობას მინისტრმა, გარკვეულწილად, ნაციონალური მოძრაობის წევრ პეტრე ცისკარიშვილის დასაცავად გაუსვა ხაზი. მინისტრის მოადგილედ მის დანიშვნას მოქმედმა პრეზიდენტმა, როგორც ცნობილია, დღემდე არ მოაწერა ხელი. პეტრე ცისკარიშვილის კანდიდატურას, სავარაუდოდ, 25 იანვრის შემდეგ დაბრკოლება აღარ შეექმნება. თუმცა ამ დროისათვის, ალბათ, სამინისტროს პირველი პირი გიორგი ბარამიძე არ იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, მომავალ მინისტრად შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულს ირაკლი ოქრუაშვილს დაამტკიცებენ.
XS
SM
MD
LG