Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაცია ერაყელ ტყვეთა ნაწილს ათავისუფლებს


ანდრო ეული, პრაღა ხუთშაბათს, 8 იანვარს, ამერიკა-ბრიტანეთის დროებითმა ადმინისტრაციამ ერაყში პატიმართა პირველი, ასკაციანი ჯგუფი გაათავისუფლა.

როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა განცხადა, ახლო მომავალში კიდევ ბევრ პატიმარს მიეცემა შესაძლებლობა, საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს.

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პატიმრებით სავსე ორმა საბარგო ავტომანქანამ ხუთშაბათს დატოვა ბაღდადის აბუ გრაიბის ციხე.

ერაყის დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა ამნისტიის შესახებ ოთხშაბათს გამოაცხადა [პოლ ბრემერის ხმა]: "ჩვენ სტიმულს ვაძლევთ იმ ერაყელებს, ვისაც შერიგება სურს თავის თანამემამულეებთან და დღეს ვაცხადებთ, რომ კოალიცია ასობით დაპატიმრებულ ერაყელს მისცემს უფლებას, თავიანთ სახლებსა და ოჯახებს დაუბრუნდნენ. ხვალ კოალიცია პირველ 100 პატიმარს გაათავისუფლებს."

ექსპერტთა ვარაუდით, კოალიციის ძალებს ერაყში ამჟამად 10 000-ზე მეტი პატიმარი ჰყავთ დაკავებული. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 500-მდე პატიმარს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ და რომ ისინი საგანგებო კომისიამ შეარჩია 1200-მდე პატიმრის პირად საქმეთა განხილვის შედეგად.

პოლ ბრემერმა თქვა, რომ პატიმრების გათავისუფლება ორი პირობის შესრულებაზე იქნება დამოკიდებული: პატიმარს ხელები სისხლში არ უნდა ჰქონდეს გასვრილი, არ უნდა ედებოდეს ბრალი ადამიანთა წამებაში ან კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში. გარდა ამისა, პატიმარმა უნდა დაგმოს ძალადობა და თან უნდა დაასახელოს რომელიმე თვალსაჩინო პირი, ვინც მას მეურვეობას გაუწევს; მაგალითად, სასულიერო პირი ან რომელიმე თემის წარმომადგენელი, რომლებიც პასუხს აგებენ გათავისუფლებული პატიმრის საქციელზე.

რიგითი ერაყელების, განსაკუთრებით პატიმრობაში დარჩენილთა ნათესავების რეაქცია ამნისტიაზე, ერთობ თავშეკავებული იყო. ბაღდადის მკვიდრმა დიფაფ აბედმა, 30-ოდე წლის ქალმა, ჩვენი რადიოს კორესპონდენტს უთხრა, რომ მამამისი, ჰიქმეთ აბედი, და ორი ძმა, კოალიციის ციხეებში რჩებიან.

სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს დიფაფის მამა დიპლომატად მუშაობდა. იგი ლიბანსა და ირანში მსახურობდა და ბაათის პარტიის წევრი იყო. დიფაფის თქმით, მან არც ის იცის, რატომ დააკავეს მამამისი და არც ის, სად ჰყავთ იგი დაპატიმრებული. დიფაფ აბედის დანაშაულად არ მიაჩნია, რომ მამამისი ერაყის დიპლომატიურ უწყებაში მსახურობდა და მმართველი პარტიის წევრი იყო [დიფაფ აბედის ხმა]: "მე ვარ რიგითი მოქალაქე და მართლაც გაბრაზებული ვარ ამერიკელებზე, რადგან მათ უდანაშაულო ადამიანები დააკავეს. ვიცი, რომ ჩემი ორი ძმა და მამაჩემი, უდანაშაულონი არიან. ეს ჩემს განრისხებას იწვევს და ამერიკელ ჯარისკაცს, რომელიც აქ ახლომახლო შემხვდა, ვუთხარი, მძულხართ, ვინაიდან ყველაფერს უკუღმა აკეთებთ-მეთქი."

დიფაფ აბედმა ჩვენს კორესპონდენტს ისიც უთხრა, რომ ამნისტიის გამოცხადებამ მას იმედი აღუძრა, რომ მისი ძმები, შესაძლოა, ახლო მომავალში გაათავისუფლონ.

იაჰია საიდი ბრიტანელი მკვლევარია გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყნების საკითხებში. მისი თქმით, ერაყში გამოცხადებული ამნისტია რამდენადმე განმუხტავს ქვეყანაში დაძაბულობას. ექსპერტი დასძენს, რომ ეს ჟესტი კოალიციის მხრიდან მოულოდნელი არ ყოფილა. "ამგვარი ნაბიჯი სადამ ჰუსეინის შეპყრობისთანავე იყო მოსალოდნელიო" - ამბობს იაჰია საიდი. მისივე თქმით, კოალიციას უფრო რადიკალური ზომების მიღება ჰმართებს იმისთვის, რათა ერაყელებში შეიცვალოს ამერიკელებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება.
XS
SM
MD
LG