Accessibility links

თბილისის რეაქცია რეპრესიებზე აჭარაში


დავით პაიჭაძე, თბილისი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის განახლებასა და მოქალაქეთა დაპატიმრებას ეხმაურებიან საქართველოს დედაქალაქშიც. აჭარაში ადამიანის უფლებათა

დარღვევას კრიტიკული რეაქცია პირველად საქართველოს ოფიციალურმა პირებმა შეაგებეს. მკვეთრად უარყოფითი პოზიცია გამოხატეს მოძრაობა "სამოქალაქო დარბაზის" წევრებმა. რას მოიმოქმედებენ როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლები?

პირდაპირ შეიძლება ითქვას: ყველაზე ქმედითი ზომა აჭარაში დაპატიმრებული ადამიანების უფლებათა დასაცავად, ალბათ, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ბათუმიდან თბილისში მათი საქმეების გამოთხოვა იქნება. ეს უკვე მოითხოვა გენერალურმა პროკურატურამ და მოსალოდნელია, საქმეების მიღებისა და შესწავლის შემდეგ, ისინი შეწყდეს. ორიოდე დღის წინ აჭარაში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკულად გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი, 8 იანვარს კი შეშფოთება გამოხატა შინაგან საქმეთა მინისტრმა გია ბარამიძემ. რაც შეეხება მისდამი რწმუნებული უწყების ჩარევას აჭარაში საგანგებო მდგომარეობის ფონზე მიმდინარე მოვლენებში, გია ბარამიძე აცხადებს:

[ბარამიძის ხმა] "რამდენადაც შევძლებთ, იმდენად ჩავერევით. ეს არის ფაქიზი საკითხი, რომელიც მხოლოდ ზემდგომსა და ქვემდგომს შორის ურთიერთობის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ეს საკითხი დაკავშირებულია ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ურთიერთობასთან, ქვეყნის სტაბილურობასთან, საერთოდ, რეგიონის პრობლემასთან. ის ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს. ამ შემთხვევაში მოწინავე როლი ჩვენს სამინისტროს არ უნდა ეკუთვნოდეს."

საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებენ მოძრაობა "სამოქალაქო დარბაზის" წევრები. მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვანო კიღურაძე მიიჩნევს, რომ ცენტრალური ხელისუფლება უნდა ქმნიდეს აჭარაში მცხოვრებ მოქალაქეთა თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების გარანტიებს.

[კიღურაძის ხმა] "აჭარის მოსახლეობა არის მსხვერპლი იქ გამეფებული აბაშიძის რეჟიმისა. ასლან აბაშიძე ცდილობს, აჭარის საზოგადოება დააბრუნოს ისეთ ვითარებაში, როგორიც საქართველოსა და მთლიანად საბჭოთა კავშირში სტალინის დროს იყო. ეს საშინელებაა."

"სამოქალაქო დარბაზში" მწიფდება აზრი, რომ აჭარის საზოგადოებრიობის მხარდასაჭერად უფრო ეფექტიანი ზომა შეიძლება აღმოჩნდეს ამ მოძრაობის წევრთა ჩასვლა აჭარაში. მით უმეტეს, აჭარის მკვიდრნი ნამდვილად მოელიან ასეთ მხრდაჭერას დანარჩენი საქართველოდან.

[კიღურაძის ხმა] "მე პირადად მზად ვარ წავიდე იქ, მივმართო საზოგადოებას და ველაპარაკო ჩემს ყოფილ სტუდენტებს, კოლეგებს... ამ ხალხს, მდუმარე უმრავლესობას, თანაგრძნობა სჭირდება."

ვანო კიღურაძის დარად, აჭარის ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებს რეპრესიებს უწოდებს პოეტი დათო მაღრაძეც და მიიჩნევს, რომ ქართული საზოგადოების ცნობილ წარმომადგენელთა დიდი ჯგუფის აჭარაში ჩასვლას წინასწარ სათანადო მომზადება სჭირდება.

[მაღრაძის ხმა] "როცა სამოქალაქო საზოგადოებაზე დაფუძნებულ ქართულ სახელმწიფოს ვაშენებთ, დაუშვებელია, რომელიმე ერთ კუთხეში სულ სხვა, ფასეულობათა გარეშე დარჩენილი, საქართველო იყოს. ქართულმა სახელმწიფომ მთელ კაცობრიობას განუცხადა, რომ აშენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს და არ დაუშვებს, მის რომელიმე ერთ რეგიონში ირღვეოდეს სიტყვის თავისუფლება, განსხვავებული აზრი იდევნებოდეს, ადამიანის უფლებები არ იყოს დაცული და ამდენი ხალხი მუქარის ქვეშ იყოს. ამას არ დაუშვებს არც ცენტრალური ხელისუფლება და არც ქართული საზოგადოება."
XS
SM
MD
LG