Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შედეგებით დამთავრდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კონსულტაციები მოსკოვში


7 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე რუსეთის დედაქალაქს საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სავიზო რეჟიმის საკითხებზე არაოფიციალური კონსულტაციების ჩასატარებლად ესტუმრა.

ოფიციალური თბილისი თედო ჯაფარიძის არაოფიციალურ აქტიურობას იმ იმედებით ხსნის, რომელიც საქართველოს ახალ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობამ აღუძრა. თუმცა თბილისში ყველა ასე როდი ფიქრობს. რამდენიმე დამოუკიდებელმა ექსპერტმა ჩემთან საუბრისას საწინააღმდეგო მოსაზრება გამოთქვა.

ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა რუსეთის მიმართულებით. ყველაფერში მოსკოვის დადანაშაულებას შეჩვეული ქართველებისთვის რევოლუციურადაც კი ჟღერდა ის, რაც საქართველოს ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თედო ჯაფარიძემ რუსეთის ბაზების საქართველოში ყოფნის ვადებთან დაკავშირებით გამოაცხადა. მისი კომენტარი ჩვენს რადიომსმენელს 7 იანვრის გადაცემაში შევთავაზეთ, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჯაფარიძემ კომპრომისებისთვის საქართველოს მხარის მზადყოფნაზე ილაპარაკა.

აქამდე ოფიციალური თბილისი საქართველოში განლაგებული რუსეთის 2, ბათუმისა და ახალქალაქის, სამხედრო ბაზის დემონტაჟის ოპტიმალურ ვადად 3 წელს ასახელებდა, რუსეთი კი 11 წელს მოითხოვდა.

[კახა სიხარულიძის ხმა] "ჩვენ ვლაპარაკობთ 3 წელზე, ისინი ლაპარაკობენ 11 წელზე და ამასობაში გადის 1, 2, 3 და 4 წელი... ასე რომ, არის დრო და მომენტი იმისათვის, რომ გადაიდგას ნაბიჯები. ყველაფერი უნდა გაკეთდეს რეალური ნაბიჯებისათვის. ჩვენ რაღაც დაუშვებელ ფორმებს კი არ ვეძებთ, კომპრომისის თვალსაზრისით. კომპრომისი ნიშნავს საკითხის გადაწყვეტას - ამ შემთხვევაში, რეალურ გადაწყვეტას. თორემ ასე შეიძლება წლები გავიდეს და ჩვენ ვიძახოთ ჩვენი და რუსებმა - თავისი."

აი, ასე ახსნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძემ საქართველოს მხარის ახლებური მიდგომა რუსეთის ბაზების დემონტაჟის ვადებთან დაკავშირებით. სწორედ ამ ახლებური მიდგომების რუსი სახელმწიფო მოხელეებისთვის გასაცნობად ესტუმრა მოსკოვს თედო ჯაფარიძე. თუმცა რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ არ აპირებს მოსკოვში კერძო ვიზიტით მყოფ ჯაფარიძესთან შეხვედრას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თედო ჯაფარიძის განცხადებით, ის, მართლაც, კერძო ვიზიტით იმყოფება მოსკოვში და რუსეთის საგარეო უწყებისთვის ოფიციალური მიღება არც მოუთხოვია.

რუს დიპლომატებზე მეტი სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა და თედო ჯაფარიძესთან შესახვედრად გენერალური შტაბის მეთაურის პირველი მოადგილე იური ბალუევსკი მიავლინა.

მხარეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს, თუმცა ბაზების დემონტაჟის ვადებთან დაკავშირებით რაიმე ხელჩასაჭიდი შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. მოლაპარაკების შემდეგ ბალუევსკიმ სააგენტო იტარ-ტასს განუცხადა, საქართველოდან ბაზების გატანისთვის შემოთავაზებული 3 წელი არარეალურიაო.

[დავით დარჩიაშვილის ხმა] "მე არ ვიცი, რა ხდება კულუარებში, მაგრამ ძალიან ძნელად წარმომიდგენია ისეთი რაღაცა პირობა ან სიტუაცია, რომ რაღაცა კომპრომისზე წასვლა ღირდეს. ჩვენ როდესაც 3 წლიან ვადაზე დავიწყეთ ლაპარაკი, ამის შემდეგ 3 წელი უკვე გავიდა. ეხლა, როდესაც ისევ 3 წელზე ვლაპარაკობთ, ეს უკვე არის კომპრომისი და ამაზე მეტი რა კომპრომისი აქვთ წარმოდგენილი, მე მიჭირს რაღაცნაირად ამის ლოგიკურობის დანახვა." (სტილი დაცულია)

დარჩიაშვილმა ისიც დასძინა: რუსი ჩინოვნიკების ბუნებიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტი იქნება საქართველოს მხარის კომპრომისი, მოსკოვში მით უფრო მეტ სიჯიუტეს გამოიჩენენო.

ამაზე მეტყველებს ბალუევსკისა განცხადებაც. მან, კერძოდ, ჯაფარიძესთან შეხვედრის შემდეგ თქვა: ბაზების დემონტაჟის მინიმალური ვადა 11 წელია და ის მხოლოდ მაშინ შემცირდება, თუ საქართველო სპონსორებს იპოვისო.

რუსეთის სამხედრო უწყების წარმომადგენლის ამ, თითქოსდა, სოციალური ხასიათის განცხადებაში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე პოლიტოლოგი ვლადიმირ რომანენკო. მისი აზრით, რუსეთისთვის არახელსაყრელია საქართველოდან ბაზების ნაჩქარევად გაყვანა ნატოსთან თბილისის დაახლოების პირობებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თედო ჯაფარიძემ ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო უწყების წარმომადგენელთან შეხვედრა მხარეთა შორის არსებული პრობლემების დასაძლევად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

[თედო ჯაფარიძის ხმა]
XS
SM
MD
LG