Accessibility links

logo-print

ლეიბორისტული პარტია პრეზიდენტის რეზიდენციის გადატანას აპროტესტებს


ცნობამ იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციის გადატანას აპირებს, საზოგადოების ერთი ნაწილის მსგავსად, გულგრილი ვერც ლეიბორისტული პარტიის ლიდერი დატოვა.

შალვა ნათელაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ის თანხა, რაც ავლაბარში მდებარე ორსაუკუნოვანი შენობის რეზიდენციად გადაკეთებას სჭირდება, მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესებას უნდა მოახმაროს. რეზიდენციის გადატანის შესაძლებლობას არაერთგვაროვნად ხვდებიან თავად ავლაბრელებიც.

შალვა ნათელაშვილმა საკუთარი ნააზრევის გასაზიარებლად ჟურნალისტებს ავლაბარში, თბილისის საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის, ანუ საქართველოს პრეზიდენტის მომავალი რეზიდენციის, წინ უხმო.

[შალვა ნათელაშვილის ხმა] "როდესაც ადამიანებს ქუჩაში სძინავთ, როდესაც მიწისძვრით დაზარალებულ ჩუღურეთის რაიონს, გლდანის, ნაძალადევის რაიონს თავზე აწვიმს და ბავშვებისთვის ცელოფანის პარკი ვერ უყიდიათ, რომ საწოლზე გადააფარონ, მიხეილ სააკაშვილი აპირებს, აი, ამ შენობაში მილიონების დახარჯვას, რათა გადააქციოს საკუთარ სავანედ, საკუთარ ედემად და იგრიალოს ჩვენი წინაპრების ძვლებზე."

ლეიბორისტთა ლიდერი - უფრო ამომრჩევლების მისამხრობად, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის გასაგონად - ასევე აცხადებს:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] "მე ვთხოვ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, გადაიფიქროს ეს უპასუხისმგებლო, სულელური იდეა. ის თანხა, რომელიც უნდა დახარჯოს, აი, ამ შენობის რესტავრაციაზე, მოახმაროს პენსიონერს, ავადმყოფს, მოხუცებულს, უსახლკაროს, უბინაოს, მიწისძვრით დაზარალებულს."

ნათელაშვილის მოწოდებას ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი. გიორგი არველაძის სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ საკითხი, თუ სად განთავსდება პრეზიდენტის რეზიდენცია, გადაწყვეტილია.

[გიორგი არველაძის ხმა] "საქართველოს პრეზიდენტი იმუშავებს იმ კაბინეტში, სადაც დღეს მუშაობს თბილისის საგზაო პოლიციის უფროსი და მინდა დამერწმუნოთ, რომ ეს კაბინეტი გაცილებით მოკრძალებულია, ვიდრე ის, რომელშიც პრეზიდენტი შევარდნაძე მუშაობდა. პრეზიდენტ შევარდნაძეს თუ ემსახურებოდა 12-სართულიან შენობაში განთავსებული მთელი აპარატი, მიხეილ სააკაშვილს უნდა ამის სამჯერ შემცირება."

არველაძე ირწმუნება, რომ ახალი რეზიდენციის მოწყობაზე საბიუჯეტო სახსრები არ დაიხარჯება. სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის აღსადგენად ხელისუფლებას, მეგობარი ქვეყნების დახმარების გარდა, სამთავრობო აგარაკების გაყიდვის იმედიც აქვს. არველაძე ახალი ხელისუფლების ახლებურ მიდგომაზეც საუბრობს:

[გიორგი არველაძის ხმა] "12-სართულიანი ცეკას შენობა არ არის ის შენობა, საიდანაც მიხეილ სააკაშვილი გააგრძელებს მოღვაწეობას. მიხეილ სააკაშვილი იმუშავებს თბილისის საგზაო ინსპექციის შენობაში. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია საპატრიარქოს პოზიციაც - პრეზიდენტი უნდა მუშაობდეს წმინდა სამების ტაძართან ახლოს."

საინტერესოა, რას ფიქრობენ თავად მიხეილ სააკაშვილის მომავალი მეზობლები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც ავლაბარში, უშუალოდ საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის მახლობლად, ცხოვრობენ.

[ისმის მოქალაქეთა ხმები]

"ვინ გადმოდის აქ? სააკაშვილი? ნამდვილად არა ვარ წინააღმდეგი!"

"რა აქვს ამ შენობას ისეთი, რომ სააკაშვილს დავუკავოთ იგი?"

"ჩვენ აქაურები ვართ და შემთხვევით გავიგეთ... მცხოვრებლები ვართ. ...სად უნდა გაგვგზავნონ - გლდანში, ვაზისუბანში? არ წავალთ!"

"ჭორის დონეზე ამბობენ, უნდა გადასახლდეთო, მაგრამ არავინ მოსულა ოფიციალურად."

"იყოს რა, რას მიშლის. თუ გააკეთებს ჩემ სახლსაც, უფრო კარგი. ...დავჯდები ტაქსში და ვეტყვი: წადი რეზიდენციაში."

ცხადია, სიახლესთან შეგუება სულ მალე, ლეიბორისტების გარდა, ტაქსის მძღოლებსაც მოუწევთ.
XS
SM
MD
LG