Accessibility links

საქართველოს ახალი ხელისუფლება და მისი ოპოზიციური ძალები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინ


რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად,

ახალი ხელისუფლება ამ არჩევნების დანიშვნას შეზღუდულ ვადებში, მარტისთვის, გეგმავს. ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალებისთვის კი ასეთ ვადებში ძნელი იქნება საარჩევნო გაერთიანებებზე შეთანხმება; 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩადებული და დაკარგული ფინანსების გამო, მათ ხელახალი საარჩევნო კამპანიის წარმოებაც გაუჭირდებათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მარტისთვის ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ რევოლუციის მიერ მოტანილი ეიფორიის ტყვეობაში იქნება. ამდენად, არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით სახელისუფლებო ძალა გაიმარჯვებს, რომ "ნაციონალების" და "გაერთიანებული დემოკრატების" ალიანსს მომავალ საკანონმდებლო ორგანაშო ანგარიშგასაწევი ოპოზიცია არ ეყოლება, მით უფრო, მუშაობის საწყის ეტაპზე. რას ელიან სახელისუფლებო ძალაში ოპოზიციური ძალებისგან და როგორ აპირებენ თავად ახალი ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფნი ახალი რეალობისთვის ფეხის აწყობას?


საქართველოს კონსტიტუცია ხელმეორე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესს ვერ გვთავაზობს, არჩევნების დანიშვნის ვადა პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ის კი - მოქმედი პრეზიდენტი - არჩევნების მარტში ჩატარების მომხრეა.

რატომ მარტში და არა, ვთქვათ, აპრილში ან მაისში, როგორც ამას ცალკეული ოპოზიციური ძალები ითხოვენ? ამ კითხვას შემდეგი ახსნა აქვს:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] "25 იანვარს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება, პრეზიდენტი მიმართავს პარლამენტს მთავრობის დასამტკიცებლად, ამა თუ იმ ანტიკორუფციული ინიციატივების გასატანად და ასე შემდეგ. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ არსებობს? ფაქტობრივად, ვერაფერი ვერ კეთდება. ამიტომ საჭიროა პარლამენტი ავირჩიოთ, რაც შეიძლება, მალე, შემჭიდროებულ ვადებში."

ეს იყო "გაერთიანებული დემოკრატების" წარმომადგენლის მიხეილ მაჭავარიანის მოსაზრება. მაჭავარიანი საპარლამენტო არჩევნების მარტში ჩატარებას უჭერს მხარს, ისევე როგორც ახალი სახელისუფლებო ძალის სხვა წარმომადგენლები. მათი პოლიტიკური ოპონენტები ვადამდელი არჩევნების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარების მიზანს საკუთარი არგუმენტებით ხსნიან. აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში რევოლუციის გზით მოსულ ძალებს საკანონმდებლო ორგანოს სწრაფად არჩევა იმიტომ სურთ, რომ ამომრჩეველთა მხარდაჭერის დაკარგვის ეშინიათ. ასეა თუ ისე, ხელისუფლების ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, მარტში ჩატარდება ის თუ აპრილში, სააკაშვილის, ჟვანიასა და ბურჯანაძის უკან მდგარ ძალებს ამომრჩეველი სერიოზულ ნდობას გამოუცხადებს. შეკითხვას, არის თუ არა მოსალოდნელი ერთპარტიულობა მომავალ პარლამენტში, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ირინა სარიშვილ-ჭანტურია უპასუხებს:

[ირინა სარიშვილ-ჭანტურიას ხმა] "ასე იქნება, იმიტომ რომ ნაციონალები და დემოკრატები, ყველაზე გულუბრყვილოსაც ესმის, რომ ორი პარტია არ არის. შიგნით არსებული ერთმანეთთან შეურიგებელი ძალებით, ეს რეალურად ერთი ძალაა. თუ იმასაც გავითვალისწინებით, რომ ისინი გეგმავენ, კაკო ასათიანის ლიდერობით, ოპოზიციის შექმნას, - აკაკი ასათიანიც ამ სამეულის მეოთხე წევრი იყო, - ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი იქნება ერთპარტიული. შესაძლოა, დეკორატიული ყვავილებივით ისტორიას ჩაბარებული რამდენიმე ორგანიზაციის სახელი ამოატივტივონ. "


სარიშვილ-ჭანტურია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას იმ ახალი ძალის სახელით გეგმავს, რომლის პრეზენტაციის დაპირებითაც რევოლუციის შემდეგ გამოდის. ამბობს, რომ მართავს კონსულტაციებს მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების ძალების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, მაგრამ სავარაუდო პოლიტიკურ პარტნიორებს არ ასახელებს.
მემარჯვენე ძალების გაერთიანების მოთხოვნა "ახალ მემარჯვენეებსაც" ამოძრავებთ. გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს ისინიც აწარმოებენ. შესაძლო პოლიტიკური პარტნიორები არც ამ შემთხვევაში სახელდებიან. "ახლებს" სურთ ოპოზიციურ სპექტრში ხელისუფლების აქტიური და, იმავდროულად, კონსტრუქციული ოპოზიციის ნიშა დაიკავონ, თუმცა კონსტრუქციულობისთვის კონსტრუქციულობას ითხოვენ ხელისუფლებისგან.
ფიქრია ჩიხრაძეს ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ვადებთან დაკავშირებით მიმდინარე კონსულტაციებზე ხელისუფლება ოპონენტების წიანადადებებს ისმენს, გარკვეულ კონსტრუქციულობას იჩენს, თუმცა:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] " მე ცოტა მაღიზიანებს კატეგორიული ტონი და ვთქვი კიდეც ამის შესახებ, როცა კონსულტაციები მიდიოდა არჩევნების დანიშვნის ვადებთან დაკავშირებით. ქალბატობი ბურჯანაძე ამბობდა: "მე ასე ვფქირობ, მე ასე გადავწყვიტე." ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების სურვილს ამჟღავნებდა."

"ასეთ ტონზე უარის თქმა კარგი, პირველ რიგში, თავად ხელისუფლებისთვის იქნებაო," - ამბობს "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი. რევოლუციის გმირები კი, უდავოდ, ახალ ტონალობაში საუბრობენ და თავიანთ გამოსვლებში არ მიანიშნებენ იმაზე, რომ პოლიტიკურ ოპონენტთა რჩევების ან მოთხოვნების გათვალისწინებას აპირებენ.
XS
SM
MD
LG