Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტებს მტკიცებით, ვაშინგტონი გაზრახ აზვიადებდა ერაყიდან მომდინარე საფრთხეს


ანდრო ეული, პრაღა 8 იანვარს, ვაშინგტონში დაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კარნეგის ფონდმა გამოაქვეყნა საანგარიშო მოხსენება, რომელშიც ნათქვამია,

რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია, ერაყთან ომის დაწყებამდე, თვეების მანძილზე, "სისტემატურად აზვიადებდა" ერაყიდან მომდინარე საფრთხეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა მყისვე უარყო ეს მტკიცება, თუმცა ხსენებული მოხსენების გამოქვეყნება იმ დროს, როცა ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, ცხარე პოლემიკის საგანი გახდება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო გამართლებული ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება.

"მასობრივი განადგურების იარაღი ერაყში: სამხილი და შედეგები", - ასეა დასათაურებული ვაშინგტონში გამოქვეყნებული საანგარიშო მოხსენება, რომელიც ამერიკის სადაზვერვო უწყების მიერ ერაყის შეიარაღებასთან დაკავშირებით განვლილი 6 წლის მანძილზე
მიღებულ ინფორმაციაზეა დაფუძნებული. ამ ინფორმაციის საფუძველზე მოხსენების ავტორებმა ვერ ნახეს იმის სარწმუნო სამხილი, რომ ერაყს განახლებული ჰქონდა თავისი ბირთვული პროგრამა, და რომ სადამ ჰუსეინი "ალ-ყაიდის" ტერორისტებთან იყო კავშირში.

მოხსენების ავტორები ურჩევენ ამასთანავე თეთრ სახლს უარი თქვას ეგრედ წოდებული "გამაფრთხილებელი ომის დოქტრინაზე", რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტების შემდეგ იქნა მიღებული. კარნეგის ფონდი ერაყთან ომის წინააღმდეგ იყო იმთავითვე, და მის საანგარიშო მოხსენებაში გაკეთებული დასკვნები სრულიად საპირისპიროა იმის ფონზე, ოფიციალური პირები, მათ შორის პრეზიდენტი ბუში, ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი და სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი რომ აცხადებდნენ ერაყიდან მომდინარე საფრთხესთან დაკავშირებით.

ძალის გამოყენება იმით გაამართლა ვაშინგტონმა, რომ ერაყი, თეთრი სახლის მტკიცებით, მასობრივი განადგურების
იარაღს ფლობდა. მაგრამ ამერიკელმა სამხედროებმა და ექსპერტებმა დღემდე ვერ ნახეს ერაყში ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი, ან კიდევ რაიმე სამხილი იმისა, რომ ერაყში, ვიდრე ომი დაიწყებოდა, ბირთვული შეიარაღების პროგრამა იყო განახლებული.

როგორც საანგარიშო მოხსენებაშია ნათქვამი, ნაკლებადაა სავარუდო, ერაყს გაენადგურებინა ან დაემალა ხსენებული იარაღი, და ეს, შეერთებული შტატების, ან საერთაშორისო თანამეგობრობისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო. "თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლები სისტემატურად აზვიადებდნენ ერაყიდან მომდინარე საფრთხეს", - ნათქვამია ბოლოს საანგარიშო მოხსენებაში.

ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში, სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა თქვა, რომ იმავე პოზიციაზეა, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, ომის დაწყებამდე, გასულ წელს, როცა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის მფლობელობაში დაადანაშაულა ბაღდადი [კოლინ პაუელის ხმა]: "მჯერა, სიმართლე ვთქვი გაეროში გასულ წელს. სადაზვერვო უწყება დარწმუნებულია იმაში, რომ უტყუარი ინფორმაცია მომაწოდა. მან ეს ინფორმაცია კონგრესსაც მიაწოდა. სადაზვერვო უწყებამ საჯაროდაც გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია და მის უკან დგას; ხოლო ეს თამაში ჯერ არ დამთავრებულა".

თუმცა, პაუელმა აღიარა ამასთანავე, რომ არ უნახავს კონკრეტული სამხილი "ალ-ყაიდასთან" სადამ ჰუსეინის კავშირის შესახებ, მაგრამ სჯერა, რომ ამგვარი კავშირი არსებობდა.

ხოლო კარნეგის ფონდის თავმჯდომარის ჯესიკა მეთიუსის თქმით, "ალ-ყაიდასა" და სადამ ჰუსეინს შორის კავშირის დამადასტურებელი არანაირი სამხილი არსებობს, სამაგიეროდ მრავლადაა ფაქტები, რაც იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ხსენებული ტერორისტული ორგანიზაცია და ერაყის ყოფილი დიქტატორი მტრობდნენ ერთი მეორეს.

კოლინ პაუელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმ დროს, როცა კარნეგის ფონდი ერაყიდან მომდინარე საფრთხის გაზვიადებაში ადანაშაულებს თეთრი სახლის ადმინისტრაციას, საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ერაყი ფლობდა მასობრივი განადგურების იარაღს, რომელიც ერაყელი ქურთების წინააღმდეგ გამოიყენა [კოლინ პაუელის ხმა]: "რაც შეეხება განზრახვას, სადამს ყოველთვის სურდა აკრძალული იარაღის შექმნა და გამოყენება, ხოლო თუ ვინმე ფიქრობს, რომ სადამ ჰუსეინი გასულ წელს მზად იყო უარი ეთქვა შეიარაღებაზე, სცდება. ჰუსეინი დროს აჭიანურებდა იმ მიზნით, რომ გაეტეხა საერთაშორისო თანამეგობრობის ნებისყოფა, თავიდან აეცილებინა მომავალში ინსპექციები და აღესრულებინა თავისი ზრახვა".

კარნეგის ფონდის საანგარიშო მოხსენებაში ნათქვამია, რომ
გაეროს განიარაღების ყოფილმა კომისიამ, აგრეთვე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა უნდა განაახლონ საქმიანობა ერაყში და წარმოადგინონ ამომწურავი საანგარიშო მოხსენება მასობრივი განადგურების შეიარაღების შესახებ. მოხსენების ავტორები მოუწოდებენ ამასთანავე გაეროს - საგანგებო უწყება დააარსოს აკრძალული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად.

კარნეგის ფონდის თავმჯდომარემ ჯესიკა მეთიუსმა განაცხადა, რომ იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებით ყველაზე დიდი საფრთხე დღეს მომდინარეობს პაკისტანიდან, აგრეთვე რუსეთიდან და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, სადაც ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული შეიარაღებისათვის საჭირო კომპონენტები ადვილად შეიძლება ჩაუვარდეს ხელში ტერორისტებს.
XS
SM
MD
LG