Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 28 მარტს ჩატარდება


რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ვადებთან დაკავშირებით წარმოებული კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დღედ 28 მარტი გამოაცხადა. ასე რომ, 2004 წელს რიგით მეორე არჩევნები შემჭიდროებულ ვადებში უნდა ჩატარდეს. ოპოზიციური ძალების წინააღმდეგობრივ პოზიციას ახალმა ხელისუფლებამ მცირე კომპრომისი შეაგება. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მას 7 მარტს სურდა, საბოლოოდ კი, არჩევანი 28 მარტზე შეაჩერა.
როგორ მიიღო ოპოზიციამ ეს კომპრომისი?

ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალები საპარლამენტო არჩევნების თარიღით უკმაყოფილონი არიან. 28 მარტამდე მათ ცოტა დრო რჩებათ საარჩევნო გაერთიანებებზე შესათანხმებლად. ასევე ცოტა დრო რჩებათ საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის საჭირო ფინანსური და ინტელექტუალური რესურსის მობილიზებისთვის. 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ მეორე საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადება მძიმე ტვირთია, მით უფრო მაშინ, როცა საპარლამენტო ამბიციების მქონე ოპოზიციურ ძალებს ხალხის ნდობის მოპოვებაზე მუშაობა არაორდინალურ მდგომარეობაში მართებთ - მდგომარეობაში, როცა ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის ხელისუფლებისადმი ოპოზიციური დამოკიდებულება მიუღებელია, ოპოზიციისადმი ხელისუფლების წარმომადგენელთა ასეთივე დამოკიდებულება კი - მისაღები.

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] "ვისი ოპოზიცია არიან მაგენი, სად არის იმის გარანტია, რომ ისინი მოხვდებიან პარლამენტში? მაგათ რა ინდულგენცია აქვთ პარლამენტში მოსახვედრად? როგორ მოხვდებიან, როცა ხალხი მხარს არ უჭერს?" ( სტილი დაცულია)

ეს იყო "გაერთიანებული დემოკრატების" წარმომადგენლის მიხეილ მაჭავარიანის განცხადება. ჩვენთან საუბრისას მან ძალებს, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებენ, შეახსენა, რომ სააკაშვილმა, ბურჯანაძემ და ჟვანიამ ხალხთან ერთად ხელისუფლება 20 დღეში შეცვალა. "ამდენად, 2 თვე საკმაო დროა ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლადო,"- ამბობს ის. დაახლოებით, ასევე ფიქრობს მოქმედი პრეზიდენტიც. 9 იანვარს, საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადებისას, მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა პოლიტიკური ძალების ინტერესებით, ყველას და, მათ შორის, საკუთარი სურვილით, პოლიტიკურ ძალებს მისცემოდათ დრო და საშუალება არჩევნებისთვის მოსამზადებლად.


არჩევნების დანიშვნის ვადებთან დაკავშირებით პოლიტიკური ძალების მოთხოვნები სხვადასხვაგვარი იყო. ზოგიერთი მათგანი - მაგალითად, "მრგვალი მაგიდა" - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარების მომხრე იყო, ისევე როგორც ტრადიციონალისტებისა და ეროვნულ-დემოკრატების ერთობა; "აღორძინება" არჩევნების ივნისში ჩატარებას ემხრობოდა და ასე შემდეგ. ხელისუფლებამ 21 დღე დათმო და 7-სა და 28 მარტს შორის არჩევანი უკანასკნელზე შეაჩერა.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "გავითვალისწინეთ სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ლიდერების წინადადებები და გადავწყვიტეთ, არჩევნები ჩავატაროთ 28 მარტს და არა 7 მარტს. "

ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი, მიიღებენ თუ არა 28 მარტს დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას ლეიბორისტები და მრეწველები. არადა, მათ პარტიებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყოველთვის სერიოზული ამბიციები ჰქონდათ. სოციალისტები შემჭიდროებულ ვადებში დანიშნული არჩევნების ბოიკოტირებას არ გამორიცხავენ. ისინი გადაწყვეტილებას სხვა ძალებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღებენ. ეროვნულ-დემოკრატებისა და ტრადიციონალისტების ბლოკი არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა, აკაკი ასათიანის თქმით, პრინციპული მნიშვნელობა აქვს, როგორ გადაწყდება ამომრჩეველთა სიების ფორმირების საკითხი. სიების ახლებურად ფორმირებასა და საარჩევნო კომისიების პარიტეტულ საფუძველზე დაკომპლექტებას ითხოვენ ახალი მემარჯვენეებიც. ახალი ხელისუფლების ოპოზიციურ სპექტრში 28 მარტის არჩევნებს ყველაზე იმედიანად ასლან აბაშიძის "აღორძინებაში" უყურებენ. გაერთიანებული დემოკრატებისა და ნაციონალების შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში სერიოზული შედეგების მიღებას სწორედ "აღორძინება" აპირებს.
XS
SM
MD
LG