Accessibility links

logo-print

პროტესტის მოტივები 4 იანვრის არჩევნებში


საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა დაადასტურა ნდობა, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ მიხეილ სააკაშვილს გამოუცხადა. თუმცა დღეს მინდა გესაუბროთ იმ ამომრჩეველთა შესახებ,

რომლებიც მივიდნენ არჩევნებზე და ყველა კანდიდატი გადახაზეს.

ოთხი იანვრის არჩევნებში მონაწილეთა ერთ პროცენტსაც კი არ აღწევს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც არ დაიზარეს საარჩევნო უბანში მისვლა იმისათვის, რომ ყველა კანდიდატი გადაეხაზათ.

როგორი შეიძლება იყოს მათი ქცევის მოტივაცია? როგორ ხედავს ამომრჩეველთა ეს ნაწილი, თუნდაც მცირერიცხოვანი, საქართველოს მომავალს?

ერთი რამ შეიძლება ითქვას: მათ, ბოიკოტის მომხრეებისგან განსხვავებით, პროტესტის საკმაოდ აქტიური ფორმა აირჩიეს; ესე იგი, ეს ადამიანები დაინტერესებულები არიან პოლიტიკური პროცესით, არ უცხადებენ უნდობლობას არჩევნებს, პატივს მიაგებენ კონსტიტუციას, მაგრამ უკმაყოფილონი არიან ამჟამად შექმნილი კონკრეტული პოლიტიკური მომენტით. უეჭველია, რომ მათმა ნაწილმა პროტესტი გამოუცხადა პირადად მიხეილ სააკაშვილს, როგორც მომავალ პრეზიდენტს. აქტიურ მოპროტესტეთა შორის უსათუოდ იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც "ვარდების რევოლუციის" შედეგად დაზარალდნენ: მეტ-ნაკლები მსხვერპლი რევოლუციას, თუნდაც ხავერდოვანს, მუდამ ახლავს. ოღონდ ამომრჩეველთა ეს ნაწილი წარსულზეა მიჯაჭვული და განაწყენებულია პირადი პრობლემების გამო. ასეთ ადამიანთა განწყობა, თუკი მათი რიცხვი მცირეა, პოლიტიკაში ამინდს ვერ ქმნის.

სამაგიეროდ, უაღრესად საინტერესოა ამომრჩეველთა ის ფენა, რომელმაც აქტიური პროტესტი გამოხატა და ყველა კანდიდატი გადაშალა არა წარსულთან, არამედ მომავალთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ასეთ ადამიანებს აღიზიანებთ პოლიტიკური ვითარება, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ერთი რეალური კანდიდატია, დანარჩენები კი მისთვის სერიოზულ ფონსაც ვერ ქმნიან. საზოგადოების ნაწილს გულწრფელად აშფოთებს, რომ 4 იანვრის არჩევნებში გაგრძელდა ტენდენცია, როდესაც უალტერნატივო კანდიდატი მოსახლეობის ხმებს იღებს პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე და არა იმის გამო, რომ ამომრჩეველი კონკრეტული არგუმენტებით დაარწმუნა საკუთარ უპირატესობაში. საინტერესოა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი, თუნდაც მცირერიცხოვანი, ამაზე ფიქრობს და აქტიურ პროტესტს უცხადებს უფრო ზოგად პოლიტიკურ ტენდენციას, ვიდრე კონკრეტულ კანდიდატს.

აქ, ალბათ, ერთი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ: წინა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, მიხეილ სააკაშვილმა პირადად აიღო პასუხისმგებლობა საკონსტიტუციო წესრიგის დარღვევაზე და პირადად შექმნა ათვლის ახალი წერტილი. ეს კონკრეტული, საჯარო პასუხისმგებლობაა, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს არა მავნე ტენდენციის გაგრძელებაზე, არამედ მის წყვეტაზე.

მაგრამ დღეს, ვიდრე არავინ იცის, რომელი განხორციელდება ამ ორი შესაძლებლობიდან, სწორედ იმ ადამიანების პოზიცია იმსახურებს ყურადღებას, რომლებმაც საკუთარი პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე თავისებური პროტესტით დაადასტურეს: არჩევნებზე მივიდნენ და ყველა კანდიდატი გადახაზეს.
XS
SM
MD
LG