Accessibility links

logo-print

დევნილები თამაზ ნადარეიშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ


9 იანვარს აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანებულმა საბჭომ აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭოს შენობის წინ პერმანენტული საპროტესტო აქცია განაახლა.

აქციის ძირითადი მოთხოვნებია აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევა. აქციის პირველი ეტაპი "ვარდების რევოლუციიდან" რამდენიმე დღეში, 25 ნოემბერს, დაიწყო და სულ რაღაც 10 დღეში უშედეგოდ შეწყდა. ეგრეთ წოდებული დროებითი შესვენება მაშინ აქციის ორგანიზატორებმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის მოახლოებით ახსნეს. თუ თამაზ ნადარეიშვილი არც ამჯერად დაემორჩილება აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს, მაშინ პროტესტის გადამწყვეტი ფაზა პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაციის შემდგომ დადგება: დევნილები სწორედ 25 იანვრის შემდეგ გეგმავენ პროტესტის უკიდურესი ფორმების ამოქმედებას, დევნილთა საყოველთაო მობილიზაციას და მიმოზების რევოლუციას.

აფხაზეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანებული საბჭოს წევრის, პოლიტიკური მოძრაობა "დაბრუნების" გამგეობის წევრის ზურაბ თოდუას განცხადებით, თამაზ ნადარეიშვილის გადადგომასა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნას თითქმის 70 ორგანიზაცია უჭერს მხარს. აქციის მონაწილეთა რიგებში იყვნენ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებული ემზარ კვიციანი და პარტიზანული დაჯგუფება "ტყის ძმების" მეთაური დავით შენგელია. მთლიანობაში, აქცია არც ისეთი ხალხმრავალი გამოდგა, როგორსაც ორგანიზატორები ელოდნენ. ეს გარემოება აღნიშნა თავად ნადარეიშვილმაც, რომელიც გადადგომას, სულ მცირე, 25 იანვრამდე არ აპირებს. 25 იანვრის შემდეგ კი გადაწყვეტილებას პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილი მიიღებს და არა თამაზ ნადარეიშვილი, რომლის თანამდებობიდან პირდაპირი გათავისუფლების უფლება პრეზიდენტს კანონით არა აქვს.

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "თუ მან განაცხადა, რომ მას მიაჩნია, რომ თამაზ ნადარეიშვილმა მისი რადიკალური პოზიციით, ლეგიტიმური სტრუქტურებით უნდა გააგრძელოს თავისი საქმიანობა, მე იძულებული ვიქნები გავაგრძელო. თუ ის იტყვის, რომ მას სჭირდება სხვა, - ან პოზიცია სხვა, ან სხვა პიროვნება, - მე მგონი, აქ არავითარი პრობლემა არ არის."(სტილი დაცულია)

სოხუმის უნივერსიტეტის პრორექტორის, პროფესორ თემურ ჩილაჩავას აზრით, პრობლემა ის არის, რომ თამაზ ნადარეიშვილს, თანამდებობის შენარჩუნების მიზნით, ნებისმიერ პრეზიდენტთან შეუძლია თანამშრომლობა.

[თემურ ჩილაჩავას ხმა] "წარმოიდგინეთ ჰიპოტეტური სიტუაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტად პერსპექტივაში მოსულიყო ბატონი ასლან აბაშიძე. მაშინ, ბუნებრივია, თამაზ ნადარეიშვილის ლოგიკით, ის გვერდში ამოუდგებოდა ასლან აბაშიძეს."(სტილი დაცულია)

რასაკვირველია, აფხაზეთს ნაკლებად გულისხმობდა, მაგრამ ჩვენი რადიოსათვის მიცემულ ინტერვიუში თავად ასლან აბაშიძემ საქართველოს ფედერალური მოწყობის უპირატესობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი:

[ასლან აბაშიძის ხმა] "საქართველო ფედერალიზმის საფუძველზე შეიქმნა. პატარა ქართული სახელმწიფოები ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდნენ. ამ რეგიონებმა დღემდე უცვლელად შეინარჩუნეს საზღვრები. ყველაფერი მზადაა, საჭიროა მხოლოდ საკანონმდებლო ბაზის მომზადება, რათა რეგიონები ვალდებულებებთან ერთად უფლებებითაც სარგებლობდნენ."

"კმარას" აქტივისტების ოჯახის წევრთა დაკავების ფაქტის კომენტირებისას, ასლან აბაშიძემ აღნიშნა, რომ აჭარაში შეიარაღებული გამოსვლები მზადდებოდა:

[ასლან აბაშიძის ხმა] "ამოღებულია იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები. იქვე აღმოჩნდა ფურცლები, რომელიც არავის აკვირვებს, მაგრამ იქ იყო გეგმები - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედების გეგმები. ეს გეგმები ზუსტად ემთხვეოდა იმ წინასწარ დოკუმენტურ მასალას, რომელიც ჩვენ გვქონდა. პრაქტიკულად საქმე ეხება აჭარის ტერიტორიაზე შეიარაღებულ გამოსვლებს, რომლის მიზნები და ამოცანები მე ვიცი."
XS
SM
MD
LG