Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა "ვარდების რევოლუციამ" საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოაქცია საქართველო,

და გაზეთები მრავალმხრივი კომენტარით ეხმაურებიან მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებას 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში. აი რას წერს სარედაქციო სტატიაში გაზეთი "დეილი ტელეგრაფი":

"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არჩეული პირველი პრეზიდენტი 1992 წელს დაამხეს საქართველოში. რუსეთის მხარდაჭერით, ხელისუფლების სათავეში ძველი პარტიული ბოსი, ედუარდ შევარდნაძე მოექცა და შედეგად, რესპუბლიკაში პარტიული აპარატჩიკების რეანიმაცია მოხდა. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ეპიდემიური ხასიათი მიიღო კორუფციამ. ხოლო როცა ბატონი შევარდნაძე შეეცადა გაეყალბებინა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები, ხალხი აჯანყდა. კრემლმა საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი მიავლინა თბილისში კონფლიქტის მოსაგვარებლად. მაგრამ, მიხეილ სააკაშვილს კარგად მოეხსენება, რა მიზნები ამოძრავებს რუსეთს ამიერკავკასიაში. დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან მოყოლებული, კრემლი ფარულად აქეზებს სეპარატისტებს აფხაზეთში, აჭარასა და სამხრეთ ოსეთში. ღირსეულად დატოვა ბატონმა სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა შევარდნაძის კაბინეტში. შეერთებული შტატები და ბრიტანეთი რუსეთს მოუწოდებენ - გაიყვანოს თავისი ჯარი საქართველოში შემორჩენილი ორი სამხედრო ბაზიდან და შეწყვიტოს სეპარატისტი ბელადებით მანიპულირება. ახალშობილი დემოკრატიის მომწიფება საქართველოში თავად პრეზიდენტ პუტინის ინტერესებს მოემსახურება. დროა საქართველომ, თავისი ყველაზე ავადსახსენებელი შვილის, იოსებ ჯუღაშვილის სახელის ტყვეობას დააღწიოს თავი".

გაზეთ "ფაინენშლ ტაიმსის" მიმომხილველი დევიდ ფილიპსი მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველოში უმტკივნეულოდ, ყოველგვარი ძალადობის გარეშე მოხდა ხელისუფლების შეცვლა, და იქვე დასძენს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს ახალ ლიდერებს გაუჭირდებათ ქვეყნის წინაშე მდგომი სერიოზული პრობლემების მოგვარება. ბრიტანელი ჟურნალისტი წერს:

"დასავლეთიდან დახმარების მიღება იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებს კორუფციას. ბატონმა სააკაშვილმა არ უნდა დააყოვნოს ხელმძღვანელ თანამდებობებზე გამდიდრებული და კრიმინალურ ბიუროკრატიულ ქსელთან დაკავშირებული პირების დაპატიმრება. საზრიანი მმართველობით მიხეილ სააკაშვილმა მაგალითი უნდა მისცეს თანამემამულეებს. ეკონომიკური კრიზისიდან თავის დასაღწევად პირველ რიგში საჭიროა ძლიერი კერძო სექტორის შექმნა და ინვესტიციების მიზიდვა. თუ ახალი მთავრობა შესძლებს ქვეყანაში წესრიგის დამყატრებას, საერთაშორისო საფინანსო უწყებებმა მორატორიუმი უნდა გამოაცხადონ საქართველოს ვეებერთელა საგარეო დავალიანებაზე. 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალურმა დემოკრატიამ მწარე მარცხი აგემა ცინიზმს, რომელიც პოსტ-საბჭოთა სივრცესაა მოდებული".

გაზეთ "ტაიმსის" კორესპონდენტი ჯერემი პეიჯი სინანულით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ედუარდ შევარდნაძემ, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ბერლინის კედლის დანგრევასა და ცივი ომის დამთავრებაში, ესოდენ უღირსად დაასრულა თავისი პოლიტიკური კარიერა. ბრიტანელი ჟურნალისტი წერს:

"იშვიათად თუ ლაპარაკობს დღეს საქართველოში ვინმე, როგორ შესძლო "თეთრმა მელამ" სამოქალაქო ომის ნანგრევებზე ახალი ქართული სახელმწიფოს აშენება; როგორ ებრძოდა იგი კრიმინალურ ბანდებს და ცოცხალი გადაურჩა მისი მოკვლის მიზნით ორჯერ განხორციელებულ თავდასხმას. იმას კი ბევრი იხსენებს, როგორ შექმნეს შევარდნაძის ოჯახმა და მეგობრებმა ბიზნესის ვეებერთელა იმპერიები; როგორ ყიდულობდნენ ოფიციალური პირები სარფიან თანამდებობებს, და როგორ უგზო-უკვლოდ ქრებოდა უცხოეთიდან მიღებული კრედიტები, მაშინ როცა ხალხი თვეების მანძილზე ვერ იღებდა ისედაც მეტად მოკრძალებულ პენსიებს. შევარდნაძის მემკვიდრე, 36-ტი წლის მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის, აგრეთვე დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობს, მაგრამ ეკონომიკასა და ბიუროკრატიულ სტრუქტურებში კვლავაც შევარდნაძის მომხრეები დომინირებენ. "ჩვენ ნახევარ საათში შეგვეძლო დემონსტრანტების დარბევა, მაგრამ მთელი ღამე ვფიქრობდი, რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას.... ჩვენ ვერ შევძლებდით ამის გაკეთებას მსხვერპლის გარეშეო" , უთქვამს ბატონ შევარდნაძეს. ხოლო როგორც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, ედუარდ შევარდნაძემ ბრძანა - ტანკები გამოეყენებინათ დემონსტრანტების დასარბევად, მაგრამ თავდაცვის მინისტრის ცივი უარი მიიღო".

გაზეთი "ფრანკფურტერ ალგემაინე" ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ სააკაშვილის მთავარმა მეტოქემ, აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ კვლავ გამოაცხადა ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო ვითარება. ხოლო გაზეთ "გარდიანის" მიმომხილველის, ნიკ უოლშის სტატია ასეა დასათაურებული: "სეპარატისტები საქართველოს ლიდერს თავსატეხს უჩენენ". სტატიაში აღწერილია, როგორ დაიჭირეს ბათუმში ახალგაზრდული მოძრაობის "კმარას" წევრები.
XS
SM
MD
LG