Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობაში კოლექტიური პასუხისმგებლობის ხარისხი უნდა გაიზარდოს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი "ვარდების რევოლუციის" შემდგომი საკადრო ცვლილებების მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე და არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება

მაინც ერთგვარი გარდამავალი პერიოდის მთავრობას წააგავს, რომელსაც ერთიან გუნდს ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ უწოდებთ. რაიმე გუნდზე ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი, მით უმეტეს, როდესაც მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებასა და პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღებაზე.

ჯერჯერობით უცნობია ის მოდელი, რომლითაც მოხდება ძალაუფლების გამიჯვნა პრეზიდენტსა, პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის. ასევე უცნობია აღმასრულებელი ხელისუფლების მომავალი სტრუქტურა. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ, საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის პოსტს ამჟამინდელი სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია დაიჭერს.

აღმასრულებელი ხელისუფლების გუნდური პრინციპით დაკომპლექტება არ გახლავთ მარტოოდენ გამარჯვებული ძალის მიერ საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილების აქტი. გუნდური მთავრობა და მისი მეთაური, პირველ რიგში, არის კოლექტიური პასუხისმგებლობის ხარისხის ამაღლების მცდელობა, რათა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ რაიმე გადაწყვეტილების მიღება და შემდგომ მისი აღსრულება ხდებოდეს არა ეკლექტიკურად, ცალკეული სფეროების მიხედვით, არამედ ერთიანი კონცეფციის კონტექსტში. გუნდური პრინციპით დაკომპლექტებული კაბინეტი მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც. აქამდე სავალუტო ფონდსა თუ მსოფლიო ბანკთან დაძაბული მოლაპარაკებებისა და შეჩერებული დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენელთა არათანმიმდევრულობა და სრულიად საპირისპირო პოზიციები გახლდათ, როდესაც ქართულ ხელისუფლებაში "მარჯვენამ არ უწყოდა, თუ რას სჩადიოდა მარცხენა".

ეს პრაქტიკა, თუნდაც იმავე დონორებთან ურთიერთობაში, იმედია, მოიშლება და ერთიანი გუნდი ერთიანად იქნება პასუხისმგებელი ამა თუ იმ გადაწყვეტილებების მიღებასა და მის რეალიზაციაზე. მანამდე კი სხვადასხვა სამინისტროსა თუ უწყებას დამოუკიდებლად უწევს შექმნილ მძიმე მდგომარეობაში ლავირება და სიტუაციის გამოსწორებისათვის არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღება.

ერთიანი გუნდი და კაბინეტი მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელების რაკურსითაც. დღეს სხვადასხვა დონეზე გახმიანებული საკმაოდ თამამი და ხშირად საკამათო საგადასახადო ცვლილებების პაკეტი, რომელიც რიგი გადასახადების გაუქმებას, ხოლო ნაწილის, პირიქით, გაზრდას ან, საერთოდ, პრინციპულად ახალი ტიპის დაბეგვრის შემოღებას ითვალისწინებს, ხშირ შემთხვევაში მოწოდებულია მხოლოდ თეზისის ან ლოზუნგის სახით, რომელიც არ ეფუძნება სკრუპულოზურ გათვლას, შედეგების პროგნოზირებასა და თუნდაც მისი შესაძლო ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოდელირებას. ერთიანი აღმასრულებელი ხელისუფლების არსებობის შემთხვევაში ამგვარი ინიციატივები მხოლოდ პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის პასუხისმგებლობის სფეროს სცილდება და მთლიანად კაბინეტის პოლიტიკურ ნაბიჯს წარმოადგენს. შესაბამისად, ცვლილების განსახილველად გატანასა და მიღებას ნახევარფაბრიკატის სახით ვერავინ შეძლებს. თუმცა, როდესაც საუბარია გუნდური პრინციპით კაბინეტის დაკომპლექტებაზე, აუცილებელია აღმასრულებელი ხელისუფლების პერსონალიები მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით არ შეირჩნენ და პროფესიულ უნარ-ჩვევებსაც მიექცეს ყურადღება.

გასულ კვირას ფინანსთა სამინისტრომ გაახმოვანა ერთი საგულისხმო ინფორმაცია, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტში მისი კუთვნილი თანხების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან გადმორიცხვას შეეხებოდა. საქართველოს ცენტრალურმა ბიუჯეტმა, ორი წლის შემდეგ პირველად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან თანხა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმიდან ბიუჯეტისათვის გადმორიცხული 2,5 მილიონი ლარი არ გახლავთ მთლიანი თანხა, რაც ცენტრს ავტონომიისაგან "ერგება", ეს ჟესტი გართულებული ფინანსური ურთიერთობების მოწესრიგებისაკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად შეფასდა.

აქამდე ორი წლის განმავლობაში ავტონომიური რესპუბლიკა ცენტრალური ბიუჯეტისათვის კუთვნილ მოსაკრებლებს ბათუმში ტოვებდა. "საბიუჯეტო სეპარატიზმის" წყალობით, ცენტრალურმა ხაზინამ დაახლოებით 50 მილიონი ლარი მოისაკლისა.

ამჯერად გადმორიცხული თანხა აჭარაში აკრეფილი აქციზის გადასახადიდან ცენტრალური ბიუჯეტისთვის განკუთვნილ 60 პროცენტს წარმოადგენს. ამის გარდა, აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ ცენტრალურ ბიუჯეტში ადგილზე აკრეფილი საბაჟო გადასახადის 50 პროცენტი, ადგილობრივი წარმოების დამატებული ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ) 70 პროცენტი, იმპორტირებული საქონლის დ.ღ.გ-ს 60 პროცენტი, მოგების გადასახადის 1 და საბაჟო გადასახადის 1 პროცენტი უნდა გადმორიცხოს.

საერთოდ, აჭარა საქართველოს სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, შეღავათებით სარგებლობს და ავტონომიას ცენტრალური გადასახადების დაახლოებით 50%-ის ადგილზე დატოვების უფლება ჰქონდა. ეს პრივილეგია 2003 წლის დეკემბრამდე მოქმედებდა, თუმცა ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ წესის მოქმედების ვადა კიდევ 6 თვით გააგრძელა.

2 წლიანი შესვენების შემდეგ აჭარიდან მიღებული უმნიშვნელო თანხა თბილისში ცენტრსა და აჭარას შორის ფინანსური ურთიერთობის მოწესრიგებისაკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად შეფასდა. ამგვარი ურთიერთობა პოვებს თუ არა განვითარებას და გადასახადები რეგულარულად გადმოირიცხება თუ არა ცენტრალურ ბიუჯეტში, ამაში უკვე მიმდინარე თვის ბოლოს დავრწმუნდებით.
XS
SM
MD
LG