Accessibility links

logo-print

"ახალგაზრდულ პროგრამაში" დღეს ახალგაზრდა ქართველი


წამყვანები: ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე "ახალგაზრდულ პროგრამაში" დღეს ახალგაზრდა ქართველი

პიანისტის თიკო კიკნაძის წარმატებაზე ვისაუბრებთ. ცოტა ხნის წინ ის ერევანში ჩატარებული საერთაშორისო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა, კონკურსის, რომელიც არამ ხაჩატურიანის სახელს ატარებს. თიკო კიკნაძე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მეოთხე კურსის სტუდენტია, ფორტეპიანოს განხრით. მისი პედაგოგი ედიშერ რუსიშვილია. თიკოს უყვარს ჯაზი და ქართული ფოლკლორული მუსიკა, შესრულებით კი მარტო კლასიკოსთა ნაწარმოებების შემსრულებელია. როგორ ასრულებს ამას, სულ ცოტა ხანში მოვისმენთ. მანამდე გადაცემის მეორე ნაწილის შესახებ - ის ცოტა უჩვეულო იქნება. თქვენ მოუსმენთ აჭარელ ახალგაზრდებს, რომელთა ვინაობა ჩვენთვისაც უცნობია. ახალგაზრდები აჭარაში მოძრაობა "კმარას" წევრები არიან და ჩემს კოლეგა დავით პაიჭაძესთან საუბრის დროს არ ისურვეს ვინაობის გამჟღავნება. ისინი ბათუმში ცხოვრობენ და, პირადი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, გვთხოვეს, მათი ხმებიც შეგვეცვალა. ბათუმელი ახალგაზრდებისგან გაიგებთ, რას მოელიან აჭარაში ადამიანები, რომლებიც ასლან აბაშიძის მმართველობას კრიტიკულად ეკიდებიან. მანამდე - ახალგაზრდა ქართველი პიანისტის შესახებ.


თქვენ გესმით დიდი სომეხი კომპოზიტორის არამ ხაჩატურიანის ტოკატა, ახალგაზრდა პიანისტის თიკო კიკნაძის შესრულებით. ცოტა ხნის წინ ის სწორედ არამ ხაჩატურიანის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული და მეორე პრემიის მფლობელი გახდა. კონკურსი ნოემბრის მიწურულს ერევანში ჩატარდა. მასში 16-დან 32 წლამდე ასაკის 27 კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა - 26 კონკურსანტი - ეროვნებით სომეხი იყო. დიდი სომეხი კომპოზიტორის სახელობის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის ნოემბრის ბოლოს ერევანს ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, საბერძნეთის, რუსეთის, უკრაინის და სხვა ქვეყნების მკვიდრი ახალგაზრდა სომეხი შემსრულებლები სტუმრობდნენ; მათთან ერთად იყო ერთი ქართველი, რომელსაც გარკვეული მოსაზრებების გამო გამარჯვების იმედი არ ჰქონდა.

[თიკო კიკნაძის ხმა] "იმედი არ მქონდა ამ კონკურსზე რამის აღების. ყველა მეუბნებოდა, რომ მაფიოზური კონკურსი იქნებოდა, თითქმის არაფერს არ მოველოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა ასე. "

როგორც უკვე ვთქვით, თიკო კიკნაძე გახდა მფლობელი მეორე პრემიისა, რაც 10000 დოლარს ითვალისწინებდა. პირველი პრემია, 15000 დოლარი, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ახალგაზრდა სომეხ პიანისტს ტანია გაბრიელიანს მიაკუთვნეს.

კონკურსი სომხეთის კულტურის სამინისტროს, ერევნის კონსერვატორიისა და არამ ხაჩატურიანის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული. მასში მონაწილეობის მიღება თბილისის კონსერვატორიის სტუდენტმა თიკო კიკნაძემ დამოუკიდებლად გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც 3 ტურიანი კონკურსის გამოცხადებისა და მისი პირობების შესახებ შეიტყო. პირობები ასეთი იყო: პირველი ტურისთვის კონკურსანტს უნდა მოემზადებინა ბახის პრელუდია ან ფუგა და სამი ეტიუდი შოპენის, ლისტის, დებიუსის, სკრიაბინის, რახმანინოვის ან პროკოფიევის შემოქმედებიდან; აგრეთვე, ერთი კლასიკური სონატა - მოცარტის ან ბეთოხოვენის. მეორე ტურისთვის მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის კლასიკოსთა ნაწარმოებების მომზადება იყო საჭირო, მათთან ერთად აუცილებლად - არამ ხაჩატურიანის ტოკატის. კონკურსის ფინალური ნაწილი, მთლიანად, ხაჩატურიანის შემოქმედებას უნდა დასთმობოდა. გამარჯვებულს მისი შემოქმედება სიმფონიურ ორკესტრთან ერთად უნდა აეჟღერებინა.

კონკურსანტების შერჩევა ერევანში გაგზავნილი ვიდეოჩანაწერების მოსმენით მოხდა. ამისთვის თიკომ 15 წუთიანი პროგრამა თბილისის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზის სტუდიაში ჩაწერა. მოწვევის მიღების შემდეგ ის დღეში 5-6 საათს მეცადინეობდა და უკვე ერევანში ჩასვლის შემდეგ მისი მომზადების დონე შეაფასა ჟიურიმ, რომელსაც ცნობილი სომეხი, რუსი, ბრიტანელი, ფრანგი და იაპონელი მუსიკოსები წარმოადგენდნენ.

ერევნის კონკურსამდე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალურ ათწლედში სწავლის პერიოდში, თიკო სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობდა. მეხუთე კლასში გახდა ლიტვაში, ვილნიუსში, ჩატარებული საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და იქვე მიიღო მიწვევა ლაურეატების კონკურსზე, რომელიც კაუნასში ჩატარდა. მოგვიანებით გახდა მოსკოვში ჩატარებული კონკურსის ერთ-ერთი პრემიის მფლობელი. მონაწილეობდა რესპუბლიკურ კონკურსშიც, მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც ვთქვით, ათწლედში სწავლის პერიოდში იყო.

[თიკო კიკნაძის ხმა] " შემდეგ ჩავაბარე კონსერვატორიაში. ახლა მეოთხე კურსზე ვარ. ამ ხნის მანძილზე რეპერტუარს ვაგროვებდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკოსისთვის. "

ერევანში ჩატარებული კონკურსი თიკოსთვის იყო პირველი კონკურსი კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში, თუმცა კონკურსში მონაწილეობამდე მას ჰქონდა სოლო კონცერტი კონსერვატორიაში. თიკოს აზრით, იქ ყველანაირი პირობებია შექმნილი საიმისოდ, რომ მონდომებულმა სტუდენტმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. მომავალში თიკო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურაში აპირებს სწავლის გაგრძელებას, არ ეთანხმება სკეპტიკოსებს და სჯერა, რომ საქართველოში ნიჭიერ მუსიკოსებს ასპარეზი აუცილებლად ექნებათ.

[თიკო კიკნაძის ხმა] " იყო პერიოდი, როცა ერთგვარი პაუზა იყო, არაფერი არ ხდებოდა. დღესდღეობით სხვაგვარადაა. საერთაშორისო კონკურსი გვაქვს ძალიან მაღალი დონის, რესპუბლიკური კონკურსიც გვაქვს, მუსიკალური ფესტივალები ტარდება. ასე რომ, ბევრი რამ ხდება. მე არ ვფიქრობ, რომ აქ, საქართველოში, მუსიკოსებს გასაქანი არ ექნებათ. უბრალოდ, დრო სჭირდება ყველაფერს. "



განვაგრძობთ "ახალგაზრდულ პროგრამას". ახლა შემოგთავაზებთ დაპირებულ სიუჟეტს, რომელშიც ახალგაზრდები - აჭარის მკვიდრი კმარელები - საკუთარ მოლოდინზე ინკოგნიტოდ ისაუბრებენ. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ დავით პაიჭაძეს სთხოვეს მათი ხმებიც შეეცვალა.



დავით პაიჭაძე, თბილისი

ბოლო ერთი კვირის მანძილზე აჭარაში განვითარებული მოვლენები, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხდომილებებია საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში დემოკრატიული პრინციპების დეკლარირებით მოვიდა, ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვით ეპასუხება აჭარაში დაწყებულ მოქალაქეთა დევნას. სიტყვიერ მხარდაჭერას არ სცილდება სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენელთა ქმედებებიც. მართალია, აჭარის მკვიდრთათვის ესეც საქმეა, მაგრამ ისინი მეტს მოელიან, მეტს საჭიროებენ და ამ მეტს, უწინარესად, საკუთარ თავს სთხოვენ.

ჩემი რესპონდენტები ამბობენ, რომ აჭარაში თანდათან იკლებს ხელისუფლების შიში. ადამიანები უფრო გაბედულად ავლენენ თავიანთ დამოკიდებულებას აბაშიძის მმართველობისადმი. ადრე, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, სხვა სურათი იყო:

[რესპონდენტის ხმა] "პიროვნებას, რომელმაც გამოთქვა აზრი ან საპროტესტო აქტი ჩაიდინა ხელისუფლების წინააღმდეგ, არ ჰქონდა იმედი, რომ ვინმე ზურგს გაუმაგრებდა. ამიტომ ის ან ჩერდებოდა, ან მიდიოდა აჭარიდან. ახლა, როცა გაუჩნდა იმედი, რომ ზურგს გაუმაგრებენ, - იგივე მასმედია, იგივე ქვეყნის ხელისუფლება, - უფრო აქტიურები, უფრო მამაცები ხდებიან და აღარ მალავენ ამ ყველაფერს."

ჩემს თანამოსაუბრეებს ვთხოვე, აჭარაში საზოგადოების შიშის შემცირებისა და სამოქალაქო გამბედაობის ზრდის თუნდაც ერთი მაგალითი მოეთხროთ. მსმენელმა იცის, რომ რეპრესიების ტალღა აჭარაში დაიწყო ნაახალწლევს, მოძრაობა "კმარას" ამოქმედების შემდეგ, რის შედეგადაც ბათუმში გამოჩნდა სტიკერები - მცირე ზომის პლაკატები - წარწერით "კმარა უმოქმედობა", "კმარა იმიტომ, რომ მე მიყვარს საქართველო" და "კმარა აბაშიძის დიქტატურა". ჩემი რესპონდენტები ის ხალხია, ვინც ამ პლაკატებს ქალაქში აკრავდა. ისინი ერთ ეპიზოდს იხსენებენ:

[რესპონდენტის ხმა] "სადარბაზოში, კარებთან, სტიკერი გავაკარით. იქ მცხოვრებმა რომ დაინახა, შეშინდა და ჩამოხია. მისმა მეზობელმა - ის უფრო გაბედული კაცი აღმოჩნდა და არ ჩამოუხევია - უთხრა, რატომ ჩამოხიეო. ეს რომ გავიგეთ, მეორე დღეს, განზრახ, კიდევ მივაკარით იმავე ადგილას და ამჯერად დატოვა, ხელი აღარ უხლია."

აჭარაში მცხოვრებმა ათასობით მოქალაქემ დატოვა ეს მხარე მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ იგუა ასლან აბაშიძის რეჟიმი. მათი უმეტესობა, ვისაც ეს რეჟიმი გულზე არ ეხატება და, ბუნებრივია, მმართველ წრესა თუ კლანს არ მიეკუთვნება, განწირულია, იყოს სოციალური აუტსაიდერი. ასე ხდებოდა აქამდე. ჩემს რესპონდენტებს იმედი აქვთ, რომ ამიერიდან ვითარება შეიცვლება, ოღონდ შესაცვლელად რამდენიმე ნაბიჯია საჭირო:

[რესპონდენტის ხმა] "ეს ადამიანები, ყველანი, უნდა ჩამოვიდნენ ბათუმსა და აჭარაში. თბილისში განცხადებების კეთება ადვილია. აუცილებელია, მათ გაიარონ ბათუმის ქუჩებში, რათა სხვებმაც დაინახონ, რომ ვერავინ ვერავის ვერ შეაშინებს. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ აბაშიძის ხელისუფლება არ ჩამოსცილდება მთლიანად საქართველოს."

ჩემი რესპონდენტები დანარჩენი საქართველოდანაც - პირველყოვლისა, ცხადია, თბილისიდან - მოელიან მხარდაჭერას.

[რესპონდენტის ხმა] "ამ დროს უმთავრესია მასმედიის დიდი ყურადღება ამ მოვლენებისადმი. რაღაც მონიტორინგს უნდა ატარებდეს მედია... რაც შეიძლება, მეტი კორესპონდენტი უნდა მუშაობდეს აჭარაში (არადა, ცენტრალური მედიიდან სულ რამდენიმე კაცი თუ მუშაობს), არასამთავრობო ორგანიზაციათა რაც შეიძლება, მეტი წარმომადგენლები უნდა ჩამოდიოდნენ ბათუმში და მართავდნენ სემინარებს, შეხვედრებს - ისე, როგორც ეს ხალხი თბილისში აქტიურობდა რევოლუციის დროს."

აჭარელი ახალგაზრდები აბაშიძის მმართველობას დიქტატურას უწოდებენ და ამბობენ, რომ აჭარის სპეცსამსახურებისათვის უცხო არ არის მოქალაქეთა დამუშავება. რას ჰქვია დამუშავება? ესაა ადამიანის იძულება, უარყოს ის, რაც იფიქრა და თქვა. ჩემს ერთ მოსაუბრეს "დამუშავების" აჭარული პრაქტიკა საბჭოთა კავშირს ახსენებს, სადაც, თუ დისიდენტს გატეხდნენ, ის ინანიებდა თავის ქმედებას და უწინდელ აზრებსა თუ საქციელს სხვათა მიერ შეცდენას ან მოსყიდვას მიაწერდა. მე დავინტერესდი, ძირითადად, რა არგუმენტებს მიმართავენ აჭარის სპეცსამსახურები მოქალაქეებზე ზემოქმედების დროს:

[რესპონდენტის ხმა] "უფრო ნათესავებს მიუშვებენ ხოლმე და ათქმევინებენ, რომ დათმოს პოზიცია. თუ არ დათმობს, იძულებულს გახდიან, საერთოდ წავიდეს აჭარიდან. ან უნდა დათმო, ან უნდა წახვიდე. - თუ არც დათმობ და არც წახვალ? - მაშინ სისტემატურად ცემა-ტყეპა მოგელის. რატომ იჭერენ ნათესავებს? იმიტომ, რომ სხვა ნათესავები აიძულონ, მივიდნენ და უთხრან: დაანებე, შვილო, თავი ამ საქმეს, რატომ ღუპავ ოჯახს. ამ ნათესავს, აგერ, სამუშაო აქვს, რად გინდა რომ უმუშევრად დატოვო, ერთი სტიკერის გულისთვის მთელ სანათესაოს რატომ გვიღუპავ და ა.შ. თან აჭარა პატარა რეგიონია, ბათუმი პატარაა, ლამის ყველა ერთმანეთის ნათესავი და ახლობელია და ეს მეთოდი ეფექტურად მუშაობდა აქამდე. ახლა კი არ ვიცი, შევხედავთ."

აშკარაა, აჭარის ხელისუფლება ცდილობს, ამ მეთოდს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს: ის ყოველდღე დევნის და აპატიმრებს "კმარას" აქტივისტებს აჭარაში, აპატიმრებს მათ უახლოეს ნათესავებს და წინასწარი დაკავების საკანში ამ უკანასკნელთაც ტოვებს.

როგორ ესახებათ რეჟიმთან დაპირისპირების გაგრძელება აჭარელ ახალგაზრდებს? ცხადია, კონკრეტულ სვლებზე ლაპარაკს ისინი თავს არიდებენ, თუმცა ამბობენ, რომ სამოქმედო გეგმა აქვთ. გასამხელ საშუალებათაგან კი ყველაზე ქმედითად საზოგადოებისა და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის თანდათან გააქტიურება მიაჩნიათ.

[რესპონდენტის ხმა] "კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სტუდენტებსა და ახალგაზრდობას: გამოდით და თქვით თქვენი სიტყვა. გაამხნევეთ ერთმანეთი. გამოვიდნენ ქუჩებში ჩვეულებრივად, უთხრან ერთმანეთს: მოდი, შევქმნათ ჩვენი ჯგუფები, მივიდეთ და მხარი დავუჭიროთ დაპატიმრებულებს და ა.შ. ამის უამრავი ფორმა არსებობს. მე იმედი მაქვს, ხალხი გამოვა, გაიზიარებს ჩვენს გულისტკივილს და რაც მეტნი, მით ძლიერები ვიქნებით. ყველას ვერ გაგვისწორდებიან."

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG