Accessibility links

''ქართული სპორტის საუკუნე - დაუვიწყარი სახელები''


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი მირიან ცალქალამანიძე დაიბადა 1927 წლის 28 თებერვალს

თელავის რაიონის სოფელ კონდოლში - XVI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი, ახალგაზრდობის საერთაშორისო სპორტული თამაშების ოქროს მედალოსანი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. გარდაიცვალა თბილისში 2002 წლის 2 აგვისტოს.

ქართველ ფალავანთა საერთაშორისო დებიუტი 1950-იან წლებში შედგა, როცა საბჭოთა გუნდები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში ჩაებნენ. იმდროინდელ საბჭოთა ნაკრებში საქართველოს მოჭიდავეებს მოწინავე პოზიციები ეკავათ და ერთ-ერთი ლიდერთაგანი სწორედ მირიან ცალქალამანიძე იყო. უმჩატეს წონით კატეგორიაში, საკავშირო მასშტაბით, მირიანი ყველას ჯაბნიდა და თავისი უპირატესობის დასამტკიცებლად სულ ორი-სამი თვე და ამდენივე შეჯიბრება დასჭირდა. არადა, ჭიდაობაში ვარჯიში ახალი დაწყებული ჰქონდა. სპორტულ დარბაზში პირველად 24 წლის ასაკში შეაბიჯა და პირველი მწვრთნელიც მაშინ გაიცნო. მაგრამ მირიანს ზურგს უმაგრებდა სოფლის ნახერხმოყრილ საჭიდაო მოედანზე მიღებული გამოცდილება, ტოლბიჭებთან სახელდახელო შერკინებისას ნასწავლი ქართული ჭიდაობის ილეთები. "ჩვენი თაობის ფალავნები, როგორც წესი, ქართული ჭიდაობით იწყებდნენ და ამის შემდეგ ხდებოდნენ დიდი ჩემპიონები,"-ამბობს ჭიდაობის პროფესორად აღიარებული ვახტანგ ბალავაძე, რომელსაც მირიან ცალქალამანიძესთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა.

(ვახტანგ ბალავაძის ხმა) "მირიანი ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მახსოვს. მართალია, ასაკით კი იყო მომწიფებული, მაგრამ შეჯიბრებისთვის არ იყო მზად. მიუხედავად ამისა, მან იცოდა ქართული ჭიდაობის ილეთები და ერთ წელიწადში უკვე საბჭოთა კავშირის ნაკრებში შეიყვანეს. ეს იყო დიდი წარმატება."

იმ პერიოდში მირიანი უკვე თბილისში ცხოვრობდა. რამდენიმე წელი ქარხანაში ზეინკლად იმუშავა, პარალელურად თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში სწავლობდა და მესამე კურსზე იყო, როცა შემთხვევით ცნობილი მწვრთნელის ლევ კაპიტონოვის ჯგუფში აღმოჩნდა. იმ დღიდან მირიანის ცხოვრებაში სპორტმა მთავარი ადგილი დაიკავა.ახლა გთავაზობთ საქართველოს რადიოს არქივში დაცული მასალის ერთ ფრაგმენტს.საუბრობს მირიან ცალქალამანიძე:

(მირიან ცალქალამანიძის ხმა) "1951 წელს ამხანაგმა წამიყვანა ფეხბურთის სათამაშოდ. იქ მწვრთნელმა არ მათამაშა. განაწყენებულნი გავბრუნდით უკან. ამხანაგი მეუბნება, დღეს ჭიდაობაში მაქვს ვარჯიში და იქ წავიდეთო. წავედით, პეტრეს ცირკს რომ ვეძახდით, იქა. პირველად ვნახე ის დარბაზი. შევედი და ვიღაცას ვეჭიდავე. ერთხელ წავაქციე, მეორედაც. მწვრთნელმა დაინახა და დაინტერესდა: რაშია საქმე, ამას ვინ აქცევსო. მერე ჩამკიდა ხელი და მკითხა, ვისთან ვარჯიშობო. მე ვუპასუხე, არავისთან-მეთქი. ჰოდა, დავიწყე იმ დღიდან ვარჯიში."

ლევ კაპიტონოვმა ტანმორჩილ სოფლელ ბიჭში მომავალი ჩემპიონი ამოიცნო და ალღომ არც ამჯერად უმტყუნა. ბუნებრივი მონაცემები, შრომისმოყვარეობა და მტკიცე ხასიათი - სპორტულ წარმატებას, უმთავრესად, ამ თვისებათა ერთობლიობა განაპირობებს. მირიან ცალქალამანიძის შემთხვევაშიც ასე იყო. მისი სპორტული კარიერა თბილისის ჩემპიონატით დაიწყო.
(მირიან ცალქალამანიძის ხმა) " შემთხვევით ქალაქის ჩემპიონი გავხდი. ერთი წლის შემდეგ სოხუმში ჩატარდა საქართველოს პირველობა. მე კავთისხევს გაცილებული არ ვიყავი. ჩემი ოცნება იყო ზღვა დამენახა. ჩავედით, ზღვაშიც ვიბანავე, ვიჭიდავე, საქართველოს ჩემპიონატშიც მეორე ადგილი დავიკავე."

პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის დავით ციმაკურიძის თქმით, მირიანი ხალიჩაზე შეუპოვარი და მოუხელთებელი იყო. შეტევისას ილეთს ბოლომდე თუ ვერ მიიყვანდა, უმალ სხვა ილეთს წამოიწყებდა და მეტოქეს სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევდა. მასთან გამკლავება გამოცდილ ფალავნებსაც უჭირდათ. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ მირიანი საზღვარგარეთაც გაიცნეს და აღიარეს როგორც საერთაშორისო კლასის მოჭიდავე. მისი სპორტული კარიერის მწვერვალი, რა თქმა უნდა, მელბურნის ოლიმპიური თამაშებია, თავისი დრამატული სიუჟეტითა და იღბლიანი ფინალით. მელბურნში ცალქალამანიძე სამ მეტოქეს იოლად გაუმკლავდა, მაგრამ მეოთხე წრეში თურქ ჰუსეინ აკბასთან დამარცხდა. აი, რას წერს ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ნოდარ გუგუშვილი: "აკბასს ამჯერად მესამედ შეხვდა მირიანი, მაგრამ ვერ იქნა და ვერ გატეხა ნავსი, ვერ დაიმორჩილა ცბიერი თურქი. ცალქალამანიძეს შეუდარებელი ტექნიკა აქვს, მაგრამ აკბასი გამოცდილი და დაუნდობელი მებრძოლია, შეცდომაზე დაიჭირა მირიანი. მომდევნო შეხვედრაში თავად აკბასს მოეცარა ხელი - ირანელ ალი ხოჯასტეპურთან წააგო. ქართველ ფალავანს ჩემპიონობის თეორიული შანსი გამოუჩნდა, თუ, რა თქმა უნდა, იგი ირანელთან წმინდად მოიგებდა ბრძოლას. ეს მეტად ძნელი ამოცანა იყო. ცალქალამანიძე ჯიქურ ეკვეთა მეტოქეს. ხოჯასტეპური არ ელოდა ასეთ თავგანწირვას, დაბნეული ჩანდა და გონს მოსასვლელად ყრუ დაცვაზე გადავიდა. მირიანი ქორივით დასტრიალებდა მსხვერპლს და მეოთხე წუთზე ოსტატური შუაკაურით ბეჭებზე დასცა უკვე საბოლოოდ დაბნეული მეტოქე."

მელბურნის ოლიმპიურ თამაშებში სულ 10 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა. მირიანთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა გივი კარტოზია. ამას გარდა, ექვსმა ქართველმა ბრინჯაოს მედალი მიიღო.
XS
SM
MD
LG