Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგო ფარაჯანოვი - 80


9 იანვარს მსოფლიოში აღიარებულ თბილისელ კინორეჟისორს სერგო

ფარაჯანოვს 80 წელი შეუსრულდებოდა. დღეს დიდი რეჟისორის იუბილეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს. ფარაჯანოვის ფილმების რეტროსპექტივა იმართება პარიზში, ბერლინში, რომში, მოსკოვში, ერევანში, კიევში და, რა თქმა უნდა, თბილისში, სადაც მას კვლავაც "ქართველ კინორეჟისორად" იხსენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ფარაჯანოვის ესთეტიკა კოსმოპოლიტურია თავისი არსით, დიდი რეჟისორის შემოქმედებაზე ქართული მხატვრული ფორმის, ქართული კულტურის ტრადიციების გავლენა აშკარაა. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში "ოქროს საუკუნე", რომელიც სერგო ფარაჯანოვის იუბილეს ეძღვნება, დღეს სწორედ ამ გავლენებზე ვისუბრებთ.

"პერესტროიკის" ეპოქის დაწყებისთანავე სერგო ფარაჯანოვს, რომელიც გადასახლებიდან ორი წლით ადრე გაათავისუფლეს, საზღვარგარეთ მოგზაურობის საშუალება მიეცა. ამ დროისათვის მას უკვე დამთავრებული ჰქონდა ფილმი "ლეგენდა სურამის ციხეზე"... მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის "გოსკინომ" კატეგორიულად მოსთხოვა კინოსტუდია "ქართული ფილმის" ხელმძღვანელობას ტიტრებში, კინორეჟისორის გრაფაში, ფარაჯანოვთან ერთად სხვა რეჟისორის გვარიც მიეთითებინათ (ასე აღმოჩნდა ფარაჯანოვთან ერთად გადასაღებ მოედანზე მსახიობი დოდო აბაშიძე), ფილმის დასრულების შემდეგ "სურამის ციხე" მოსკოვმა უპრობლემოდ ჩაიბარა. "ლეგენდა სურამის ციხეზე" არა მარტო, როგორც იმხანად ამბობდნენ, "გაუშვეს გაქირავებაში", არამედ ერთი კადრიც კი არ ამოიღეს ფილმიდან. ფარაჯანოვი უკმაყოფილო იყო: გოსკინოს ცენზორთა ასეთმა საქციელმა თავისივე ფილმის ხარისხში დააეჭვა. 1985 წელს, როცა "ლეგენდა სურამის ციხეზე" ეკრანებზე გამოვიდა, სერგო ფარაჯანოვი ვერ წარმოიდგენდა, რომ ორ წელიწადში მას, ადამიანს, რომელსაც ცოტა ხნის წინ საბჭოთა ხელისუფლება "სპეკულიანტად", "მამათმავლად", "ანტისაბჭოთა მოღვაწედ" იხსენიებდა, დასავლეთში გამგზავრების საშუალებას მისცემდნენ. 1987 წელს ფარაჯანოვი ჰოლანდიაში გაემგზავრა, მერე - საფრანგეთში, 1988 წელს - იტალიაში. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კინოს მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ პირადად გაეცნოთ იგი. რომში, პაზოლინის კინოსკოლაში, სადაც სერგო ფარაჯანოვმა ლექციები წაიკითხა, ფარაჯანოვთან შეხვედრაზე ერთმა სტუდენტმა განაცხადა: "კაცს შეიძლება მოსწონდეს ან არ მოსწონდეს თქვენი ფილმები, მაგრამ არა მგონია, ვინმე გულგრილი დარჩეს თქვენი ფენომენისადმიო."

მართლაც, სერგო ფარაჯანოვმა თვისებრივად ახალი ესთეტიკა შექმნა მსოფლიო კინოში --ხელოსნობა, "ხელოსნური", ძალზე რაციონალური, ამასთან, გამომხატველი, პლასტიკური სამყარო "ხელოვნების" დონეზე აიყვანა. ამ სამყაროს შეფასება არ შეიძლება "კარგი" და "ცუდი" გემოვნების კატეგორიებით, რადგან ეს სამყარო თავად უარყოფს "გემოვნების" ფენომენს ხელოვნების ნაწარმოების შეფასებაში. რეჟისორი თითქოს კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ ფილმის შეფასებას მხოლოდ ერთი კრიტერიუმი უნდა ჰქონდეს --რამდენად გამოხატავს ფილმი, როგორც ხელოვნების ნაწარმოები, რეჟისორის ხასიათს, მის სულიერ სამყაროს, მის დამოკიდებულებას სამყაროსადმი - რამდენადაა თავისუფალი ავტორი. ამ თვალსაზრისით კი, სერგო ფარაჯანოვის ყოველი ფილმი მისი ხასიათია - ხასიათი ნაწყენი, "ნატკენი", მაგრამ სიცოცხლისა და ადამიანების რწმენით აღსავსე ხელოვანისა, რომელსაც ერთი ძირითადი "კანონი" აქვს - სილამაზის არანორმალური სიყვარული.

ხასიათის შექმნაში კი გარემო, აღზრდა, ცხოვრების ატმოსფერო ასრულებს წამყვან როლს. კინორეჟისორი რეზო ესაძე ამტკიცებს, რომ ფარაჯანოვის ესთეტიკა არა მხოლოდ "თბილისური" მოვლენაა, რასაც განუწყვეტლივ ამტკიცებენ მისი შემოქმედების მკვლევარები, არამედ არის ქართული კულტურის ნიადაგზე აღმოცენებული პოეტიკა.


[რეზო ესაძის ხმა]: "მე მინდა საგნად ქცევა და საგნის გაადამიანურება. ფარაჯანოვი მთლიანად საგნებშია, ადამიანი და საგანი ერთი და იგივეა. ჩემთვის ფარაჯანოვი აუხსნელი კითხვაა."

რეზო ესაძე აღნიშნავს, რომ ყოფითი საგნის ქცევა პოეტურ სახედ - ქართული კულტურის ძველთაძველი ტრადიციაა, რომელსაც სერგო ფარაჯანოვი ძალიან კარგად იცნობდა. საქართველოში გადაღებულ ფილმებში "ლეგენდა სურამის ციხეზე" და "აშუღ ყარიბი" ფარაჯანოვი სივრცეს აგებს იმ პრინციპით, რომელსაც კლასიკური ქართული ხუროთმოძღვრება ეყრდნობა - ეს სივრცე ყოველთვის "ღიაა" და მზადაა მიიღოს "უცხო", თანაც ისე, რომ არ შეიჭრეს მასში და არ დათრგუნოს. თავის მხრივ, მონუმენტური ძეგლი არასდროს თრგუნავს ადამიანს თავისი პროპორციებით თუ დეკორით. არქიტექტურა ყოველთვის "ადამიანურია" და, პირველ რიგში, ბუნების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ფარაჯანოვის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კინემატოგრაფიული ენის მიმართ რეჟისორის ასეთი მიდგომა შეიმჩნეოდა არამარტო მის ქართულ ფილმებში. სერგო ფარაჯანოვის უკრაინულ სურათში "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები", რომელმაც რეჟისორს მსოფლიო აღიარება მოუტანა, კარპატების მკვიდრთა ყოფა, ტანსაცმელი, მუსიკა მხოლოდ დეკორია, შეიძლება ითქვას, "ნიღაბია", რომლის მიღმა შეიგრძნობა სრულიად განსხვავებული კულტურების თანაარსებობა.

[მუსიკა: "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები". "გუცულები"]

"მივიწყებულ წინაპართა აჩრდილებში" - ამ "კარპატულ "რომეო და ჯულიეტაში" განუწყვეტლივ იქმნება ფანჯრის ფორმის კინოკომპოზიციები, რომელსაც არასდროს "შეჰყავს" მაყურებელი ეკრანულ სივრცეში, არ იზიდავს მაგნიტივით, როგორც კლასიკური კინოს სხვა ნიმუშებში. ესაა უფრო ეთნოგრაფიული რიტუალების, ფარაჯანოვისთვის ჩვეული რიტუალების - ნათლობის, ლოცვის, დაკრძალვის - მოზაიკა, სანახაობა, რომელიც მაყურებლისკენაა მიმართული. რეჟისორი თითქოს ეპატიჟება მაყურებელს, სთავაზობს მას ჩერთოს თამაშს, რომლის პროცესში ყველა თანასწორია, სადაც არავინ ამტკიცებს რამეს. შეიძლება ითქვას, რომ ესაა რიტუალი, რომელიც "მითის დამკვიდრებამდე" იშვა, პრიმიტივიზმის აღორძინება - ჟესტისა და მუსიკის ხელოვნება.

[მუსიკა: "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები"]

დიახ. ფარაჯანოვის მხატვრული სამყარო, უპირველეს ყოვლისა, მაყურებლისთვის იქმნება - მისი აქტიურობისთვის, პროვოცირებისთვის არის მოწოდებული. ამიტომ ამბობენ, რომ ფარაჯანოვის ფილმები ადრეისტორიულ, პირველყოფილ სამყაროსთან გვაკავშირებს - იმ სამყაროსთან, რომელიც ბუნებრიობას უნარჩუნებდა ადამიანს; როცა ადამიანი ჯერ კიდევ ბუნების ნაწილი, "ბავშვი" იყო. ამიტომაც ესოდენ "ბავშვურია" მისი ფილმების მხატვრული სამყარო. ის ადამიანები, რომლებიც სერგო ფარაჯანოვს ახლოს იცნობდნენ, დიდი რეჟისორის დახასიათებისას, როგორც წესი, სწორედ ამ სიტყვას ამბობენ - "ბავშვი"... ასე ახასიათებს სერგო ფარაჯანოვს რეჟისორი და მსახიობი გოჩა კაპანაძეც, რომელსაც ქართველი თეატრმცოდნეები ხშირად "თეატრის ფარაჯანოვს" უწოდებენ ხოლმე. გოჩა კაპანაძესთან საუბარს ერთი კვირის შემდეგ შემოგთავაზებთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG