Accessibility links

logo-print

სკანდალი ბი-ბი-სი-ში


ბრიტანეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაციამ, ბი-ბი-სი-მ დროებით დაითხოვა თავისი ცნობილი თანამშრომელი, პოპულარული ტოკშოუს მოდერატორი, რობერტს კილროი-სილკი.

ამის მიზეზი გახდა სილკის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც მან არაბებს შეურაცხყოფა მიაყენა. უმცირესობათა უფლებების დამცველები მიიჩნევენ, რომ ბი-ბი-სი სწორად მოიქცა. ადამიანის უფლებების დამცველთა აზრით კი, კორპორაციამ პრესის თავისუფლება დაარღვია კილროი-სილკის დათხოვნით.

კილროი-სილკი, რომელიც ბი-ბი-სი-ს ტელევიზიის ერთ-ერთ მოწინავე ჟურნალისტად ითვლება, ლონდონში გამომავალი "დეილი ტელეგრაფის" 4 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ არაბები არიან "თვითმკვლელი ტერორისტები, კიდურების მომკვეთნი და ქალთა მჩაგვრელები.

მას მერე, რაც ამ პუბლიკაციას დიდი სკანდალი მოჰყვა, ბი-ბი-სი-მ კილროი-სილკს შეუჩერა უფლებამოსილებები და საქმის გამოძიება დაიწყო.

ბრიტანეთის რასობრივი თანასწორობის კომისიამ ჟურნალისტს "სათანადო ბოდიშის" მოხდა მოსთხოვა და მის განცხადებას "ძალზე შეურაცხმყოფელი" უწოდა.

ბრიტანეთის მუსულმანთა საბჭომ კილროი-სილკის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა პრესის საჩივრების კომისიაში და პოლიციაში. საბჭოს წარმომადგენელმა სარა ჯოზეფმა ჩვენს რადიოს უთხრა:

[ჯოზეფის ხმა] "საბედნიეროდ, ბი-ბი-სი-მ დროებით დაითხოვა იგი და ძალზე სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ამ ინციდენტთან დაკავშირებით. რასობრივი თანასწორობის კომისიაც სერიოზულად მოეკიდა ამ საკითხს და ეს შემთხვევა პოლიციის ყურადღების საგანი გახადა."

სარა ჯოზეფის თქმით, მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო ამჟამად მუსულმანები და, კერძოდ, არაბები თავდასხმის სამიზნედ არიან ქცეული. მისი აზრით, საზოგადოებრივ სამსახურში მყოფთ სხვაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მსგავს შემთხვევებში.

თავად კილროი-სილკი სინანულს გამოთქვამს მომხდარის გამო და აცხადებს, რომ მან იგულისხმა არა ყველა არაბი, არამედ ის არაბული რეჟიმები, რომლებიც, მისი თქმით, "არის "ბოროტი, ტირანული და დიქტატორული". ამავე დროს მან იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ ბი-ბი-სი-მ არ დაიცვა იგი.

რაც შეეხება მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების "დეილი ტელეგრაფს," სადაც დაიბეჭდა კილროი-სილკის განცხადება, გაზეთის ცნობით, ბრიტანეთის მოსახლეობის 97 პროცენტი ჟურნალისტის მხარეზეა. თუმცა ამ თემაზე სხვა სახის კომენტარისგან "დეილი ტელეგრაფი" ჯერჯერობით თავს იკავებს.

ბი-ბი-სი-ში გაჩენილი სკანდალი კიდევ ერთხელ წამოჭრის პრესის თავისუფლებისა და რასობრივი დისკრიმინაციის საკითხებს.

ბრიტანეთის ჟურნალისტთა კავშირის პრესმდივნის, ტიმ გოტშილის თქმით, საქმე ეხება არა აზრის გამოთქმაზე უარს, არამედ იმის ზუსტად გარკვევას, თუ რა იქნა გამოთქმული.

[გოტშილის ხმა] "სიტყვის თავისუფლებით ნებადართულია აზრის უხეში ფორმით გამოხატვა რაც გინდა მკვეთრი ფორმით, თუკი იგი ემყარება გონიერებას. თუკი აკრიტიკებთ ვიღაცას რაღაცისთვის, რაც რეალურია და რის დასაბუთებაც შესაძლებელია."

გოტშილის თქმით, ამ კრიტერიუმებით თუ მივუდგებით, კილროი-სილკის გამონათქვამის კვალიფიცირება არ არის მთლად იოლი და იგი დასაშვების ზღვარზეა.

თავად ბი-ბი-სი აცხადებს, რომ არ სურს კომენტარი გაუკეთოს ამ სკანდალს მისი საკუთარი გამოძიების დასრულებამდე.
XS
SM
MD
LG