Accessibility links

logo-print

ქართული საზოგადოება ადამიანის უფლებათა დარღვევის წინააღმდეგ


დავით პაიჭაძე, თბილისი ბოლო დღეებში საქართველოს მოქალაქენი არაერთხელ გახდნენ ადამიანის უფლებათა დარღვევის მოწმენი: მოვლენები აჭარაში, მანიფესტანტების ცემა ქუთაისის ახლოს, საეჭვო გარემოებები თამაზ

მაღლაკელიძის გატაცებაში ბრალდებულ პირებთან დაკავშირებით... ეს ყოველივე არ დარჩენილა ქართული საზოგადოების კრიტიკული ყურადღების მიღმა. მინდა რამდენიმე კომენტარი და, ამასთანავე, ერთი საგულისხმო ფაქტი გაგაცნოთ.

გასული კვირის მიწურულს თერჯოლაში ე.წ. კანონიერი ქურდი ამბროლაძე დააკავეს. 11 იანვარს, ამბროლაძის მხარდაჭერის ნიშნად, რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ ქუთაისთან ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა. აქცია პოლიციის რაზმმა დაშალა. დაშლისას პოლიციელებმა უმოწყალოდ ურტყეს აქციის მონაწილეებს. არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტის" კოორდინატორმა ქუთაისში გოჩა ჩხეტიამ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და პროკურატურას თხოვნით, აღძრას საქმე იმ პოლიციელთა წინააღმდეგ, რომელთაც აშკარად გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებებს. ამ ფაქტს 12 იანვარს მოძრაობა "კმარას" წევრებიც გამოეხმაურნენ. ერთ-ერთმა კმარელმა, თეა თუთბერიძემ, განმიცხადა, რომ ორგანიზებულ დანაშაულსა და ყველა ჯურის ქურდებთან ბრძოლა ხელისუფლების მიზნად მიაჩნიათ და მოითხოვენ კიდეც ამას. გზის გადაკეტვა დარღვევაა,

[თეა თუთბერიძის ხმა] "მაგრამ როცა აქციას დაშლი დ ამის შემდეგ ხალხს სტენი მანქანებში, ურტყამ ხელკეტებს - ეს ყოვლად მიუღებელია. თუ ეს ხელისუფლება და პოლიცია აქციათა მონაწილეებს ძველი ხერხებით შეებრძოლებიან, უნდა ვთქვათ, რომ ეს არ შედის არანაირ პროცესუალურ ნორმებში. მომიტინგეთა ასეთი სისასტიკით დარბევა, თუნდაც ისინი კანონს არღვევდნენ აქციის ჩატარების დროს, სრულიად მიუღებელია საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის."

ამ თვალსაზრისს იზიარებს ადამიანის უფლებათდამცავი არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" წევრი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელკეტების გამოყენება სრულიად ზედმეტი იყო მას შემდეგ, რაც აქცია, არსებითად, დაიშალა. ასეთი ქცევით ხელისუფლება, ჩანს, მოქალაქეთა დაშინებას და ძალის დემონსტრირებას უფრო ისახავს მიზნად, ვიდრე წესრიგის აღდგენას, მითხრა გელა ნიკოლაიშვილმა. რაც შეეხება მოვლენებს აჭარაში, ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ იქ ანტიდემოკრატიული რეჟიმი ლოგიკურად აგრძელებს იმას, რასაც ბოლო 10-11 წლის მანძილზე სჩადიოდა.

[გელა ნიკოლაიშვილის ხმა] "შემიძლია მხოლოდ ის დავამატო, რომ, როგორც წინა ხელისუფლება ასლან აბაშიძესთან ერთად აგებდა პასუხს ყველაფერზე, რაც იქ ხდებოდა, ასევე დღევანდელი ცენტრალური ხელისუფლება აგებს პასუხს იმ პიროვნებათა უსაფრთხოებაზე, ვინც დაკავებულია პოლიტიკური ნიშნით."

თამაზ მაღლაკელიძის გატაცებაში ბრალდებულთა დაპატიმრებამაც სერიოზული ეჭვები გააჩინა პროცესუალურ ნორმათა დაცვის თვალსაზრისით. მაგრამ იყო უეჭველი დარღვევაც - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა:

[გელა ნიკოლაიშვილის ხმა] "რაც შეეხება იმ უეჭველ ვითარებას, როცა გამოდიოდა პრეზიდენტი და ამბობდა, რომ დააკავეს დიდი მასშტაბის ყაჩაღი, იგორ გიორგაძესთან შეკრული პირი - ამით მან პირს დამნაშავის კვალიფიკაცია მისცა და აშკარად მიუთითა სასამართლოს, რა გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს."

საკითხავია, რამდენად არის ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოს ახალი მთავრობის პრიორიტეტი? ერთი ფაქტი განსჯისათვის: გასული წლის მიწურულს, 22 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კენჭი უყარეს გაეროს რეზოლუციას თურქმენეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. გაერო მიმართავდა თურქმენეთის მთავრობას, დაეშვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, წითელი ჯვრის წარმომადგენლები, ადვოკატები და ახლობლები თავისუფლებააღკვეთილ პირებთან. თურქმენეთში დაპატიმრებულ პირებს, პრაქტიკულად, არავითარი უფლებები არ გააჩნიათ, მათ შესახებ თვეების მანძილზე ინფორმაციას ვერავინ იღებს. რეზოლუცია მიიღეს 73 ხმით 40-ის წინააღმდეგ. საქართველომ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა და აღმოჩნდა, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, ისეთი ცნობილი ქვეყნების გვერდით, როგორებიცაა: ჩრდილოეთი კორეა, კუბა, ბელარუსი, ლიბია, ბირმა, ზიმბაბვე, ირანი, პაკისტანი და თვითონ თურქმენეთი.

აქვე დავურთავთ იმ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეგიძლიათ იხილოთ გაეროს რეზოლუციის შინაარსი და კენჭისყრის შედეგები:

http://www.un.org/News/Press/docs/2003/ga10223.doc.htm
XS
SM
MD
LG