Accessibility links

logo-print

მოჰყვება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებს მორიგი პოლიტიკური სკანდალი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოში კვლავ აქტუალური გახდა საკონსტიტუციო ცვლილებების თემა. გამორიცხული არ არის, უახლოეს დღეებში პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყოს.

მართალია, პარლამენტის წევრთა უმრავლესობას პროექტი არ უნახავს, მაგრამ, გავრცელებული ცნობებით, ფრაქციათა ხელმძღვანელების უმრავლესობა მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის პოსტისა და მინისტრთა კაბინეტის შემოღების ინიციატივას.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობის შემოღების იდეა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში, მეექვსე წელია, ტრიალებს. შეიძლება ითქვას, რომ ერთ დროს მონოლითური მოქალაქეთა კავშირის რიგებში პირველი სერიოზული ბზარი 1998 წლის გვიან გაზაფხულზე გაჩნდა, როცა ზურაბ ჟვანიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის შემოღების აუცილებლობის შესახებ დისკუსია წამოიწყო. მაშინ ედუარდ შევარდნაძე ამ იდეას არ მიემხრო. მოგვიანებით, 2001 წელს, ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით, პარლამენტში შევიდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის შემოღების პარალელურად, ზრდიდა პრეზიდენტის ისედაც საკმაოდ დიდ უფლებებს. მაშინ, 2001 წელს, პარლამენტისთვის ეს პროექტი მიუღებელი აღმოჩნდა - ცვლილებების განხილვის პროცესიც კი არ დაწყებულა.
დღეს პარლამენტი დაჩქარებული წესით ცდილობს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას იმის მიუხედავად, რომ, თავად კონსტიტუციით, ეს პროცესი დროში გაწელილია: აუცილებელია პროექტის გამოქვეყნება და ერთთვიანი განხილვა; მხოლოდ ამის შემდეგ აქვს პარლამენტს უფლება, დაიწყოს ცვლილებებზე მსჯელობა. ეს ერთთვიანი ვადა, შესაძლოა, ამოვარდეს: როგორც სააგენტო ინტერ-პრესს განუცხადა ფრაქცია "დემოკრატების" წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა, " იურიდიულად დღევანდელი პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაში ის ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 2001 წელსაა პარლამენტში შეტანილი და დღემდე ვერც დეტალური განხილვა მოხერხდა და ვერც მიღება."
პარლამენტარი ვახტანგ ხმალაძე ამ მოსაზრებას არ ეთანხმება - მისი განმარტებით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების გამოქვეყნება განხილვისთვის აუცილებელია:
[ვახტანგ ხმალაძის ხმა] "კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი - ეს არის განსხვავებული იმისგან, რაც არის ჩვეულებრივი კანონპროექტი. ჩვეულებრივი კანონპროექტი პარლამენტში რომ შედის, შემიძლია ცვლილებები შევიტანო, დიამეტრულად შევცვალო. რაც შეეხება კონსტიტუციის პროექტს, იქ სხვა წესია: უნდა გამოაქვეყნო, ერთი თვე განხილვა მიდიოდეს და მერე უნდა დაიწყოს ამ პროექტის განხილვა. ანუ იმ ჩარჩოში უნდა დარჩეს."(სტილი დაცულია)
ამ მოსაზრებას იზიარებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და კონსტიტუციის კათედრის პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ოთარ მელქაძე:
[ ოთარ მელქაძის ხმა] "როგორ შეიძლება საკონსტიტუციო ცვლილებების, 2001 წელს შემოტანილის, ორნახევარი წლის შემდეგ განხილვა? მით უმეტეს, იმის სათაურის ქვეშ სულ სხვა პროექტის განხილვა - ეგ როგორ შეიძლება? თუმცა ჩვენთან ყველაფერი შეიძლება: 1995 წლის კონსტიტუცია, ჩვენ რომ მივიღეთ - ეს ის კონსტიტუცია კი არ იყო, რომელიც გამოქვეყნდა...საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო შერეული მოდელი - ფრანგულ მოდელთან მიახლოებული. და ერთ დღეს მოხდა რაღაც ცვლილებები და 6 დღეში მივიღეთ საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ეგეც დარღვევა იყო. წინა პარლამენტმა მიიღო გამოუქვეყნებელი პროექტის კონსტიტუცია."( სტილი დაცულია)
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა რუხაძე პრობლემის კიდევ ერთ მხარეზე საუბრობს - მისი აზრით, მორალურად მოძველებულ პარლამენტს უფლება არა აქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაიწყოს მუშაობა:
[ ზაზა რუხაძის ხმა] " თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სამართლებრივ-პოლიტიკური კულტურა არა მხოლოდ საზოგადოებაში, ხელისუფლებაშიც მაინცდამაინც დიდი არ არის, ასეთ ვითარებაში ყოვლად დაუშვებელია, რომელიმე პიროვნების ან პოლიტიკური ძალის პოლიტიკური გემოვნების მიხედვით ვიმოქმედოთ."
გავრცელებული ცნობებით, ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პრეზენტაციას მომავალ კვირაში გეგმავს. ხელისუფლების სტრატეგიაც მაშინ გამოჩნდება - დაიცავს იგი კონსტიტუციას, ანუ გამოაქვეყნებს პროექტს განხილვისთვის, თუ მხოლოდ პრეზენტაციას დასჯერდება.
XS
SM
MD
LG