Accessibility links

საქართველოში მწვავე ენერგეტიკული კრიზისი დაიწყო


ახალი წლისა და საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეებში თბილისი და თითქმის მთელი საქართველო ისე მდიდრულად იყო გაჩირაღდნებული, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ენერგეტიკული

კრიზისის დასრულების ილუზია გაუჩნდა. თუმცა ეს ილუზია, საქართველოს ელექტროენერგეტიკული პოტენციალის სისუსტის გამო, დიდხანს არ გაგრძელებულა. საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრების დღიდანვე ჯერ საქართველოს რეგიონებში, ოდნავ მოგვიანებით კი დედაქალაქშიც, ელექტროენერგიის გამორთვები დაიწყო. ტრადიციისამებრ, ელექტროსისტემის სუბიექტები ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ და პასუხისმგებლობას თავიდან ასე იცილებენ.

საახალწლო წვეულებებისა და პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის გასაჩირაღდნებლად ენერგორესურსების დაუზოგავად ხარჯვის ფაქტს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი მამუკა ნიკოლაიშვილიც აღიარებს:

[მამუკა ნიკოლაიშვილის ხმა] "საკმაოდ სერიოზული ელექტროენერგეტიკული რესურსი იქნა გამოყენებული ზამთრის მარაგიდან და ამ ყველაფერმა შექმნა საკმაოდ რთული მდგომარეობა როგორც ენგურის წყალსაცავის დონესთან მიმართებაში, ასევე საქართველოში დაგეგმილი იმპორტირებული ელექტროენერგიის შემოტანასთან დაკავშირებითაც."(სტილი დაცულია)

შედეგად, 5-6 იანვრის შემდეგ საქართველოს ქალაქებისა და სოფლების უმრავლესობა დღის მანძილზე ელექტროენერგიით სულ რამდენიმე წუთით მარაგდება და თანაც ისე, რომ წინასწარ არავინ იცის, თუ როდის დადგება ეს სანატრელი წუთები. რაიონების მნიშვნელოვანი ნაწილი კი, საერთოდ, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, მაგალითად, წალენჯიხა. იქ დღის მანძილზე 1 საათით ელექტროენერგია მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს მიეწოდება.

სწორედ ამ რაიონიდან დაიწყო ის საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც შედეგად ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუცია" მოჰყვა. ახლა წალენჯიხის მოსახლეობა მათ საპროტესტო ტალღაზე ხელისუფლებაში მოსულ ძალებს შედარებით მოკრძალებულად სთხოვს ელექტროენერგიის პრობლემის გადაწყვეტას. 12 იანვარს წალენჯიხის ცენტრში ხანმოკლე საპროტესტო აქცია გაიმართა. ამ აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, მისი რაიონი მოსახლეობისაგან დაცარიელდება, თუ ელექტროენერგიის პრობლემა არ გადაიჭრა.

[მოქალაქის ხმა] "მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის ავადმყოფი. ასთმური ავადმყოფობები გართულდა, ბავშვების ავადმყოფობები რთულია წალენჯიხაში. თქვენ წარმოიდგინეთ, საავადმყოფოს არ აქვს სინათლე. კატასტროფული სიტუაციაა წალენჯიხაში, ხალხი აქედან გარბის დღეს."

დაახლოებით ანალოგიური ვითარებაა ქუთაისშიც, რომლის მაჟორიტარი დეპუტატი ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძეა. ქუთაისის ქუჩები 11 იანვარს მოსახლეობამ ელექტროენერგიის მოთხოვნით უკვე მერამდენედ გადაკეტა.
ამგვარი პროტესტის შედეგად, ქუთაისი მთელი ღამის მანძილზე იყო განათებული.
დაახლოებით ანალოგიური ვითარებაა თბილისშიც, სადაც ეგრეთ წოდებულ ნაკლებად პრესტიჟულ რაიონებს დენი დღე-ღამის მანძილზე მხოლოდ 3 საათით მიეწოდებათ.
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი მამუკა ნიკოლაიშვილი ენერგეტიკაში შექმნილ კრიზისს სისტემის დაუმთავრებელ რეფორმას აბრალებს:
[მამუკა ნიკოლაიშვილის ხმა] "არ შეიძლება რომ ქაოსში დავტოვოთ ენერგეტიკული რეფორმები. დღეს მე, გარკვეულწილად, ვხედავ ქაოსს და, გარკვეულწილად, მე ვხედავ იმას, რომ უკონტროლობამ დაისადგურა ენერგეტიკულ სექტორში. იმის საშუალება მიეცა იქ მომუშავე კომპანიებს - ეს იქნება ენერგობაზარი, მარეგულირებელი კომისია, სამინისტრო, გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანია თუ სადისპეჩერო სამსახურები, ყველას მიეცა იმის საშუალება რომ ერთმანეთზე იქნას გადაბრალებული შექმნილი პრობლემები და პასუხისმგებელი პირი და ორგანიზაცია არ ჩანდეს." (სტილი დაცულია)

ამ ქაოსში ენერგეტიკის სამინისტროს წესრიგის დამყარების ერთი ბერკეტიღა აქვს შემორჩენილი. ის ენერგეტიკული პოლიტიკის განმსაზღვრელია და, ამ - კანონით მინიჭებული - ფუნქციის საფუძველზე, ელექტროსისტემის ყველა სუბიექტს ქამრის მოჭერასა და ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ზრუნვას ურჩევს.
XS
SM
MD
LG