Accessibility links

logo-print

წამყვან რეფორმატორებს ირანის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავენ


ირანში მოქალაქეთა პოლიტიკური უფლება-თავისუფლებები ასე შეაფასა ცნობილმა ჟურნალისტმა და დისიდენტმა მაშალა შამსოლ ვაეზინმა: "ჩვენ თავისუფალი ვართ, როცა ჩვენს აზრს გამოვხატავთ,

ამის შემდეგ უკვე აღარ". ირანელი სხვაგვარად მოაზროვნე არაერთხელ გამოუმწყვდევიათ ციხეში ამ თავისუფალი აზრების გამო. ამ ქვეყანაში, ერთი მხრივ, საკმაოდ არიან რეფორმების მომხრე ადამიანები, მაგრამ ძლიერია ისლამური სისტემის დამცველთა რიგებიც. სწორედ ამგვარმა, "გუშაგთა საბჭოდ" წოდებულმა, იურიდიულმა გაერთიანებამ გადაწყვიტა კვირას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ნება არ მისცეს რამდენიმე ათეულ რეფორმების მომხრე პოლიტიკოსს. "გუშაგთა საბჭო" სენატის მსგავსი უწყებაა, რომლის წევრებს სასულიერო წრეებიდან ირჩევენ. საბჭო დაუყოვნებლივ რეაგირებს ხოლმე, როცა შეამჩნევს საზოგადოებაში საერო ტენდენციის გაძლიერების საფრთხეს.
ხსენებულმა საბჭომ, კონსერვატორი სასულიერო პირებისგან შემდგარმა ამ საკონტროლო უწყებამ, რეფორმატორ პოლიტიკოსთა დიდ ჯგუფს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. აქვე გეტყვით, რომ არჩევნებში მონაწილეობისთვის ამ საბჭოსგან უფლების მიღება ყველა კანდიდატს სჭირდება. საბჭო მათ იდეოლოგიურ საიმედოობას ამოწმებს. არჩევნები ირანში 20 თებერვლისთვისაა დანიშნული. როგორც კვირას იუწყებოდნენ ირანიდან, "გუშაგთა საბჭომ" კანდიდატობის უფლება წაართვა მოჰამედ რეზა ხათამის და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თავმჯდომარეს მოჰსენ მირდამანის. ხათამი პრეზიდენტის ძმა გახლავთ და ირანის უმნიშვნელოვანეს რეფორმისტული ორიენტაციის პარტიას უდგას სათავეში.
ცნობამ "საბჭოს" გადაწყვეტილების შესახებ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია პარლამენტში. პროტესტის ნიშნად, პარლამენტის სხდომის ერთსაათიანი ბოიკოტი გამოაცხადეს მათ, ვისაც აკრძალვა შეეხო. დეპუტატებმა მჯდომარე გაფიცვა წამოიწყეს, 80-მდე მათგანმა დარბაზი დატოვა. პარლამენტის თავმჯდომარე მეჰდი ქარუბი შეეცადა დაეწყნარებინა დეპუტატები: უზენაეს სასულიერო ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის მივმართავ თხოვნით, იქნებ ამ დილემიდან გამოსავალი მოგვაძებნინოსო. "გუშაგთა საბჭოს" გადაწყვეტილება,სხვათა შორის, შეეხო პარლამენტის სპიკერის ორსავე მოადგილეს. პრეზიდენტმა ხათამიმ კაბინეტის სხდომის შემდეგ, კვირასვე, გააკრიტიკა გადაწყვეტილება და თქვა, რომ სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს. ჩვენს რადიოს რეგიონალურმა ანალიტიკოსმა ბილ სამიიმ უთხრა: უზენაესი ლიდერი, ალბათ, ფარულად მოუწოდებს საბჭოს გადასინჯოს გადაწყვეტილებაო.
ორშაბათს პროტესტი გაფართოვდა. მოჰამედ რეზა ხათამიმ და მისმა პარტიამ თავყრილობა მოაწყო პარტიის შტაბბინაში. პროტესტი გამოთქვეს რეგიონების მმართველებმაც, რომელთაგან 28 გადადგომით და არჩევნების მიმართ ბოიკოტით იმუქრება. ბილ სამიის აზრით, ბოიკოტი ნაკლებად მოსალოდნელია [ სამიის ხმა ] : "არა მგონია, ბოიკოტი მოსალოდნელი იყოს, რადგან პრეზიდენტი ხათამი და პარლამენტის თავმჯდომარე ქარუბი, მიუხედავად იმისა, რომ ამ აქტს არ ემხრობიან, ხალხს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ჩემი აზრით, ისინი არჩევნებს რევოლუციისა და ირანის პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმაციის გზად მიიჩნევენ." პროტესტის მიმართ სოლიდარობა გამოთქვეს სტუდენტებმაც. აი, რა უთხრა რადიო "ფარდას" ირანის სტუდენტთა გაერთიანებული ფრონტის წარმომამდგენელმა აბდულა მომენიმ:
[მომენის ხმა] "ჩემი აზრით, ფართო და უსაფუძვლო აკრძალვა, რომელიც ყოველგვარი განმარტების გარეშე მოხდა, ააშკარავებს, რომ ეს არჩევნები არ ითვალისწინებს ამომრჩეველთა და კანდიდატის უფლებებს. ის არ იქნება დემოკრატიის განმამტკიცებელი." შინაგან საქმეთა სამინისტრომ - მას რეფორომატორები აკონტროლებენ - გამოაცხადა, რომ საბჭოს გადაწყვეტილება უკანონოა და არ განხორციელდება. რეფორმისტები ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებას თავისი მიზნები აქვს. აი, რას ამბობს თეირანელი ჟურნალისტი შამსოლ ვაეზინი: [შამსოლ ვაეზინის ხმა] "გუშაგთა საბჭო" ცდილობს, ან მას სურს, ამ ნაბიჯით არჩევნებში ხალხის მონაწილეობა შეამციროს. ასე რომ, მას კონსერვატორები მოიგებენ და პარლამენტში უმეტესობა ექნებათ, მომავალში კი მთავრობაც მათ კონტროლქვეშ აღმოჩნდება." ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ გამოაცხადა, რომ ის პოლიტიკაში არ ჩაერევა, რომ მხარეებმა კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედონ.
რაც შეეხება საკონტროლო საბჭოს, მისმა წარმომადგენელმა მოჰამად ჯაჰრომიმ არ გამორიცხა, რომ უკმაყოფილო დეპუტატების საქმეებს კიდევ ერთხელ განიხილავენ.
მიმომხილველები კონსერვატორების კიდევ ერთ მიზანს ხედავენ ამ გადაწყვეტილების მიღმა: უცხოეთის ქვეყნებთან, სხვათა შორის, აშშ-სა და ევროპასთან კავშირების შესუსტებას, რაც მკაცრი ხაზის გატარების არაერთ მომხრეს სურს.

იქნება თუ არა, საერთოდ, პროტესტი წარმატებული, არ არის ცხადი. ამბობენ, რომ ირანელი პარლამენტარების პროტესტის საგანი მათი პირადი დისკვალიფიკაციაა და არა საარჩევნო კანონის დარღვევა. ირანის საზოგადოება კი კვლავაც გულგრილია რეფორმატორების მიმართ - მათ ხომ ადრინდელი დანაპირებიც არ შეუსრულებიათ.
XS
SM
MD
LG