Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ერთი მილიონი ევრო საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმისთვის


საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე ევროკავშირსა

და საქართველოს შორის მოლაპარაკება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამის პარალელურად არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია დროდადრო შეახსენებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხდება სრულ შეუსაბამისობაშია საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან. რისი შეცვლა მიაჩნია ამ სისტემაში აუცილებლად ევროკავშირს, რისთვის გადაწყვიტა მან ერთი მილიონი ევროს დახარჯვა.

ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ 2001 წელს შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირი დაეხმარებოდა მას უწყებრივი, ადმინისტრაციული, სამართლებრივი რეფორმის განხორციელებაში და მხარს დაუჭერდა საქართველოს სასამართლო რეფორმასა და კორუფციის დაძლევაში. მაშინვე დაზუსტდა, რომ ევროკავშირის დახმარება ყველაზე ეფექტიანი პროკურატურისა და პენიტენციური სისტემის რეფორმაში იქნებოდა.

ევროკავშირის პროექტის - "საქართველოს პენიტენციური სამსახურის რეფორმა" - მენეჯერი იულია იაკობი განმარტავს, რომ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა ითვალისწინებს მისი მენეჯმენტის გაძლიერებას, რაც სისტემის დეცენტრალიზაციის ფონზე უნდა მოხდეს. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს მენეჯმენტის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ტექნიკის შეძენასაც, მაგრამ - არა ციხეების შენობების რეკონსტუქციას.

პროექტის განხორციელება სავარაუდოდ მარტში დაიწყება. ჯერჯერობით მიმდინარეობს ტენდერი, რომელშიც მონაწილეობენ ევროპული კომპანიები. იულია იაკობიმ განმიმარტა თუ როგორი ორგანიზაცია შეიძლება ჩაითვალოს ტენდერში კონკურენტუნარიან მონაწილედ:

[იაკობის ხმა]
"რაც შეეხება ტენდერში მონაწილეობის კრიტერიუმებს: კომპანია, რომელსაც სურს ერთი მილიონი ევროს განკარგვა, თავად უნდა იყოს ფინანსურად მძლავრი, რომ შეძლოს ასეთი მასშტაბის გრანტის მართვა. ამას გარდა კომპანიას უნდა ჰყავდეს თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობა და უნდა გააჩნდეს მსგავსი პროექტების სხვა ქვეყნებში წარმართვის გამოცდილება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ საქართველოს კომპანიებს გაუჭირდებათ ამ ტენდერში მონაწილეობა".

იულია იაკობის ამ კომენტარის შემდეგ, ბუნებრივია, დავინტერესდი იმით, თუ საერთოდ რა როლი შეიძლება შეასრულონ ქართულმა ორგანიზაციებმა პროექტის განხორციელებაში. წარმოუდგენელია, რომ მათთან კონსულტაციის გარეშე თუნდაც ყველაზე გამოცდილმა ევროპის კომპანიამ შეძლოს პენიტენციური რეფორმის პროექტის განხორიცელება. იულია იაკობიმ ამაზე მიპასუხა:

[იაკობის ხმა]
"უპირველეს ყოვლისა, პროექტი განხორციელდება იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ვინაიდან იუსტიციის სამინისტრო არის პროექტის მიმღები ორგანიზაცია. მეორე - პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ექსპერტები, რადგან სხვაგვარად ის ვერ იმუშავებს. გარდა ამისა, პროექტით განსაზღვრულია გარკვეული როლი საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რადგან მათ უნდა შეუწყონ ხელი იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური რეფორმის განხორციელებაში".

ევროკავშირმა ტენდერში მონაწილე კომპანიებს განუსაზღვრა პროექტის ამოცანები და ხანგრძლიობა. ამოცანები მაქსიმალისტური გახლავთ, ხანგრძლიობა კი წელიწადნახევარი, მაქსიმუმ - ორი წელიწადი. პროექტის ამოცანები სატენდერო დოკუმენტში ასეა განსაზღვრული: - ძლიერი, გამჭვირვალე და მენეჯმენტის დეცენტრალიზებული სტრუქტურის შექმნა; პენიტენციური რეჟიმის გაუმჯობესება და სასჯელაღსრულების სისტემის ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობის გაძლიერება.

რაც შეეხება "საქართველოს პენიტენციური სამსახურის რეფორმის პროექტის" მასშტაბს, თავდაპირველად ის სისტემის ერთ ნაწილზე გავრცელდება. პროექტის მენეჯერი განმარტავს:

[იაკობის ხმა]
"ჩანაფიქრის თანახმად, პროექტის განხორციელება დაიწყება ცენტრალურ დეპარტამენტში და ერთ, ან ორ რეგიონულ ციხეში იმისათვის, რომ მოვსინჯოთ თუ როგორი კომუნიკაცია არსებობს დღეს ცენტრსა და რეგიონულ ციხეებს შორის. ამის შემდეგ კი დავსახავთ მისი გაუმჯობესების გზებს".
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG