Accessibility links

logo-print

საკამათო წიგნი ჯორჯ ბუშის შესახებ


ამერიკაში დიდი აურზაურია ატეხილი შეერთებული შტატების ყოფილი ფინანსთა მინისტრის, პოლ ო' ნილის მიერ დაწერილი წიგნის გამო.

მასში პრეზიდენტი ბუში ერთობ უარყოფითადაა წარმოდგენილი და სერიოზული ეჭვებია გამოთქმული ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების ვადების თაობაზე. ამჟამად საზოგადოებრიობა იმის გარკვევითაა დაკავებული, თუ რამდენად ობიექტური წყაროა ყოფილი მინისტრი, რომელიც ჯორჯ ბუშმა ერთი წლის წინ გაათავისუფლა თანამდებობიდან.

ო' ნილის წიგნში გამოთქმული მთავარი ბრალდება ისაა, რომ ერაყის ოკუპაციის შესახებ გადაწყვეტილება ბუშმა 2001 წლის იანვარში პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ მალევე მიიღო.

ეს თვალსაზრისი სრულიად ეწინააღმდეგება ამერიკის ადმინისტრაციის ვერსიას, რომ შეერთებულმა შტატებმა ომი წამოიწყო იმის გამო, რომ ერაყს მოეპოვებოდა ბირთვული, ბიოლოგიური და ქმიური იარაღის პროგრამები და რომ 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების ფონზე გაჩნდა ამ იარაღის ტერორისტებისთვის გადაცემის საფრთხე.

ო' ნილის თქმით, ბუშის კაბინეტში მისი ყოფნის 23 თვის მანძილზე განუწყვეტლივ იყო ლაპარაკი იმის შესახებ, თუ როგორ მოეხერხებინათ სადამ ჰუსეინის თავიდან მოშორება, ვინაიდან არ მოიპოვებოდა იმის საკმარისი სამხილი, რომ სადამი აკრძალულ იარაღს ფლობდა.

ერაყის რეჟიმის შეცვლა, ფაქტობრივად, 1998 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ ბუშის წინამორბედის, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდიდან იყო შეერთებული შტატების მკაფიო პოლიტიკური ხაზი.

მაგრამ ო' ნილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, მიუხედავად ზემოთქმულისა, ამ საკითხში ამერიკის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი წინათ სულაც არ ყოფილა ცალმხრივი სამხედრო მოქმედება.

კვირას ტელეკომპანია სი-ბი-ეს-ით გამოსვლისას ო' ნილმა თქვა:
[ო' ნილის ხმა] "იდეა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ერთპიროვნული უფლება გააკეთოს ის, რაც მოგვესურვება, ჩემის აზრით, მეტისმეტად შორს მიდის."

ო' ნილი ბუშს არა მხოლოდ ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო აკრიტიკებს. იგი წერს, რომ პრეზიდენტი ძალზე ხშირად, მნიშვნელოვანი შეხვდრების დროსაც კი, უგულებელყოფდა თავის გუნდს. ო' ნილის თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრებისას იგი აზრთა გაცვლა-გამოცვლას მოელოდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ცალმხრივი საუბრები იყო. მინისტრი ლაპარაკობდა, პრეზიდენტი კი მხოლოდ უსმენდა.

ო' ნილის კრიტიკის საპასუხოდ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციის მიღწევების ობიექტურად შეფასების ნაცვლად ყოფილი მინისტრი უფრო იმას ცდილობს, რომ თანამდებობაზე თავისი ყოფნა გაამართლოს. ბუშმა ო' ნილი 2002 წლის დეკემბერში გაათავისუფლა ეკონომიკურ პოლიტიკაში წამოწყებული რადიკალური გარდაქმნების დროს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ო' ნილი იმ პოლიტიკოსთა შორის იყო, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ბუშის მიერ 2002 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას ფოლადის იმპორტზე ტარიფების გაზრდის თაობაზე. ამ სიახლემ ძალზე განარისხა ამერიკის პარტნიორები. გასულ თვეში ტარიფები კვლავ გააუქმეს.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რომელშიც ო' ნილს უთანხმოება ჰქონდა ბუშთან, იყო გადასახადების შემცირება, რაც ბუშის ინიციატივით იქნა განხორციელებული გასული წლის გაზაფხულზე, როცა შეერთებული შტატები ერაყის წინააღმდეგ ძვირადღირებულ ომს იწყებდა.

მართლაც ტენდენციურია თუ არა ო' ნილის მიერ მოცემული შეფასებები? ექსპერტებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ ამის თაობაზე.

პოლიტიკისა და პოლიტიკური კამპანიების სპეციალისტის, ისტორიკოს ალან ლიხტმანის აზრით, რა თქმა უნდა, ო' ნილი ნაწყენია იმის გამო, რომ მოხსნეს. მაგრამ, იგი დასძენს:

[ლიხტმანის ხმა] "თუმცა, უნდა ითქვას, რომ საკუთარი პრეზიდენტის წინააღმდეგ გალაშქრება საკმაოდ იშვიათია, მოხსნილი ოფიციალური პირების შემთხვევაშიც კი. ამიტომ, ჩემის აზრით, გარკვეულად სანდო უნდა იყოს ეს შემთხვევა. მით უმეტეს, როცა იგი ამაგრებს სხვა ანალიტიკოსების მიერ მანამდე გამოთქმულ აზრს, რომ მასობრივი განადგურების იარაღი სინამდვილეში გამართლება იყო ომისთვის, რომლის დაწყება უკვე მანამდე იყო გადაწყვეტილი სხვა მიზეზით."

ლიხტმანის აზრით, ო' ნილის მოსაზრებების ამგვარმა დამაჯერებლობამ ახლო პერსპექტივით შეიძლება გავლენა იქონიოს პრეზიდენტ ბუშის სამზადისზე არჩევნებისთვის, რომელიც 2 ნოემბრისთვის არის დანიშნული. იხეირებენ დემოკრატების კანდიდატები ჰოვარდ დინი და გადამდგარი გენერალი უესლი კლარკი, რომლებიც ერაყის ომს ეწინააღმდეგებიან.

რაც შეეხება შორეულ პერსპექტივას, ლიხტმანის თქმით, ო' ნილის მტკიცებები დიდ ზემოქმედებას ვერ მოახდენს ბუშის შანსებზე, კვლავ იქნეს არჩეული პრეზიდენტად. იგი შენიშნავს, რომ რონალდ რეიგანსაც დასდეს ბრალად მართვის "არასერიოზული" სტილი. მაგრამ იგი მაინც დიდი უპირატესობით აირჩიეს მეორე ვადით.
XS
SM
MD
LG