Accessibility links

logo-print

ჯორჯ ბუშის გეგმები პოლიტიკასა და კოსმოსში


შეერთებულ შტატებსა და ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაზე საუბარს მომდევნო სიუჟეტშიც განვაგრძობთ.

თუმცა, პოლიტიკაზე ამჯერად ნაკლებს ვილაპარაკებთ. საქმე ის გახლავთ, რომ მიმდინარე კვირაში შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოაცხადებს კოსმოსური კვლევის ახალ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს მთვარეზე მუდმივი ბაზის შექმნას საბოლოოდ ასტრონავტების მარსზე გასაგზავნად. რის ნიშანია ეს? ვაშინგტონი კოსმოსის ათვისებაში კვლავ მეწინავეობას ცდილობს თუ ეს მხოლოდ მოსახლეობაში მხარდაჭერის განმტკიცებისთვის გამიზნული ტაქტიკური ნაბიჯია საარჩევნო წელს?

[ჰიუსტონის კოსმოსური მართვის ცენტრის საუბრის ჩანაწერი კოსმოსურ ხომალდ "კოლამბიასთან"]

ეს გახლდათ უკანასკნელი რადიოკავშირის ჩანაწერი კოსმოსური კვლევის ეროვნული სააგენტოს, ნასას მართვის ცენტრსა და მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსურ ხომალდ "კოლამბიას" შორის 2003 წლის პირველ თებერვალს. ამის შემდეგ კავშირი გაწყდა და ხომალდი ნაწილებად დაიშალა. შვიდივე ასტრონავტი დაიღუპა.

მაგრამ, როგორც ჩანს, წელს ნასას კვლავ იღბლიანი პერიოდი ეწყება. როგორც ჩვენმა მსმენელმა იცის, 3 იანვარს მარსზე დაჯდა რობოტი "სპირიტი".

[ო'კიფის ხმა] "ამაღამ ნასამ დიდ წარმატებას მიაღწია. ჩვენ კვლავ ასპარეზზე ვართ. მე ძალიან, ძალიან ვამაყობ ამ გუნდით. ჩვენ მარსზე დავეშვით. ეს სრულიად დაუჯერებელი მიღწევაა", - ასე შეაჯამა ამ წარმატების შემდეგ თავისი კოლეგების გრძნობები სააგენტოს ადმინისტრატორმა შონ ო'კიფმა.

თითქოს ნასას ახალი წარმატებების ხაზგასმა სურდაო, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში 14 იანვარს აპირებს გამოაცხადოს ახალი კოსმოსური ინიციატივის შესახებ, რომელიც მთვარეზე ამერიკელების დამკვიდრებას და იქიდან მარსზე ადამიანის გაშვებას ისახავს მიზნად.

ამერიკელ ექსპერტთა თქმით, უკანასკნელი თვეების მანძილზე თეთრი სახლი ენერგიულად ეძებდა ახალ მიზანს ამერიკის კოსმოსური პროგრამისთვის. ბოლოს შეჩერდნენ იმ ინიციატივაზე, რომელსაც ბუში ოთხშაბათს გამოაცხადებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თეთრი სახლი კოსმოსური პროგრამის გამოცოცხლებას ცდილობს. ბუშის მამამ, უფროსმა ჯორჯ ბუშმა, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში, 1989 წელს დააპირა მთვარეზე ფრენის განახლება. მაგრამ კონგრესს მაშინ ეძვირა საამისოდ საჭირო 400 მილიონი დოლარი.

როგორც ვარაუდობენ, ახალი ინიციატივა 1989 წლისაზე უფრო ძვირად ღირებული იქნება. ბუშის პოლიტიკური ოპონენტების ვარაუდით, პრეზიდენტი მოელის, რომ მისი ინიციატივაც ისევე იქნება უკუგდებული, როგორც მამამისისა. მათი აზრით, იგი ახალი ინიციატივით მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გამოდის, რათა ნოემბრის საყოველთაო არჩევნების წინ ახალი იმიჯი გაიმყაროს.

მაგრამ კოსმოსური კვლევის სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ კონგრესი ერთმნიშვნელოვნად არ აღუდგება წინ ბუშის ინციატივას, ვინაიდან "კოლამბიის" დაღუპვის შემდეგ ამერიკაში, და მათ შორის კონგრესში, განუწყვეტლივ გაისმის მოწოდებები ამ სფეროში ახალი მიზნის დასახვისაკენ. თანაც, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კონგრესის ორივე პალატას ბუშის მომხრეები აკონტროლებენ.

[საბატოს ხმა] "პრობლემა პრეზიდენტებისთვის, რომლებიც მეორე ვადით არჩევისთვის იბრძვიან, იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად ისინი თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელებას პირველივე ვადაში ახერხებენ და ახალი დასაბუთება უნდა წარმოადგინონ მეორე ვადისთვის. წინააღმდეგ შემთხვევში ხალხმა შეიძლება თქვას: კეთილი, მან თავისას მიაღწია. ახლა ვინმე სხვა ვცადოთო. ეს არის ნაწილი ბუშის მიერ მეორე ვადისთვის ლოგიკური დასაბუთების ძიებისა," უთხრა ჩვენს რადიოს ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლიტოლოგმა ლერი საბატომ.

საბატოს აზრით, კონგრესი ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებს ბუშის მოთხოვნას. ამასთან, იგი ფიქრობს, რომ კოსმოსის ათვისების გეგმები მხოლოდ საარჩევნო დაპირება არ უნდა იყოს, ვინაიდან მეორე ვადით არჩევისთვის ბრძოლისას პრეზიდენტები იმაზეც ფიქრობენ, თუ რას დაუტოვებენ შთამომავლობას.

[საბატოს ხმა] "პრეზიდენტებს უყვართ დიდი საქმეები, რომლებიც თვალში საცემად გამოიყურება ისტორიის წიგნებში. არ დაივიწყოთ, რომ თუკი ეს გეგმა მართლაც განხორციელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ კოსმოსის ათვისება დღეიდან დაწყებული 20, 30, 40 წელს გასტანს. და როცა კომენტატორები დაწერენ ხოლმე ამის შესახებ, ისინი იტყვიან: ეს პრეზიდენტ ჯორჯ უ. ბუშის დროს დაიწყო 21-ე საუკუნის დამდეგსო. პრეზიდენტებს უყვართ ასეთი რამეები. მათ სურთ, მათი საარჩევნო ვადების მიღმა ბევრად უფრო დიდხანს იცოცხლონ", თქვა ლერი საბატომ ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG