Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ანტიტერორისტულ ბატალიონებს ექვსი თვით მთლიანად შეერთებული შტატები დააფინანსებს


ფინანსური კრიზისის საფრთხის წინაშე მყოფ საქართველოს ახალ ხელისუფლებას სოციალურ ნიადაგზე სამხედრო მღელვარება აღარ ემუქრება. შეერთებული შტატები, 3 მილიონი დოლარის ფარგლებში,

ექვსი თვით დააფინანსებს "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით მომზადებული პროფესიული ქართული ქვედანაყოფების შრომის ანაზღაურებას, ხოლო თურქეთმა დიდი რაოდენობით სურსათი გამოგზავნა ქართველი ჯარისკაცების ღარიბული რაციონის შესავსებად. დამოუკიდებელი ექსპერტები მეგობარი ქვეყნების დახმარებას უპრეცედენტოს უწოდებენ, თუმცა ხელისუფლებას მოუწოდებენ, ამ დახმარების განაწილება მკაცრ კონტროლზე აიყვანოს.


ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ლინ პასკომ და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ სამშაბათს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლითაც ამერიკის მხარე საქართველოს, უნაცვალგებო დახმარების სახით, 10 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამ თანხიდან 3 მილიონი დოლარი "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების დაფარვას მოხმარდება. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ჯარისკაცების შრომის ანაზღაურება, პირველადი შეთანხმების თანახმად, დამქირავებელ მხარეს - საქართველოს მთავრობას - უნდა მოეხდინა, 2003 წლის ბოლოს ქვეყანაში განვითარებული ფინანსური კრიზისის გამო ქვეყნის ახალი ხელისუფლება ვეღარ ახერხებდა სახელმწიფო სტრუქტურებისა და არმიის დაფინანსებას. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი 3 მილიონი დოლარი კი, რომელიც საქართველოში თვის ბოლოს ჩაირიცხება, საკმარისია იმისათვის, რომ "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამაში ჩაბმული 1200 ჯარისკაცის ხელფასების პრობლემა, სულ მცირე, 6 თვით გადაიჭრას. პარალელურად, ორშაბათს ფოთის პორტში ღუზა ჩაუშვა ამერიკულმა გემმა, რომელმაც საქართველოს არმიისთვის 70-მდე ერთეული საავტომობილო ტექნიკა ჩამოიტანა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის მთავარი სამმართველოს უფროსის, გენერალ თემურ ლორიას თქმით, საავტომობილო ტექნიკა ზურგის დანიშნულებისაა და იგი მე-11 ბრიგადის იმ ლოგისტიკური ბატალიონისთვისაა განკუთვნილი, რომელსაც პროფესიული ქართული ქვედანაყოფების შემდეგ, 2 თებერვლიდან, ამერიკელი ინსტრუქტორები გაწვრთნიან.

[თემურ ლორიას ხმა] "ეს არის "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის შემდგომი ეტაპი, რაც ითვალისწინებს უზრუნველყოფის გაუმჯობესებას მე-11 ბრიგადისთვის, რომლის შემადგენლობაში შევიდა, ძირითადად, ის ბატალიონები, რომლებიც "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის შედეგად გაიწვრთნა."

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს არმიის პრობლემების გადასაწყვეტად, ვაშინგტონთან ერთად, თბილისის დასახმარებლად ხელი თურქეთმაც გამოიღო. ანკარამ, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მსხვილი დონორია, ქართულ ჯარს კვების პრობლემები 4 თვით მოუხსნა. ქვეყნისათვის კრიტიკულ სიტუაციაში სტრატეგიული პარტნიორების ასეთ გულუხვ დახმარებას ქართველი ექსპერტები უპრეცედენტოს უწოდებენ. თუმცა აუცილებლად მიაჩნიათ კონტროლის გამკაცრება, რათა ჰუმანიტარული დახმარება არამიზნობრივად არ დაიხარჯოს.
ცოტა ხნის წინ სამხედრო ექსპერტმა, სახმელეთო ჯარების ყოფილმა სარდალმა გიორგი ბლიაძემ რადიო "თავისუფლებას" უახლოესი წარსულის ერთი ჰუმანიტარული დახმარების ისტორია გაუზიარა:

[გიორგი ბლიაძის ხმა] "ავიღოთ 2002 წელს თურქეთის გრანტით შემოტანილი საწვავი. მე უშუალოდ ვხელმძღვანელობდი იმის დათვლას, თუ როგორ და რა რაოდენობის საწვავი სჭირდებოდა შეიარაღებულ ძალებს. და ეს ნამდვილად არ იყო 3 ათასი ტონა დიზელი. ეს იყო 3-ჯერ, 4-ჯერ ნაკლები. დანარჩენი საწვავი კი თუ სად გაქრა, ეს შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, თუ სათანადო მოკვლევა არ დაინიშნა შესაბამისი უწყებების მხრიდან."

შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მზად არის პარტნიორი ქვეყნებისგან მიღებული ყველა ჰუმანიტარული დახმარების გამოყენების მიზნობრიობა ნებისმიერი ინსტანციის წინაშე დაამტკიცოს. თუმცა საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის წინაშე უკვე დევს რამდენიმე საქმე, რომელიც სამხედრო ძალებში მომხდარ მსხვილ საფინანსო და სამეურნეო დანაშაულობებს ეხება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG