Accessibility links

logo-print

ვის ელიან 25 იანვარს საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია, როგორც ჩანს, არ წარმოადგენს ჩამოყალიბებულ ცერემონიას. ამას ადასტურებს არჩეული პრეზიდენტის განზრახვა, წავიდეს გელათში და იქ მიიღოს

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დალოცვა. საერთოდ, ინაუგურაციის მრავალი დეტალი ჯერაც უცნობია - არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასაიდუმლოებენ, არამედ იმიტომაც, რომ სარეჟისორო გეგმა სრული სახით ჯერ არ არსებობს. მე შევეცადე გამეგო, 25 იანვარს უცხო სახელმწიფოს ლიდერთაგან ვინ დაესწრება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას.

მაღალი რანგის პირველი ოფიციალური პირი, რომელმაც განაცხადა, რომ დაესწრება პრეზიდენტის ინაუგურაციას საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელია. "მე მოუთმენლად მოველი 25 იანვარს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას," - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

[პაუელის ხმა]

გასაკვირია, მაგრამ ვერავინ, ვისაც მივმართე, ზუსტად ვერ იხსენებს, ესწრებოდნენ თუ არა პრეზიდენტ შევარდნაძის წინა ორ ინაუგურაციას სხვა სახელმწიფოთა პირველი პირები. ეს აიხსნება არა მხოლოდ გულმავიწყობით, არამედ იმითაც, რომ ინაუგურაციაზე, როგორც წესი, ნაკლებად ჩადიან სახელმწიფოთა ლიდერები. ინაუგურაციაზე დასასწრებად ძალზე იშვიათად გზავნიან ოფიციალურ მოწვევებსაც. საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციამდე 10 დღეზე ცოტა მეტი რჩება და დანამდვილებით ჯერაც არ შეიძლება თქმა, ვინ ეწვევა საქართველოს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით აფციაურმა ამ თემაზე რადიო "თავისუფლებასთან" ვარაუდებით ლაპარაკი ამჯობინა:

[აფციაურის ხმა] "იმედი გვაქვს, ჩვენი მეზობლები - სომხეთის, აზერბაიჯანის დელეგაციები წარმოდგენილნი იქნებიან უმაღლეს დონეზე. ამის გარკვეული საფუძველი არსებობს. არ არის გამორიცხული, ჩვენი ისეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი და სტრატეგიული მოკავშირე, როგორიცაა უკრაინა, წარმოდგენილი იყოს პრეზიდენტის დონეზე. ეს არის მეტ-ნაკლებად სრული ინფორმაცია, რომელიც დღეს გვაქვს."

დავით აფციაური ამბობს, რომ რიგ ქვეყნებს არაოფიციალურად სთხოვეს, 25 იანვარს ჩამოსულიყვნენ საქართველოში. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ ქვეყანას თურქეთიდან და ისრაელიდანაც ეწვევიან დელეგაციები. დელეგაცია ჩამოვა რუსეთიდანაც. ჩვენ შემოვიფარგლეთ ჩვენი მეზობლებითა და იმ ქვეყნებით, რომლებთანაც განსაკუთრებული სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს, მითხრა დავით აფციაურმა.

[აფციაურის ხმა] "ჩვენ, რასაკვირველია, მოხარულნი ვიქნებით, რაც შეიძლება, მეტი სტუმარი ჩამოვიდეს. ჩვენ ნამდვილად ბევრი მეგობარი გვყავს, მაგრამ პრობლემა ის გახლავთ, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არ არის თავისი შიდა რესურსებით, პირველ რიგში, ფინანსური შესაძლებლობებით, განლაგების საშუალებებითა და სატრანსპორტო უზრუნველყოფით საიმისოდ, რომ მიიღოს სტუმართა ის რაოდენობა, რომელსაც ნადვილად სურს, ჩამოვიდეს."

ოფიციალური დელეგაციების გარდა, საქართველოში ელიან არაოფიციალურად ჩამოსულ სტუმრებს - ცალკეულ პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, მეცნიერებს, შემოქმედებს. ჩამოვლენ ქართული დიასპორის წევრებიც.

რაც შეეხება ინაუგურაციის სხვა ასპექტებს, წინა ცერემონიებისგან განსხვავებით, მეტი ზეიმურობა იქნება. ჯერ მარტო კონცერტების რაოდენობა რად ღირს. სხვათა შორის, ესეც მიღებული პრაქტიკაა: მაგალითად, ლესოტოს მეფის, ლეტსი მესამის, კორონაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა - აქედან საკუთრივ კორონაციას 5 წუთი დასჭირდა, მთელი დანარჩენი დრო კი ულამაზესი ასულები და რჩეული ჭაბუკები სრულიად შიშვლები ცეკვავდნენ და ასე ადიდებდნენ ლეტსის ასვლას სამეფო ტახტზე.
XS
SM
MD
LG