Accessibility links

logo-print

სამხატვრო აკადემიას ახალი რექტორი ჰყავს


საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილს ფორმალურად მაინც ჰყავდა კონკურენტები. თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნებზე კი, რომელიც 9 იანვარს გაიმართა,

სამეცნიერო საბჭოს რექტორობის ერთადერთი კანდიდატის არჩევა მოუხდა. კენჭისყრაში 57-მა პროფესორმა მიიღო მონაწილეობა. გია ბუღაძემ 50 ხმით გაიმარჯვა. ახალი რექტორის არჩევას ტაშით შეხვდნენ პროფესორ- მასწავლებლებიც და სტუდენტური ფორუმის წევრებიც. თუმცა ტაში - აკადემიის შენობაში და ტაში - ქუჩაში სრულიად განსხვავებულ ემოციას გამოხატავდა.

[სტვენა. ტაში]

ასეთი შეძახილებით შეხვდნენ არჩევნებზე გამარჯვებულ რექტორს, გია ბუღაძეს, სამხატვრო აკადემიის სტუდენტური ფორუმის წევრები. იმ დროს, როცა აკადემიის სამეცნიერო საბჭო რექტორობის ერთადერთ კანდიდატს ირჩევდა, არჩევნებით უკმაყოფილო სტუდენტებმა ქუჩაში პლაკატები გამოაკრეს.... ერთ-ერთზე ეწერა: "ალი ბუღა და 60 ყოჩაღი"... თუმცა გია ბუღაძეს არა 60-მა, არამედ 50-მა პროფესორ-მასწავლებელმა მისცა ხმა. ერთ-ერთმა, მხატვარმა ყარამან ქუთათელაძემ, უალტერნატივო არჩევნების მიმართ კენჭისყრამდე გამოხატა უკმაყოფილება:

[ყარამან ქუთათელაძის ხმა] "ამ სისტემის წინააღმდეგი ვარ, მე შენი წინააღმდეგი არა ვარ, გია."

სტუდენტური ფორუმის წევრებმა ამ სისტემის წინააღმდეგ ჯერ კიდევ წლინახევრის წინ გაილაშქრეს. იმხანად "ფორუმის" ერთ-ერთ ხელმძღვანელს, გიორგი კევლიშვილს, რადიო "თავისუფლება" ესაუბრა. 2002 წლის მაისში გიორგი აღნიშნავდა:

[გიორგი კევლიშვილის ხმა]: "საზოგადოების მონაწილეობა აუცილებლად მიგვაჩნია ამ პროცესებში - არა იმიტომ, რომ საზოგადოებამ ვინმეს მხარი დაიჭიროს, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართვა... შემოქმედებით საზოგადოებას ვგულისხმობთ."

სტუდენტური ფორუმი კატეგორიულად მოითხოვდა რექტორის არჩევნების დებულების შეცვლას. ამ დებულებით, რექტორობის უფლება მხოლოდ იმ პიროვნებას აქვს, რომელიც სამხატვრო აკადემიის პროფესორია და, სულ ცოტა, ათი წლის მუშაობის სტაჟი აქვს. ფორუმის წევრები კულუარებში რექტორის სასურველ კანდიდატსაც ასახელებდნენ, მხატვარ გია ეძგვერაძეს, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. გიორგი კევლიშვილი აღნიშნავდა, რომ არ შეიძლება აკადემიის სტუდენტებისგან მასწავლებლები "მხატვრულ სტანდარტებს" მოითხოვდნენ, რაოდენ მიმზიდველიც არ უნდა იყოს ეს "სტანდარტი":

[გიორგი კევლიშვილის ხმა] "შემოქმედებით ზეწოლას სტუდენტი შეიძლება ვერ გრძნობს, მაგრამ აკადემიის ადმინისტრაციის მიზანი მხოლოდ ის არ უნდა იყოს, რომ არ განხორციელდეს ზეწოლა - მან სწორად უნდა წარმართოს სასწავლო პროცესი. დავუშვათ, არსებობს სტანდარტი, რომელიც ითვლება ხარისხიან სტანდარტად - აკადემიაში ვინც სწავლობს, უნდა ხატავდეს ასე. ჩვენი აზრით, მთავარი ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს სტუდენტების ინტერესები, ის, რაც მას სხვებისგან განასხვავებს... სინამდვილეში, პირიქით ხდება - ფასდება ის, ვინც სტანდარტს კარგად ასრულებს."[სტილი დაცულია]

თავად გია ბუღაძე, რომელსაც თავისი მხარდამჭერები ჰყავს სტუდენტთა წრეებში, "ფორუმის" პროტესტს მშვიდად უყურებს და ჰპირდება მის წევრებს, რომ ყურადღებას დაუთმობს არა მარტო აკადემიურ სწავლებას, არამედ ექსპერიმენტებსაც, მაგალითად, კონცეფტუალურ ხელოვნებას... და, რაც მთავარია, შეიმუშავებს რექტორის არჩევნების ახალ დებულებას:

[გია ბუღაძის ხმა] "მე თვითონ - მოვალ კანონიერად და მე თვითონ, მათთან ერთად, ახალგაზრდებთან ერთად, შევცვლი ამ დებულებას და მას შემდეგ, რაც შევთანხმდებით ყველა ინსტანციასთან, დავნიშნავთ ღია, ბევრად უფრო დემოკრატიულ არჩევნებს."

თუმცა სტუდენტური ფორუმის წევრებს დაპირებების მაინცდამაინც არ სჯერათ. ისინი იხსენებენ ნოემბრის მოვლენების შემდეგ გია ბუღაძის გადადგომას პრორექტორის თანამდებობიდან: იმხანად "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთმა სახემ განაცხადა, რომ არ სურს აკადემიის რექტორობა. დღეს იგი უკვე რექტორია და ამბობს, რომ სამხატვრო აკადემიაში რეფორმა აუჩქარებლად უნდა განხორციელდეს:

[გია ბუღაძის ხმა] "მე არა ვარ მომხრე რევოლუციური ცვლილებების, მე ევოლუციური ცვლილებების მომხრე ვარ."

ასე რომ, თბილისის უძველესი სამხატვრო სასწავლებელი თავის სახელს კვლავაც ამართლებს - "აკადემია" ჰქვია... "აკადემია" კი "აკადემიურობას", ე.ი. "აკადემიურ მარწუხებსაც", გულისხმობს.
XS
SM
MD
LG