Accessibility links

ქართული თეატრის დღე


14 იანვარს საქართველოში თეატრის დღე აღნიშნეს. "ძველ ახალ წელს" ქართველ თეატრალთა დღესასწაული ემთხვევა ისტორიულ თარიღს - 1850 წლის 14 იანვარს, როცა გიორგი ერისთავის თაოსნობით ჩვენში პროფესიული თეატრალური ხელოვნება აღორძინდა.

ეროვნული თეატრის დაარსების იუბილე საზოგადოებას ოთხი წლის წინ უნდა აღენიშნა, მაგრამ უსახსრობის გამო ზეიმი გაურკვეველი დროით გადაიდო. ქართული თეატრი 154 წლის ხდება, მაგრამ დღეს არათუ გრანდიოზული თეატრალური დღესასწაულის, არამედ რიგითი სპექტაკლის გამართვაც კი პრობლემა ხდება. დღეს სწორედ ამ პრობლემაზე მინდა გესაუბროთ.

"თეატრალური ნიჭით" გამორჩეული ქართველობა, ფაქტობრივად, თეატრის გარეშე დარჩა. დაპირების მიუხედავად, გასულ წელს ვერ გახსნა სეზონი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის თეატრმა - დარბაზის რემონტი გაჭიანურდა. სწორედ "რემონტმა" შეაჩერა ქვეყნის ორი წამყვანი დასის - რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების - მუშაობა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მეცენატებს, რომელთა გვარები ოფიციალურად არ სახელდება, ყველა შენობის გარემონტება მაინცდამაინც ერთად მოუნდათ. ჯერ კიდევ შარშან ჩვენი თეატრალები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ: "რა კარგია, რომ მდიდარმა ხალხმა ქართული თეატრისთვის მოიცალაო". ყველა დარწმუნებული იყო, რომ თეატრალური დარბაზების რესტავრაცია დათქმულ დროში დასრულდებოდა, მაგრამ დღეს მსახიობები ხმამაღლა ჩივიან - ასეთმა ხანგრძლივმა პაუზამ შეიძლება დაღი დაასვას ქართულ თეატრალურ ხელოვნებას. მსახიობი ხომ სპორტსმენს ჰგავს: სცენის გარეშე მისი "არტისტული კუნთი" შეიძლება ისე მოდუნდეს, რომ საერთოდ ვეღარ შეძლოს თამაში; მაყურებლის ინტერესებზე რომ აღარაფერი ვთქვათ: ახალი სპექტაკლის პრემიერა ქვეყნის წამყვან თეატრებში დიდი ხანია არ გამართულა. ასეთ პირობებში ქართულ კულტურაში ახალი ტენდენცია გაჩნდა - მაღალი კლასის არტისტები იძულებულები ხდებიან ითამაშონ საეჭვო გემოვნების ქართულ ტელესერიალებში, რომელთაც, სხვათა შორის, სიამოვნებით აფინანსებენ ქართველი მეცენატები. მაღალი კლასის არტისტები თანხმდებიან სარეკლამო კლიპებში გადაღებაზეც, რამაც უკვე ძლიერ შეარყია მათი ავტორიტეტი. ქვეყნის წამყვანი რეჟისორები კი, რობერტ სტურუა და თემურ ჩხეიძე, საზღვარგარეთ მუშაობას ანიჭებენ უპირატესობას. ამასობაში, რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. საქართველოში თეატრალთა ახალ კადრებს ზრდიან, ალბათ, იმის იმედით, რომ ქართული თეატრი ოდესმე მაინც დაიბრუნებს ძველ დიდებას... ასეთი "დიდება" რომ არსებობდა, თეატრალურ მოღვაწეთა კავშირი, ტრადიციულად, 14 იანვარს გვახსენებს ხოლმე და, რამდენიმე წელია უკვე, ეროვნული თეატრის დღეს უხალისოდ და უფულოდ აღნიშნავს.
XS
SM
MD
LG