Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გესაუბრებით საქართველოს პარლამენტის 14 იანვრის რიგგარეშე სხდომის რამდენიმე გადაწყვეტილების შესახებ


საქართველოს პარლამენტის 14 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებებიდან, სულ მცირე, ორი მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ეფექტურად დაწყებისთვის იქნა მიღებული. პირველი გადაწყვეტილება სახელმწიფო დროშის შეცვლას ეხება,

მეორე კი - გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურის დამტკიცებას. ამიერიდან საქართველოს სახელმწიფო დროშა გამარჯვების სიმბოლოდ აღიარებული ხუთჯვრიანი დროშა იქნება. დროშის ლეგიტიმაცია, თავის მხრივ, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალის შემადგენელი ნაწილი გახდება - პარლამენტის შენობის თავზე მას მიხეილ სააკაშვილი 25 იანვარს თავად აღმართავს. ირაკლი ოქრუაშვილის გენერალურ პროკურორად დამტკიცება, გარკვეულწილად, ასევე უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო კარიერის წარმატებულად და ცერემონიულად დაწყების პრეტენზიას. ამაზე ამ ცოტა ხნის წინ თავად მიხეილ სააკაშვილი მიუთითებდა. პრეზიდენტის რანგში მოღვაწეობის პირველივე საათებში იგი ირაკლი ოქრუაშვილისგან კორუმპირებული ჩინოვნიკების დოსიეებს ელის.

ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გენერალური პროკურორია. იგი 1973 წელს ცხინვალში დაიბადა. კერძო საადვოკატო პრაქტიკის გარდა, მის აქტივშია სახელმწიფო დაწესებულებებში საქმიანობაც: იგი იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თბილისის საკრებულოს წევრი და, ბოლოს, შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული. ეს უკანასკნელი მის პროფესიულ კარიერაში ყველაზე ხანმოკლე და ყველაზე წარმატებული პოსტია. "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრი "ვარდების რევოლუციის" აქტიური გამგრძელებელი აღმოჩნდა შიდა ქართლშიც. აქ მისი სამიზნე კონტრაბანდა და კორუფცია იყო.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "წლები გადიოდა და ჩვენ ვერაფერს ვერ ვუშვრებოდით თითქოს ერგნეთის ბაზრობას, ვერაფერს ვერ ვუშვრებოდით კონტრაბანდას და მხოლოდ ხელებს ვასავსავებდით. ორი-სამი დღის ძალისხმევა დასჭირდა ოქრუაშვილს, რომ ეს პრობლემა გადაეწყვიტა."

როგორც საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 14 იანვარს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება ირაკლი ოქრუაშვილის გენერალურ პროკურორად დანიშვნას კორუფციასა და დამნაშავეობასთან ბრძოლის მუდმივი პროცესის დაწყებად განიხილავს. თავად ოქრუაშვილი ახალი ხელისუფლების პოლიტიკური კურსის ქმედითად განხორციელებისთვის პროკურატურაში რევოლუციური ცვლილებების მომხრეა. ეს ეხება როგორც ქვეყანაში წესრიგის დამყარებას, ისე სისტემის რეფორმირებას:

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] "არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა გაგრძელდეს და აღარ უნდა შეიქმნას ისეთი პრეცედენტები, როდესაც პროკურატურას ხელისუფლება იყენებდა სხვადასხვა ოპოზიციურად განწყობილი თუ კრიტიკულად განწყობილი, ასე ვთქვათ, პირებისადმი დასჯისათვის ან მათზე გარკვეული კომპრომატების მოსაძიებლად. ვინც არ უნდა იყოს ეს, ნებისმიერი გუნდის წარმომადგენელი, ნებისმიერი ბანაკის წარმომადგენელი, ყოფილი ხელმძღვანელი, ყოფილი თანამდებობის პირი თუ მოქმედი თანამდებობის პირი - ყველაზე უნდა მოხდეს რეაგირება. და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგრძელდეს იმ პრინციპით მუშაობა, როდესაც ადამიანზე იდებოდა გარკვეული საქმე, გარკვეული დოსიე და ეს საქმე იყო შენახული მანამ, სანამ ამ ადამიანის მართვა იყო საჭირო სახელმწიფოს მხრიდან." (სტილი დაცულია)
ირაკლი ოქრუაშვილის ამ განცხადებას წინ უძღოდა ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სიტყვიერი პირობა იმის თაობაზე, რომ იგი არასდროს არ ჩაერევა პროკურატურის საქმიანობაში და არასდროს უკარნახებს გენერალურ პროკურორს, ვისი საქმე შეწყვიტოს და ვისი განაგრძოს.
ერთ-ერთი რეფორმატორული წინადადება კი, რომელსაც გენერალური პროკურორი უახლოეს ხანში შესთავაზებს პარლამენტს, ბრალდებულის მიმართ, გამოძიებასთან შემდგომი თანამშრომლობის სანაცვლოდ, ბრალის შემსუბუქებას ან გაქარწყლებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG