Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ახალი ცხოვრების დაწყებას თამაზ ნადარეიშვილის ხელმძღვანელობის გარეშე აპირებენ


რევოლუციის შემდეგ საქართველოს სახელისუფლებო წრეებში ბევრი რამ შეიცვალა, შეიცვალნენ ხელმძღვანელი პირები და, ბოლოს და ბოლოს, ცვლილებების მოთხოვნის ტალღა აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებასაც მისწვდა.

13 იანვარს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიამ განიხილა უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობის დათხოვნის საკითხი და სარეიტინგო კენჭისყრაში დეპუტატების უმრავლესობამ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მისცა ხმა. მოკლედ, მოხდა ისე, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიამ თამაზ ნადარეშვილს და მის მოადგილეებს თანამდებობიდან წასვლის ულტიმატუმი წაუყენა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ახალი ცხოვრება აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებაშიც იწყება?


19 დეპუტატიდან 15-მა თამაზ ნადარეიშვილს წლების მანძილზე დაკავებული პოსტიდან წასვლა მოსთხოვა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების თანამდებობებზე დარჩენას კი მხოლოდ 4-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ასეთია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე ჩატარებული სარეიტინგო კენჭისყრის შედეგები. მიუხედავდ იმისა, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციის ძალა აქვს, აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, სერგეი შამბამ, უკვე გაავრცელა განცხადება, რომლითაც თამაზ ნადარეიშვილის თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა. შამბამ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ თანამდებობა დატოვა კაცმა, რომელიც, მისი თქმით: "გამოსვლებში, რომლებშიც აფხაზეთის პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრის მომხრეობას ამჟღავნებდა, აფხაზთა მხარის წისქვილზე ასხამდა წყალს." "სოხუმი ეგრეთ წოდებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას პიროვნებათა ცვლის შემთხვევაშიც არ აპირებს," - ნათქვამია სერგეი შამბას განცხადებაში. თამაზ ნადარეიშვილი კი ბრძოლას წაგებულად არ მიიჩნევს:

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მე, მოადგილეები და ხელმძღვანელობა უნდა გადავდგეთ, მაგრამ იქვე დადგენილებაში ჩაიწერა, რომ უნდა გაირკვეს კურსი. იმიტომ რომ, ხომ უნდა იყოს არჩევნები, ხომ უნდა აირჩიონ ახალი თავმჯდომარე, მოადგილეები, პრეზიდიუმი. თუკი იქნება ჩემი კურსის მხარდაჭერა, მე თავიდან ვაყენებ ჩემს კანდიდატურას და, ბუნებრივია, თუ საქართველოს ახალი ხელისუფლება მხარს დაუჭერს ჩემს კურსს, მე თავიდან ვიქნები არჩეული."
ერთი სიტყვით, ყველაფერი ახლად არჩეული პრეზიდენტის პოზიციაზეა დამოკიდებული. თუ მიხეილ სააკაშვილი აპირებს სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებას, მაშინ ნადარეიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ამ გზით აფხაზეთის პრობლემა ვერ გადაიჭრება, განზე გადგება, ხოლო, თუ შეატყობს, რომ ახალი ხელისუფლება იზიარებს მის კურსს, მაშინ გააგრძელებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობის შენარჩუნებისთვის ბრძოლას. მაგრამ საქმე ისაა, რომ ნადარეიშვილის კურსს - იმავდროულად, მმართველობის მის სტილს - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ეწინაღმდეგებიან. მათი ნაწილი ნადარეიშვილს ხელისუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს, ნაწილი - აფხაზეთში მეომართა გახლეჩის მცდელობაში; კრიტიკული დამოკიდებულება არსებობს აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის ისეთი ხედვისადმიც, როგორიც თამაზ ნადარეიშვილს აქვს. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში უკვე მსჯელობენ მოქმედი თავმჯდომარის შესაძლო შემცვლელებზე. ერთ-ერთ მათგანს გერმანე ფაცაცია ასახელებს:

[გერმანე ფაცაციას ხმა] " აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ჰყავს ბრწყინვალე ნეიროქირურგი ნაპოლეონ მესხია, რომელსაც მე მოვიაზრებ თავმჯდომარედ. ასეულობით აფხაზს გაუკეთა ოპერაცია, მართლა ყველასთვის საფიცარი კაცია."

გერმანე ფაცაციას თქმით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ახალ ხელმძღვანელობას უახლოეს მომავალში, თამაზ ნადარეიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ, აირჩევს.
XS
SM
MD
LG