Accessibility links

ჩეჩენი ლტოლვილების ბედი ინგუშეთში


ჩეჩნეთის ხელმძღვანელობამ განკარგულება გასცა მეზობელ ინგუშეთში მცხოვრებ ლტოლვილებს, რომ დატოვონ მათთვის განკუთვნილი ბანაკები და შინ დაბრუნდნენ.

ჩეჩნეთის პრომოსკოვურ მთავრობას სურს, რომ ბანაკები მარტის დამდეგისთვის დაიცალოს. მაგრამ ლტოლვილები თავს იკავებენ ჩეჩნეთში დაბრუნებისგან, ვინაიდან, მათი აზრით, იქ ცხოვრება არ არის უსაფრთხო.

ლტოლვილები აცხადებენ, რომ ვერ მისდევენ ოფიციალური გროზნოს მოთხოვნას და დათქმული ვადისთვის ვერ დაცლიან ბანაკებს.

სხვადასხვა წყარო განსხავებულ ინფორმაციას იძლევა ინგშუეთში ჩეჩენი ლტოლვილების რაოდენობაზე. გაეროს თანახმად, 7000-ზე მეტი ლტოლვილია განთავსებული სამ დროებით ბანაკში და კიდევ მრავალი - სხვა დროებით საცხოვრებლებში. ჩეჩნეთის მიგრაციის სამსახურის თანახმად კი, ბანაკებში 5000 ლტოლვილი ცხოვრობს.

ლტოლვილებმა ინგუშეთს მიაშურეს მას მერე, რაც კრემლმა სამხედრო კამპანია წამოიწყო 1999 წლის ოქტომბერში.
სააგენტო ინტერფაქსი ჩეჩნეთის მთავრობის წარმომადგენელ საიდ დიბიევზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბანაკების დაცლის ვადა საბოლოოა. დიბიევის თქმით, ლტოლვილებს ორი შესაძლებლობა აქვთ: ან უნდა დაბრუნდნენ ომით გაჩანაგებულ რესპუბლიკაში, ანდა სხვაგან უნდა მონახონ საცხოვრებელი. ჩეჩნეთში დაბრუნებულ ოჯახს 10 000 დოლარის შესაბამის თანხას გადაუხდიან. რუსეთის რომელიმე სხვა რეგიონში ცხოვრების მსურველები ამ თანხის მხოლოდ ნახევარს მიიღებენ.

რუსეთის ხელისუფლებისთვის ლტოლვილთა საკითხს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. კრემლი ცდილობს, დაარწმუნოს მსოფლიო საზოგადოებრიობა, რომ ჩეჩნეთში ვითარება გამოსწორდა და რომ იქიდან გაქცევის საჭიროება აღარ არსებობს. თანაც ინგუშეთში არსებული სამი ბანაკიდან ერთ-ერთი საავტომობილო გზის პირას მდებარეობს და გამვლელები, მათ შორის ჰუმანიტარული ორგანიზაციები და ოფიციალური დელეგაციები, კარგად ხედავენ, რა მძიმე ვითარებაში ცხოვრობენ ლტოლვილები.

მაგრამ თავად ლტოლვილები შინ დაბრუნებას არ ჩქარობენ უსაფრთხოების მოსაზრებების გამო. ისინი არც ახალი ხელისუფლების დაპირებებს ენდობიან. როგორც მათ ჩვენს კორესპონდენტს განუცხადეს, გასულ წელს შინ დაბრუნებულ ლტოლვილებს არავითარი ფინანსური კომპენსაცია არ მიუღიათ.

[დაუდოვას ხმა] "ცხადია, მათ ბანაკების გაუქმება სურთ. ლტოლვილებს არ ეკითხებიან, თავად მათ უნდათ თუ არა შინ დაბრუნება. მე ვიცი, რომ ადამიანების უმრავლესობას არ სურს ჩეჩნეთში დაბრუნება. მათ ეშინიათ, იმიტომ, რომ იქ ცხოვრება არ არის უსაფრთხო. ნებისმიერ დროს შეიძლება ვიღაც შემოიჭრას სახლში. არავინ იცის, ვინ არიან ისინი. ყველას კამუფლაჟი აცვია. ჩეჩნეთში ადამიანები იკარგებიან, ადამიანები ქრებიან," განუცხადა ჩვენს რადიოს ჩეჩენ ლტოლვილთა ბანაკ "სპუტნიკში" მცხოვრებმა ვერა დაუდოვამ.

ჩეჩენ ლტოლვილთა არასამთავრობო ორგანიზაციები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ლტოლვილთა დაბრუნებას, ვინაიდან ეს პროცესი მოსკოვის ზეწოლით ხდება.
[ბადანოვის ხმა] "თუკი ისინი დაიწყებენ ხალხის მიმართ მუქარას და ზეწოლას, თუკი სასურსათო დახმარებას, გაზითა და ელექტროენეგრიით მომარაგებას შეუწყვეტენ ბანაკებს, თუკი ხალხს ძალით წაიყვანენ ბანაკებიდან მათი სურვილის გარეშე, მაშინ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია შეეწინააღმდეგება ამას. ჩვენ შეთანხმება გვაქვს ადამიანის უფლებების დამცველ ყველა ორგანიზაციასთან."

ეს გახლდათ ლტოლვილი ჩეჩნების არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნული ხსნის კომიტეტის" თავმჯდომარე რუსლან ბუდაევი, რომელსაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ესაუბრა.

რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ჩრდილო კავკასიაში, დიმიტრი ალექსანდროვი ეჭვს გამოთქვამს, რომ მთავრობა გაითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების აზრს. მისი თქმით, ლტოლვილები უკვე ერთი წელია, წინააღმდეგობას უწევენ მათ გასახლებას, მაგრამ ამჯერად, შესაძლოა, ისინი აიძულონ დატოვონ ბანაკები.

[ალექსანდროვის ხმა] "ამჯერად ხელისუფლება სხვაგვარად ახორციელებს ზეწოლას ამ ადამიანებზე. უწყვეტენ ელექტრომომარაგებას, წყალს, გაზს და ასე შემდეგ. მათზე მორალურ ზეწოლას ახორციელებენ. ძალიან ხშირად ამოწმებენ ბანაკებში მცხოვრებთა პირადობის მოწმობებს. თუკი ადამიანი ადგილზე არ არის კარავში და არ არის ადგილზე იქ, სადაც რეგისტრირებულია, თუკი შემოწმების დროს ადგილზე არ არის იმ შემთხვევაშიც კი, როცა იგი ტუალეტშია გასული, მას სიიდან შლიან. და ეს ძალიან ხშირად ხდება."

რეგისტრაციის დაკარგვის შემთხვევაში ლტოლვილი კარგავს სამთავრობო ორგანიზაციებისგან ჰუმანიტარული დახმარების მიღების უფლებას. რაც შეეხება ძალის გამოყენებას, ალექსანდროვის აზრით, მთავრობა ამ ზომისგან თავს შეიკავებს.
XS
SM
MD
LG