Accessibility links

დოლარისა და ევროს თანაფარდობას ქართულ ბაზარზე სერიოზული გავლენა ჯერ არ მოუხდენია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მსოფლიო სავალუტო ბაზრებზე აშშ დოლარის რეკორდულ გაუფასურებას ევროსთან მიმართებაში საქართველოს ეკონომიკაზე რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა ჯერჯერობით არ მოუხდენია.

ქართული საფინანსო სისტემისათვის ლართან ერთად დოლარი კვლავინდებურად ძირითად სამუშაო ვალუტად რჩება და სამომხმარებლო ბაზარიც სწორედ მასზეა ორიენტირებული. როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე ევროსა და დოლარს შორის თანაფარდობის ცვლილება?

ერთიან ევროპულ ვალუტასთან მიმართებაში აშშ დოლარის გაუფასურების წინა წლებში დაწყებული ტენდენცია ახალი წლიდანაც გაგრძელდა. მსოფლიოს საფინანსო ექსპერტები ამ ტენდენციას სერიოზულად აკვირდებიან და მის გავლენას საბანკო თუ სამომხმარებლო სექტორზე სკრუპულოზურად სწავლობენ. ევროსა და დოლარის თანაფარდობის ცვლილება უკვე აისახა ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებზე, ასევე დაეტყო სამომხმარებლო ბაზარს მრავალ ქვეყანაში და შეცვალა საერთაშორისო სავალუტო რეზერვებისა თუ დეპოზიტების ფორმირების სტრუქტურა. ამ გლობალურ ცვლილებებს შედარებით მშვიდად ხვდება ქართული ეკონომიკა, რომლის დოლარიზაციის კოეფიციენტი მაღალია და რომელიც, ძირითადად, ისევ ამერიკულ ვალუტაზეა ორიენტირებული.

საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა ცუცქირიძის აზრით, საფინანსო და სამომხმარებლო ბაზარზე გასულ წლებში არსებული სტატუს-კვო შენარჩუნებულ იქნა და გარე ბაზრებზე დოლარის გაუფასურება ეკონომიკას არსებითად არ დაეტყო.

[გოგიტა ცუცქირიძის ხმა] „შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ მიუხედავად გარე ბაზრებზე დოლარის კურსის დაცემისა, ქართულ სავალუტო ბაზარზე, დოლარისა და ევროს თანაფარდობის თვალსაზრისით, არსებითი ცვლილება არ მომხდარა. აქ რამდენიმე ფაქტორია აღსანიშნავი. პირველი ის, რომ ქართული ეკონომიკის გარე საფინანსო ბაზრებთან ინტეგრირების ხარისხი ჯერ კიდევ დაბალია და, ამასთანავე, არც ლარია თავუსუფლად კონვერტირებადი ვალუტა. მეორე, ჩვენ ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ, ერთი მხრივ, სადეპოზიტო ბაზის ცვლილება ბანკებში და, მეორე მხრივ, ექსპორტ-იმპორტის დინამიკა. პირველ შემთხვევაში რაიმე ცვლილება დეპოზიტების ბაზაში, დოლარ-ევროს არსებული პარიტეტის თვალსაზრისით, არ მომხდარა, ანუ არ ყოფილა პანიკის საფუძველი. რაც შეეხება ექსპორტ-იმპორტს, ჩვენი ქვეყნის იმპორტიზაციის პირობებში, ბუნებრივია, ორიენტაცია იმპორტზე უნდა ავიღოთ, რადგან ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი სავალუტო და საგადამხდელო ბალანსზე ასეთ მოკლე პერიოდში ზეგავლენას მაინც ვერ ახდენს.
თუმცა, დროის სიმცირის გამო, რაიმე ცვლილება არც იმპორტის არსებულ სტრუქტურაში მომხდარა, რადგან ეს ცვლილება შეიძლება გამოეწვია იმპორტიორების მხრიდან მოთხოვნის ცვლილებას ევროზონისა და სადოლარო ზონის ქვეყნებთან მიმართებაში.
აღნიშნული ტენდენციების მიუხედავად, ევროზე მოთხოვნის უმნიშვნელო ზრდა საქართველოში მაინც შეინიშნება. ერთიან ევროპულ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდას, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებთან ბიზნესკონტრაქტებზე მომუშავე ფირმები ან ის ტურისტები თუ სტუდენტები განაპირობებენ, რომლებიც ევროპის ქვეყნებში სწავლობენ ან მოგზაურობენ, თუმცა საქართველოში ამერიკული დოლარის პოზიციები, ევროსთან შედარებით, ჯერჯერობით განუზომლად მყარია.
XS
SM
MD
LG