Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ელოდება ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან?


საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კავკასიურ ქვეყანაში მიმდინარე პროცესის მიმართ ევროკავშირის დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდა.

- ამის შესახებ 15 იანვარს განაცხადა თბილისში მყოფმა ხავიერ სოლანამ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის კომისარი საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს დაგეგმილზე ერთი წლით ადრე ესტუმრა, რათა ახლად არჩეული ხელისუფლებისათვის შემდგომი თანამშრომლობის სურვილი დაედასტურებინა. არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი ხავიერ სოლანას "ახალი ევროპის" წარმომადგენელი უწოდა.

ხავიერ სოლანა საქართველოში მესამედ ჩამოდის. პირველად იგი 1997 წელს ნატოს გენერალური მდივნის რანგში ესტუმრა თბილისს, შემდეგ კი, ორჯერ, -როგორც ევროკავშირის კომისარი საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში. დროის ამ მოკლე მონაკვეთში საქართველოში შეიცვალა პოლიტიკური ხელმძღვანელობა, სულ მალე კი ქვეყანა სულ სხვა დროშით იქნება წარმოდგენილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირის კომისართან შეხვედრაზე ხუთშაბათს განაცხადა, რომ "საქართველო, როგორც უძველესი ევროპული ქვეყანა, თავის ისტორიულ ოჯახს უბრუნდება," ხავიერ სოლანას კი, როგორც წარმოშობით ესპანელს, "ახალი ევროპის"წარმომადგენელი უწოდა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]

მიუხედავად ხუმრობით დაწყებული ოფიციალური ვიზიტისა, ევროკავშირის კომისარი საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოში სერიოზული გზავნილით ჩამოვიდა. სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ ევროკავშირი მიესალმება საქართველოს ახალ ხელისუფლებას და ელოდება მათგან პრიორიტეტების ნუსხას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი ქვეყანას პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

[ხავიერ სოლანას ხმა] "1999 წლის ვიზიტის შემდეგ ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. ერთი მათგანი იყო სპეციალური ხელშეკრულება, რომლითაც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა მიიღეს. ახლა ჩვენ გვსურს, რომ ამ ხელკშეკრულების ბაზაზე კიდევ უფრო გავაფართოოთ ეს თანამშრომლობა. სწორედ ამას ემსახურება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაც ამ რეგიონში. როგორც კი საქართველოს მთავრობა ჩამოყალიბდება, ჩვენ დაუყოვნებლივ დავუკავშირდებით მას, რათა დავადგინოთ, რა პრიორიტეტების მიხედვით იქნება საჭირო დახმარება."

პირველი ასეთი დახმარება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. ხავიერ სოლანას თქმით, ევროკავშირი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მაღალი დემოკრატიის პირობებში და სამართლიანად ჩატარდეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG