Accessibility links

logo-print

როგორ ემზადება ყოფილი ხელისუფლება არჩევნებისათვის


დავით პაიჭაძე, თბილისი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვამდე აქტუალური რჩება პოლიტიკური სპექტრის შევსების საკითხი. ჯერჯერობით გაერთიანებული დემოკრატებისა და ნაციონალური მოძრაობის

ალიანსს კონკურენციას ვერავინ უწევს. ალბათ, ვერც არჩევნების დროს გაუწევს. - საკითხავი მხოლოდ ის არის, სხვა პარტიები და ბლოკები თუ მოახერხებენ საარჩევნო ბარიერის გადალახვას. არჩევნებისათვის მზადება დაიწყეს პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც მემარჯვენე ორიენტაციას იჩემებენ და საარჩევნო გაერთიანების შექმნაზეც ალაპარაკდნენ: ედპ-ტრადიციონალისტებისა და ახალი მემარჯვენეების შესაძლო კავშირის გარდა, ჯერ დანამდვილებით ცნობილი არ არის არც ერთი მრავალსუბიექტიანი გაერთიანება, რომელიც არჩევნებზე გამოსვლას დააპირებდა. რას აპირებენ საარჩევნოდ წინა ხელისუფლების წევრები?

"წინა ხელისუფლების" ცნება განმარტებას ითხოვს: ვინ შეიძლება ჩაებას ამ წინა ხელისუფლებიდან 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში: ბლოკის "ახალი საქართველოსთვის" შემადგენელი სუბიექტები? შევარდნაძის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები? ცალკეული პირები, რომელთაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თანამოაზრეთა ჯგუფის შემოკრება სცადეს? ბლოკის ერთ-ერთმა განაყოფმა, მანამდე ლევან მამალაძის ფრთამ საპარლამენტო თემატურ უმრავლესობაში, "ალიანსმა ახალი საქართველოსათვის" გამოაცხადა პოლიტიკური ორგანიზაციის "ალიანსი დემოკრატიული საქართველოსათვის" შექმნა. "ალიანსის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, პარლამენტის წევრს ირაკლი გოგავას ვთხოვე, ჩამოეყალიბებინა პარტიის საარჩევნო გეგმები:

[გოგავას ხმა] "ვერ ვაყალიბებთ, რადგან პარტიას სჭირდება სერიოზული ფინანსური რესურსები, რისი საშუალებაც ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. თუ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამაში მონაწილეობას მიიღებენ, განვიხილავთ ნებისმიერ წინადადებას. დღეს ფინანსური რესურსების სიმცირის გამო პარტიის ჩამოყალიბებას ვერ ვახერხებთ."

ირაკლი გოგავა ამბობს, რომ პარტიას სრულიად ახალი ადამიანებისაგან აყალიბებს. მართალია, პარტიის სახელი ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში გამოცხადდა, რეგისტრაცია "ალიანსს დემოკრატიული საქართველოსთვის" ჯერ არ გაუვლია.

[გოგავას ხმა] "არც ვფიქრობთ, რომ სააჩევნოდ გავიაროთ რეგისტრაცია. აზრი არა აქვს. ერთ თვეში ასე ნაჩქარევად დანიშნული არჩევნებისათვის ახალ პარტიას ვერ მოამზადებ."

ყოფილი ხელისუფლების ბლოკის კიდევ ერთი სუბიექტი, სოციალისტური პარტია, არჩევნებში მონაწილეობს, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტია - როგორ. პარტიის გენერალური მდივანი ზაქარია ქუცნაშვილი უპერსპექტივოდ მიიჩნევს ხელისუფლებაში არმყოფი პარტიების ცალ-ცალკე გამოსვლას. ქუცნაშვილი ამბობს, რომ უაღრესად შემჭიდროებულ ვადაში უხდებათ პარტიის რეორგანიზაცია, რაც პარტიის უახლოესი საარჩევნო ამოცანაა, და, ამასთან, ფიქრობენ სავარაუდო პარტნიორებთან კავშირის საფუძვლებზე:

[ქუცნაშვილის ხმა] "თუ საფუძვლად ავიღებთ იდეოლოგიას, მაშინ მარტო ლეიბორისტებს უნდა ველაპარაკოთ. თუ საფუძვლად ავიღებთ ოპოზიციურობას, მაშინ უნდა ველაპარაკოთ ყველას. ხოლო თუ მიზნად დავისახავთ დიდ გაერთიანებას, ბევრი ლიდერით, მაშინ აღორძინებაც შეიძლება მოვიაზროთ კონსულტაციებში და ა.შ.".

როგორც ჩანს, ყოფილი ხელისუფლების შემადგენელ ორგანიზაციებთან რაიმე გაერთიანებაზე ან ბლოკზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. სოციალისტური პარტია ცდილობს გაემიჯნოს საკუთარ წარსულს. რაც შეეხება ყოფილი ნომერ პირველი ბლოკის გულისგულს - "მოქალაქეთა კავშირს", ცნობილია, რომ იქაც ცვლილებებზე ფიქრობენ, აპირებენ პარტიის სახელის შეცვლასაც, მაგრამ მასმედიასთან კონტაქტზე იშვიათად და უხალისოდ გამოდიან.
XS
SM
MD
LG