Accessibility links

საქართველოში კვლავ ენერგოკრიზისი მძვინვარებს


რა მდგომარეობაა საქართველოს ენერგეტიკაში? - ამ კითხვაზე მოკლე პასუხი ასე ჟღერს: ძალიან ცუდი! უფრო ვრცლად კი გეტყვით, რომ დედაქალაქსა და რეგიონებს დენი შეზღუდვით მიეწოდება.

ამასთან, აბონენტების მნიშვნელოვანი ნაწილი არ იხდის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, რაც, თავის მხრივ, დენის წარმოებასა და იმპორტის განხორციელებას უშლის ხელს.

საქართველოს მოსახლეობას ბოლო დროს ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრების დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ამგვარი გამოცდილების ადამიანები, ძირითადად, რეგიონებში ცხოვრობენ, თუმცა წელს ელექტროგენერატორების მონოტონურ გუგუნს თავი ვერც საქართველოს მთავარმა - რუსთაველის - გამზირმა დააღწია. ამის მიზეზი, როგორც თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვალერი ფანცულაია აცხადებს, სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ დენის ქაოსური შეწყვეტაა.

[ვალერი ფანცულაიას ხმა] "სახელმწიფო ენერგოსისტემა, იმის გამო, რომ ვერ ზღუდავს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას, და თვითონ ამას აღიარებს, და ამის გამო თბილისი უნდა შეიზღუდოსო, თვითონ ამბობენ. პირველადი მოხმარების ობიექტს არ უნდა შეუწყდეს ელექტროენერგია და ისე ქაოსურად ხდება სახელმწიფო ენერგოსისტემის მიერ ჩვენი მაღალი ძაბვის ხაზების გამორთვა, რომელიც კვებავს ქვესადგურებს, რომ ხშირ შემთხვევაში რჩება პირველადი მოხმარების ობიექტებიც ძაბვის გარეშე." (სტილი დაცულია)

არადა, "თელასი", როგორც ფანცულაია ირწმუნება, გარდა იმისა, რომ გარდაბნის თბოელექტროსადგურის საშუალებით 200 მეგავატს გამოიმუშავებს, რუსეთიდან და სომხეთიდან 160 მეგავატის იმპორტსაც ახორციელებს, რაც დედაქალაქის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად სავსებით საკმარისია. თუმცა, ამის მიუხედავად, უსამართლოდ დაჩაგრული "თელასი" იძულებულია საკუთარი აბონენტები დღის განმავლობაში ორ-ორი საათით მაინც შეზღუდოს.

გაცილებით მასშტაბური შეზღუდვების ატანა უწევთ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს, რისი ერთ-ერთი მიზეზიც მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის დაბალი მაჩვენებელია. ოფიციალური ინფორმაციით, რაიონებში მცხოვრები აბონენტები, საშუალოდ, მოხმარებული დენის საფასურის 7 პროცენტს იხდიან. გამონაკლისია აჭარა, სადაც აღნიშნული მაჩვენებელი 20 პროცენტამდე აღწევს. გადახდის დაბალი დისციპლინის მიუხედავად, სიბნელეში დარჩენილი ადამიანები ვითარებასთან შეგუებას არ აპირებენ, რაც ენერგოობიექტების გახშირებული დალაშქვრით გამოიხატება.

"გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" წარმომადგენელი გია ქავთარაძე მოსახლეობის თვითნებობასთან დაკავშირებით აცხადეს:

[გია ქავთარაძის ხმა] "არ გავა დღე, რომ არ მოხდეს შეჭრის და უნებართვო, უკანონო ჩართვის ფაქტები. ხელთ მაქვს 12 იანვრის მონაცემები, სადაც სამი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა." (სტილი დაცულია)

კიდევ ერთი და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საკუთრივ ელექტროენერგიის დეფიციტს უკავშირდება. სწორედ ამ პრობლემის დასაძლევად მოახდინა პარლამენტმა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულების რატიფიცირება. ამ ხელშეკრულებით, საქართველოს მთავრობა 12 მილიონ ევროს კრედიტს მიიღებს.
XS
SM
MD
LG