Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში გამომავალი გაზეთები დიდ ყურადღებას უთმობენ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ეს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სოხუმში გამომავალი გაზეთები დიდ ყურადღებას უთმობენ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ეს ინტერესი ბუნებრივიცაა - სოხუმში კარგად ესმით, რომ ამიერიდან ურთიერთობა ნოემბრის მოვლენების

შედეგად ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკოსებთან მოუწევთ. გაზეთ "რესპუბლიკა აბხაზიის" ვარაუდით, გამორიცხული არ არის აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში, დასავლეთის ჩარევით, ახალი მიდგომები გაჩნდეს.

გაზეთი "რესპუბლიკა აბხაზიი" აქვეყნებს ინტერვიუს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აფხაზ პოლიტიკოსთან, კონსტანტინე ოზგანთან, რომელიც ამჟამად სოხუმის პარლამენტის ვიცე-სპიკერია. გაზეთის შენიშვნით, მიუხედავად იმისა, რომ ოზგანს ედუარდ შევარდნაძესთან სპეციფიკური ურთიერთობა აკავშირებს, - თავის დროზე, აფხაზეთში სიმშვიდის შენარჩუნების მოტივით, სწორედ შევარდნაძემ გაათავისუფლა იგი გუდაუთის რაიკომის პირველი მდივნის თანამდებობიდან, -ოზგანი შევარდნაძის გადადგომასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ სიხარულს არ განიცდის. როგორც მან გაზეთს განუცხადა:



"როცა მეზობელ სახელმწიფოში გადატრიალება ხდება და როცა ამ სახელმწიფოსთან არც სამშვიდობო შეთანხმება გაქვს და არც დიპლომატიური ურთიერთობები - სასიხარულო ამაში ბევრი არაფერია. ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან, საქართველო, როგორც სახელმწიფო, დაიშლება. ოსეთი და აფხაზეთი ისედაც არ შედის საქართველოში, რიგშია აჭარა. ვითარება სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში თბილისისთვის სასურველი სცენარით არ იმართება. თუ საგარეო ფაქტორები არ ამუშავდა, ძნელად წარმომიდგენია, მომავალში საქართველო ერთიან და ძლიერ სახელმწიფოდ იქცეს."



მთლიანობაში, სოხუმში გამომავალი პრესა თბილისში ნოემბერში მომხდარ მოვლენებს გადატრიალებად აფასებს. გაზეთ "რესპუბლიკა აბხაზიის" სარედაქციო წერილში ნათქვამია, რომ ერთი რამ ნათელია: შევარდნაძემ რუსეთს არაერთხელ გაუცრუა იმედები, თუმცა ძნელი სათქმელია, გაამართლებენ თუ არა მოსკოვის იმედებს ხელისუფლებაში მოსული ახალი თაობის პოლიტიკოსები, რომლებიც, ერთი მხრივ, არ მალავენ თავის პროამერიკულ განწყობას, მეორე მხრივ კი, აცხადებენ, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება სურთ. გარდა ამისა, გაზეთის შენიშვნით, აფხაზეთში ძლიერდება რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკით იმედგაცრუებულთა რაოდენობა:



რუსეთი პასიურობას იჩენს, აფხაზეთის სტატუსის შემუშავების თვალსაზრისით. რეალურად, რუსეთმა არ წამოაყენა ე.წ. ბოდენის ვარიანტის ალტერნატივა. ბოდენის დოკუმენტი კი აფხაზეთს, კვლავ საქართველოს შემადგენლობაში, მხოლოდ და მხოლოდ ავტონომიის სტატუსს ანიჭებს. უყურადღებობას იჩენს მოსკოვი სოხუმის მიერ წამოყენებული ინიციატივების მიმართაც. როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ აფხაზეთს არჩევანი არა აქვს. არადა, ეს ასე არ არის. დასავლური ინსტიტუტები ყურადღებით იკვლევენ აფხაზურ საზოგადოებაში არსებულ განწყობილებებს და შესაბამისად ცვლიან საკუთარ პოლიტიკას აფხაზეთის მიმართ. გამორიცხული არ არის, გამოჩნდეს ახალი დასავლური პროექტები, რომლებიც ბოდენის დოკუმენტზე მომხიბვლელი აღმოჩნდება. დასაწყისისთვის, მაგალითად, შესაძლოა, შეიქმნას აფხაზეთის საქართველოსთან ასოცირებული ურთიერთობების გეგმა.
XS
SM
MD
LG