Accessibility links

logo-print

საკადრო პოლიტიკის ერთი დეტალი


გაზეთმა "ახალი ვერსია" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება უშიშროების საბჭოს მდივნად ვანო მერაბიშვილის კანდიდატურის წარდგენას აპირებს. არც პრეზიდენტსა და არც სახელმწიფო მინისტრს ამ ინფორმაციასთან

დაკავშირებით არავითარი კომენტარი არ გაუკეთებიათ. შესაბამისად, უშიშროების მდივნის პოსტზე ვანო მერაბიშვილის კანდიდატურა საჯარო განხილვის საგნად რჩება.

საკადრო პოლიტიკა ის გამოცდაა, რომელსაც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის მთავრობა საკუთარი ხალხის წინაშე აბარებს. საქართველოში ახალი დანიშვნების მთავარი ტენდენცია ისაა, რომ პარლამენტი მინისტრობის კანდიდატებისგან არ ითხოვს პროგრამებს, სადაც მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული, როგორ უნდა გარდაიქმნას ესა თუ ის უწყება.

კორუფციასთან ბრძოლა, რაც სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტად არის გამოცხადებული, ჯერჯერობით ერთი-ორი პირის დაჭერით და დანარჩენების მიმართ მუქარით ამოიწურება. არადა, ვთქვათ, ენერგეტიკის მინისტრის დაჭერა არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დენი უწყვეტად იქნება; ჯანმრთელობის მინისტრის დაჭერა არ ნიშნავს, რომ ავადმყოფისთვის მკურნალობა უფრო ხელმისაწვდომი გახდება და ასე შემდეგ.

პროგრამების არარსებობის პირობებში, მთავრობის ახალი წევრების შესახებ საზოგადოებას აცნობებენ ხოლმე, რომ მან - მომავალმა მინისტრმა - იცის, რა უნდა გააკეთოს. თუმცა ამ ცოდნის გამჟღავნებას არავინ ითხოვს და ყოველი მორიგი კანდიდატიც თავის ცოდნას საიდუმლოდ ინახავს. ამ ფონზე, ბუნებრივია, რომ ნდობა ხელისუფლების საკადრო პოლიტიკის მიმართ არ არსებობს.

შესაბამისად, რაკი გაჩნდა ინფორმაცია, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ვანო მერაბიშვილის კანდიდატურა განიხილება, მე, როგორც რიგით მოქალაქეს, სურვილი გამიჩნდა, საკუთარი აზრი გამოვთქვა ამ საკითხზე. საზოგადოებამ იცის, რომ ვანო მერაბიშვილი მიწის რეფორმის სპეციალისტია. მაგრამ ჩვენ არასოდეს გვსმენია, რომ მან იცის, როგორ უნდა უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოება. ალბათ, ბუნებრივია, რომ თითოეული მოქალაქე ძნელად თუ მიანდობს მიწის რეფორმის სპეციალისტს თავისი ქვეყნისა და ოჯახის დაცვას. ამიტომ, მე მაქვს წინადადება ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ: თუ პირადად იგი ენდობა ვანო მერაბიშვილს, როგორც უშიშროების სპეციალისტს, დასაწყისისთვის მიანდოს მას თავისი ოჯახისა და საკუთარი თავის დაცვა, ჩვენ კი გარკვეული პერიოდის მანძილზე დავაკვირდებით, როგორ გაამართლებს ეს ექპერიმენტი. თუ გაამართლებს, ჩვენც, საქართველოს მოქალაქეები, გულმშვიდად მივაბარებთ ვანო მერაბიშვილს საკუთარ ოჯახებს და ქვეყანას. პრეზიდენტის მიმართ ნდობაც გაგვეზრდება.

სხვა შემთხვევაში, რჩება შთაბეჭდილება, რომ ახალი ხელისუფლება თავისი თავისთვის მაღალი ხარისხის გარანტიებს ითხოვს, ხალხისთვის კი დაბალი ხარისხის გარანტიებსაც სჯერდება. "ვარდების რევოლუციას" ასეთი გაგრძელება ნამდვილად არ ეკადრება...
XS
SM
MD
LG