Accessibility links

logo-print

გახდება თუ არა საარჩევნო ბარიერის დაწევა მრავალპარტიული პარლამენტის არჩევის ძირითადი საშუალება. - საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჯერ არ არსებობს


1999 წლიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიათათვის დაწესებული საარჩევნო ბარიერი 7 პროცენტს შეადგენს. ამ წესით ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მოწვევის პარლამენტი დაკომპლექტდა. ამავე წესით ჩატარდა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები.

თუმცა, 2 ნოემბრის შემდეგ საქართველოში შექმნილი სრულიად ახალი რეალობის შესაბამისად, დღის წესრიგში საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დგება. საკითხი ჯერ მხოლოდ პოლემიკისა და დებატების საგანს წარმოადგენს. თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს მმართველი პოლიტიკური ძალების ნება და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები, ანუ იმის წინაპირობა, რომ 2004 წლის 28 მარტს, სავალდებულო შვიდპროცენტიანი ბარიერის ნაცვლად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს ხუთპროცენტიანი ბარიერი ექნებათ დასაძლევი.

საარჩევნო ბარიერის ოპტიმალური ზღვარი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პარტიებისადმი მოსახლეობის მხარდაჭერის ხარისხით განისაზღვრება. ზღვარი ერთგვარი პრევენციული საშუალებაა, ერთი მხრივ, პარლამენტის ზედმეტი სიჭრელის, მეორეს მხრივ კი, მონოპარტიულობის თავიდან ასაცილებლად. 2004 წლის 28 მარტს ასარჩევი პარლამენტის ძირითადი საფრთხე სწორედ პოლიტიკური ერთფეროვნებაა. ამიტომ ხდება აქტუალური საარჩევნო შვიდპროცენტიანი ბარიერის ხუთ პროცენტამდე შემცირება. დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, ხუთპროცენტიანი ბარიერიც მაღალია.

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] "ყველაზე უფრო ოპტიმალური იქნებოდა ოთხპროცენტიანი ზღურბლი. იმ დღიდან, როდესაც პირველად დაიწყო საუბარი მრავალპარტიულ არჩევნებზე, იმ დღიდან მოყოლებული, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაზე უფრო ოპტიმალური არის ოთხპროცენტიანი ზღურბლი. ამდენად, ნუ, ბუნებრივია, რომ მე ამას ახლაც მხარს დავუჭერ."

საარჩევნო ბარიერი საქართველოს კონსტიტუციაში კონსტიტუციის მიღების დროს, 1995 წელს, ჩაიდო და 5 პროცენტით განისაზღვრა. 1999 წელს ბარიერის შვიდ პროცენტამდე გაზრდის ინიციატივით ფრაქცია ეროვნულ-დემოკრატის თავმჯდომარე ირინა სარიშვილ-ჭანტურია გამოვიდა. მოგვიანებით იგი თავისივე ინიციატივის მსხვერპლი გახდა და პარლამენტში ვერ მოხვდა. დღეს ირინა სარიშვილ- ჭანტურია ძველ პოზიციაზე დგას და ამტკიცებს, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა ახალი ხელისუფლებისათვის პოლიტიკური კორუფციის წყაროდ იქცევა:

[ირინა სარიშვილ-ჭანტურიას ხმა] "ეს არის ჟვანიას გუნდის გეგმა. ხუთ პროცენტამდე ბარიერის დაწევა ხელს უწყობს პოლიტიკურ პარტიებთან ვაჭრობას. არავითარ შემთხვევაში ბარიერის ქვევით დაწევა არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს, ერთი მხრივ, ხელს უშლის პოლიტიკური პარტიების გამსხვილებას, მეორე მხრივ, ძალიან დიდი პოლიტიკური ვაჭრობის საშუალებას იძლევა ზუსტად ჟვანიას გუნდისთვის."

საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი ახალი ხელისუფლების მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში იურისტებისა და არასამთავრობო სექტორის წინადადებით აღმოჩნდა. კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის ინიცირების უფლება აქვთ ქვეყნის პრეზიდენტსა და პარლამენტის წევრთა ნახევარს.

[დავით უსუფაშვილის ხმა] "მე არა მგონია, რომ ხელისუფლება გეგმავდეს მხოლოდ ბარიერის საკითხის განხილვას ცალკე. მე უფრო მგონია, რომ ხელისუფლება რაღაც ვერსიას კონსტიტუციური ცვლილებებისას გამოაქვეყნებს, ალბათ, მალე. და მასში ეს საკითხი იქნება თუ არა გათვალისწინებული, მე ნამდვილად არა მაქვს ამაზე ინფორმაცია."

იურისტ დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის განხილვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო არჩევნებამდე განხორციელდება.
XS
SM
MD
LG