Accessibility links

წალკაში 100-მდე მოქალაქე თავს დაესხა რაიონის გამგებელს


წალკის რაიონი, ისევე როგორც ქვემო ქართლის სხვა, ეთნიკურად მრავალფეროვანი, რაიონები, წლების მანძილზე არასტაბილურობის პოტენციურ წყაროს წარმოადგენს. თუ საქართველოს ამ ნაწილში მნიშვნელოვან ეთნიკურ

კონფლიქტებს ადგილი არ ჰქონია, ეს იმის შედეგია, რომ ცენტრალური ხელისუფლება მოკრძალებულად ერეოდა რეგიონის შიგნით მიმდინარე პროცესებში. იქ, სადაც ჩარევა საგრძნობი იყო, პერიოდულად თავს იჩენდა სხვადასხვა სიმწვავის კონფლიქტები. ერთ ასეთ დაპირისპირებას 13 იანვრის ღამით ადგილი ჰქონდა წალკის რაიონში.

საინფორმაციო საშუალებების მიერ 15-16 იანვარს გავრცელებული ცნობების თანახმად, წალკის რაიონის გამგებელს ელდარ ხვისტანს სამუშაო ოთახში 100-მდე სომხური ეროვნების მოქალაქე შეეჭრა და გამგებელს სასტიკად სცემა. საინფორმაციო საშუალებებისვე ინფორმაციით, სასტიკად ნაცემი ელდარ ხვისტანი რუსთავის საავადმყოფოშია მოთავსებული. ხვისტანის ცემის ფაქტი დაადასტურეს სახელმწიფო კანცელარიის რეგიონული პოლიტიკის ბიუროშიც. ბიუროს პასუხისმგებელმა თანამშრომელმა ისიც განაცხადა, ბატონი ხვისტანი ისეთ მდგომარეობაშია, რომ სატელეფონო ზარებსაც კი ვერ პასუხობსო. მიუხედავად ამისა, მე მაინც ვცადე წალკის რაიონის გამგებელ ელდარ ხვისტანთან ტელეფონით დაკავშირება.

[ელდარ ხვისტანის ხმა] "კარგადა ვარ, მაგრამ ისეთ ინფორმაციებს ვისმენ ტელევიზიით, რომ გაგიჟებული ვარ ... ჩემთვის თითი არ დაუკარებიათ იქ, თითი არ დაუკარებია არავის და უგრძნობ მდგომარეობაში წაიყვანეს საავადმყოფოში და ახლა საავადმყოფოში წევსო. მე აქ ვარ, თბილისში, მანქანაში ვზივარ საჭესთან და მივდივარ საქმეზე ტელევიზიაში."

წალკის რაიონის გამგებლის ინფორმაციით, მის კაბინეტში 13 იანვარს ღამით მართლაც შეიჭრა 100-მდე სომეხი ეროვნების მოქალქე, რომლებიც მის გადადგომას მოითხოვდნენ. მათსა და გამგებლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის მომხდარი ხელჩართული ჩხუბის შემდეგ ხვისტანის ფიზიკური დაცვა მოხერხდა. ორივე მხრიდან არიან დაშავებულები, თუმცა წალკაში ამ ინციდენტის შემდეგ დაძაბულობა არავის შეუმჩნევია. შესაძლოა, იმიტომაც, რომ გამგებელმა რაიონი დატოვა, ხოლო მისმა მოწინააღმდეგეებმა პირობა მიიღეს, რომ გამგებლის საკითხს გუბერნატორი და პრეზიდენტი გადაწყვეტდნენ.

წალკის რაიონის პოლიციის უფროსის ზურაბ ქეშელაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელები სომხური ეროვნების მოქალაქეები იყვნენ, ინციდენტს ეთნიკური ხასიათი არ ჰქონია. თუმცა კი მის ნათქვამში საწინააღმდეგო აზრიც იკითხება:

[ზურაბ ქეშელაშვილის ხმა] "მე უფრო ამ მიზეზს დავარქმევდი: ეს არის ამბიციურობა, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში ძალიან ბევრ რეგიონში მოხდა ასეთი სიტუაცია. ჩვენი რაიონი ისეთი რაიონია, რომ სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა წარმომავლობის მოსახლეობას ერთმანეთში რომ კონფლიქტური სიტუაცია ექნებათ, ეს ბუნებრივია და ყველაფერი იყო აქედან გამომდინარე. მე ეროვნულ საკითხს არ ვეხები, ეთნოკონფლიქტი აქ არ წამოჭრილა." (სტილი დაცულია)

თუ რა იყო გამგებელზე თავდასხმის მიზეზი, მე ამ კითხვით თავად ელდარ ხვისტანსაც მივმართე.

[ელდარ ხვისტანის ხმა] "მე რომ იქ მივედი, 72 ოჯახი ცხოვრობდა ქართული, ისიც, ჩემი მეშვეობით შეყვანილი. 2,5 წელიწადია ვმუშაობ იქ და 1300 ოჯახია დღეს. ამას ვერ იტანენ ზოგიერთები."

გამგებლის განცხადებით, ამ რთულ რეგიონში ვითარების დარეგულირება კანონის განუხრელად გატარებითაა შესაძლებელი. თუმცა, რადგან ხელისუფლება ამას ხშირად ქართული ეროვნების მოქალქეებით დასახლებულ რეგიონებშიც ვერ ახერხებს, კანონის აღსრულება განსაკუთრებით უჭირს მრავალეროვნულ რაიონებში - იქ, სადაც სუსტი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ აქციას ეთნიკური კონფლიქტის საფრთხეც თან სდევს ხოლმე.
XS
SM
MD
LG