Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა საქართველოში მიმდინარე მოვლენები ნოემბერში მომხდარი "ვარდების რევოლუციის" ფონზე კვლავაც დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

"დემოკრატია საქართველოში", - ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გაზეთ "ინტერნეიშნალ ჰერალდ ტრიბიუნში". სტატიაში ვკითხულობთ:

"სეპარატისტების ძალადობას ბოლო არ უჩანს საქართველოში. აფეთქებებმა თბილისში თითქმის ყოველდღიური ხასიათი მიიღო, ხოლო სამთავრობო სტრუქტურების, უშიშროების ძალებისა და ბიზნესის სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი მაფიის კონტროლქვეშაა.
ყოველივე ამის ფონზე სრულიად მოულოდნელი იყო ის, რაც საქართველოში გასულ ნოემბერს მოხდა, სახელდობრ, სახალხო აჯანყება კორუმპირებული და ავტოკრატული რეჟიმის წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ თავისუფალი და დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ევროპული სტანდარტების დონეზე, რომელშიც გამარჯვება, ხმების აბსოლუტური უმრავლესობით, დასავლეთში განათლებამიღებულმა მიხეილ სააკაშვილმა მოიპოვა. სააკაშვილის ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა იმაშია, რომ მისი ორი უახლოესი მოკავშირე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები არიან. ეს სამეული - ახალგაზრდა განათლებულ ლიდერთა დინამიურ თაობას წარმოადგენს. ეკონომიკაა სააკაშვილის მთავარი პრობლემა. არაერთი ქართველი გაამდიდრა კორუფციამ, სამაგიეროდ ლიგიტიმურ ბიზნესს გამოუთხარა ძირი. და საქართველო ალბათ, ყველაზე მეტად კორუმპირებულია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. ბატონ სააკაშვილს, თავის წინამორბედებთან შედარებით, გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს - საქმედ აქციოს თავისი ყველა წინასაარჩევნო დაპირება".

"საქართველო არის ქვეყანა, სადაც ქალაქები, ხშირად, ღამის წყვდიადშია ჩაფლული, ვინაიდან დენი არ მიეწოდებათ, სადაც ზამთარში, დასახლებული პუნქტები, კვამლითაა დაფარული, ვინაიდან ხალხი შეშით ათბობს ბინებს, როცა შეწყვეტილია გაზის მიწოდება, და სადაც მოკრძალებული ხელფასის მქონე მასწავლებლები, იმისთვის, რომ იარსებონ, იძულებული არიან წიგნები გაჰყიდონ გზაჯვარედინებზე" - წერს გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" მიმომხილველი სეთ მაიდანსი. ხოლო გაზეთ "ფიგაროს" კორესპონდენტი ადრიან ჟომე ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ საქართველოში უკანასკნელ თვეებში მომხდარი მოვლენების ფონზე ერთობ უხურხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა აჭარის ავტოკრატი ლიდერი ასლან აბაშიძე. ფრანგი ჟურნალისტი წერს:

"აბაშიძე, რომელიც 1990 წლიდან მოყოლებული რკინის ხელით მართავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ხმების საეჭვო 95 პროცენტს ღებულობს საპრეზიდენტო არჩევნების დროს. სწორედ აბაშიძე იყო უკანასკნელი იმედი დასამხობად განწირული შევარდნაძისთვის. მას შემდეგ, აბაშიძეს მოსვენებას არ აძლევს იმაზე ფიქრი, რომ სააკაშვილი შეეცდება ცენტრის წინდელ, სრულ კონტროლს დაუქვემდებაროს აჭარა. სააკაშვილმა არაერთგზის განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა მისი უპირველესი ამოცანა. თანაც სტუდენტური მძრაობა "კმარას" აქტიურობით დამფრთხალმა აბაშიძემ თავისი "სამთავროს" საზღვრები გადაკეტა და კვლავ გამოაცხადა აჭარაში საგანგებო მდგომარეობა. ხოლო როცა ბათუმი ღამის წყვიადში ეფლობა, მხოლოდ აბაშიძის რეზიდენცია რჩება განათებული".

გაზეთი "უოლ სტრიტ ჯორნალი" კავკასიაში შეერთებული შტატებისა და რუსეთის ინტერესების დაპირისპირებაზე ამახვილებს ყურადღებას. გაზეთი წერს:

"ერთის შეხედვით, სრული სიმშვიდეა ამერიკა-რუსეთის ფრონტზე. თუმცა კონფრონტაციის ახალი ერა ნელ-ნელა იჩენს თავს კავკასიაში, სადაც უკანასკნელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, აგრეთვე მოსკოვისა და ვაშინგტონის სტრატეგიული მიზნების გაფართოებამ, გაამძაფრა პაექრობა ამ ორ სახელმწიფოს შორის. დაპირისპირების ერთ-ერთ ასპარეზი - საქართველოა. ნოემბერში მომხდარმა "ვარდების რევოლუციამ" დააჩქარა ამერიკა-რუსეთის პაექრობა საქართველოში საკუთარი გავლენის განსამტკიცებლად."

გაზეთ "მოსკოუ ტაიმსის" მიმომხილველი პაველ ფელგენჰაუერი კომენტარს უკეთებს რუსეთის თავდაფვის მინისტრის სერგეი ივანოვის მიერ წამოყენებულ წინადადებას, რომ საქართველოში შემორჩენილი რუსეთის ორი სამხედრო ბაზა 11 წელიწადში დაიხუროს. ფელგენჰაუერი წერს:

"საქართველოში შემორჩენილი ორი სამხედრო ბაზა რამდენიმე თვეში შეიძლება დაიხუროს, რისთვისაც არც საგანგებო ძალისხმევა, ან კიდევ ვეებერთელა ხარჯები გახდება საჭირო. განრიგი, რაც მოსკოვმა შესთავაზა თბილისს ხსენებული ბაზების დასახურად - შანტაჟია და აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთს არ სურს, საერთოდ, ამ ბაზების დახურვა."
XS
SM
MD
LG