Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2003 წლის ბიუჯეტი მხოლოდ 84 პროცენტით შესრულდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირა საყურადღებო იყო მორიგი საკადრო დანიშვნებით, რომელიც ეკონომიკური ბლოკის ცალკეულ სტრუქტურებსაც შეეხო. სახელმწიფო მინისტრის წარდგინებით, ეკონომიკის,

მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პოსტზე საკანონმდებლო ორგანომ ბოლო დროს მისთვის ჩვეული ერთსულოვნებით დაამტკიცა ირაკლი რეხვიაშვილის კანდიდატურა, ხოლო რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე მმართველ საბჭოს ლევან ვაშალომიძის კანდიდატურა წარედგინა.

ამ პერსონალიების პროფესიული გამოცდილებისა და მოღვაწეობის სფეროს გათვალისწინებით, ექსპერტებმა წინასწარ ტენდენციებზეც დაიწყეს საუბარი. ორივე კანდიდატი ახალგაზრდაა და ადრე ამჟამად მათთვის ჩაბარებულ დარგში არ უმოღვაწიათ. ის, რომ აღმასრულებელ რგოლში ახალი სახეები ჩნდებიან, სავსებით მოსალოდნელი პროცესია. ამასთან, თუ მივიღებთ მხედველობაში რეხვიაშვილისა და ვაშალომიძის საქმიანობის სფეროს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალი ხელისუფლება ამ შემთხვევაში დარგის სპეციალისტებზე მეტად აქცენტს მენეჯერებზე აკეთებს, რაც თავისთავად არ არის ცუდი, რადგან მინისტრისა თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელისათვის ეს უნარ-ჩვევა, უდავოდ, აუცილებელი, თუმცა არა ერთადერთი, ატრიბუტი გახლავთ. მენეჯერობას ვერც იმავე რკინიგზის დეპარტამენტის წინა, ამჟამად სკანდალურად დაკავებულ, ხელმძღვანელს დავუწუნებდით, ხოლო ის, თუ სად მიემართებოდა ამ "მენეჯერობის" მონაგარი სახელმწიფოს კუთვნილი ფული, ეს სულ სხვა საუბრის თემაა.

წესით, ეკონომიკის სამინისტრო, რომლის სტრუქტურული შემადგენლობა საკმაოდ რთული და მრავლისმომცველია, უნდა იქცეს ქვეყნის სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრად, რომელმაც უნდა განსაზღვროს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა, მოახდინოს მოდელირება-პროგნოზირება და ინდიკატორული გეგმის გრძელვადიანი გაწერა. ფორმალურად ეს უწყება ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებებს ატარებდა, თუ რამდენად ეფექტურად, ეს ქართულ ეკონომიკასაც ნათლად ატყვია.

ახლად დანიშნულ მინისტრს და ჯერ კიდევ დასანიშნ დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჯერ თავიანთი მომავალი მოღვაწეობის პროგრამა და კონცეპტუალური მიდგომები არ წარმოუდგენიათ. ვაშალომიძეც და რეხვიაშვლიც ამის გაკეთებას უწყებებში სიტუაციის შესწავლის შემდეგ აპირებენ, თუმცა ამთავითვე აცხადებენ, რომ მზად არიან სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების განსახორციელებლად.

გასულ კვირას პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა გამოაქვეყნა გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, სპეცსახსრების გარეშე, 84,4 პროცენტით შესრულდა.

როგორც საბიუჯეტო ოფისის დასკვნაშია აღნიშნული, 12 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში შემოვიდა 947 მილიონ 84 ათასი ლარი, რაც, როგორც აღვნიშნეთ, წლიური გეგმის 84,4 პროცენტს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიუჯეტში მიღებულია 104 მილიონი ლარით მეტი. საკუთარი შემოსავლების მიხედვით, ზრდამ, წინა წელთან შედარებით, 78 მილიონ 21 ათასი ლარი შეადგინა.

იანვარ-დეკემბერში, ბიუჯეტში, გრანტების გარეშე, თვეში, საშუალოდ, მხოლოდ 75 მილიონი ლარი შემოდიოდა, - აცხადებენ საბიუჯეტო ოფისში.
ოფისში მიაჩნიათ, რომ, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის წინასწარი მაჩვენებლებით, ხელისუფლების ფისკალური პოლიტიკის დაბალი ეფექტიანობის შედეგად, ვერ მოხერხდა სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების სრული მოცულობით შესრულება, რამაც ისედაც არსებული საბიუჯეტო დავალიანებები კიდევ უფრო გაზარდა.

გასული წლის საბიუჯეტო ტენდენციებთან დაკავშირებით ექსპერტები აღნიშნავენ, რომ, ბიუჯეტის დაგეგმარებისა და შემდგომ მისი აღსრულების თვალსაზრისით, პრინციპული ცვლილებები არ მომხდარა. გრძელდებოდა უსისტემო და ხშირად უსამართლო სახარჯო პოლიტიკა, რომელიც არ ცნობდა პრიორიტეტებს და ხშირად ის მიმართულებები ფინანსდებოდა, რომლის აუცილებლობა ეჭვის ქვეშ დგას, მნიშვნელოვანი სოციალური პროექტები კი დაუფინანსებელი რჩებოდა. მუდმივი პრობლემები იყო ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისათვის თანხების გამოყოფის კუთხითაც და, რაც მთავარია, გაგრძელდა პენსიონერთა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა სახელფასო დავალიანებებების დაგროვების ტრადიცია.

იმავე საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე საბიუჯეტო სფეროში 2003 წელს მიმდინარე პროცესებს შემდეგნაირად აფასებს:

[რომან გოცირიძის ხმა] "საბიუჯეტო კრიზისი ტყუპისცალივით ჰგავდა წინა პერიოდს. ყოველი წელი მთავრდებოდა 200-250 მილიონიანი საბიუჯეტო დანაკლისით, ანუ სეკვესტრით. ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა რეალურ გამოხატულებაში იყო მინიმალური და საბიუჯეტო ხარჯების გადანაწილების კუთხითაც არანაირი პროგრესი არ შეინიშნებოდა: წლითიწლობით ფინანსდებოდა მეორეხარისხოვანი ხარჯები, რომელიც დაკავშირებული იყო პოლიტიკურ თუ სხვა სახის კონიუნქტურასთან, რაც თავისთავად იწვევდა დავალიანებების დაგროვებას როგორც სახელფასო, ისე საპენსიო სფეროში. მიმდინარე წელი რეკორდული იყო საპენსიო დავალიანების დაგროვების კუთხით. მთლიანად აღებული ეს დავალიანება დღეს დაახლოებით 140 მილიონს აღწევს. არის აგრეთვე ბევრი გაუცემელი ხელფასი და ა.შ.

ამგვარი გახლავთ გასული წლის საბიუჯეტო ტენდენცია. ახალ წელს კი საქართველო მთავარი ეკონომიკური კანონის გარეშე შეხვდა და 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიღება გაზაფხულამდე არც არის მოსალოდნელი. თებერვალში თბილისს ეწვევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი მისია, რომელთან საბიუჯეტო პარამეტრების შეთანხმების შემდეგ ფინანსთა სამინისტრო საკანონმდებლო ორგანოში ახალ პროექტს წარადგენს.
XS
SM
MD
LG