Accessibility links

logo-print

დასავლეთის სახელმწიფოები საქართველოს დახმარებას უზრდიან


თამარ ჩიქოვანი, თბილისი აშშ-ი საქართველოს დახმარებას უზრდის. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის რიჩარდ ბაუჩერის განცხადებით, 2004 წელს ამერიკის მთავრობა საქართველოსთვის,

დახმარების სახით, 184 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს. ოფიციალური ვაშინგტონი აქამდეც წლების მანძილზე ეხმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ 184 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება, მართლაც, შთამბეჭდავად გამოიყურება.

შეგახსენებთ: აშშ საქართველოს 1992 წლიდან უწევს სერიოზულ დახმარებას. ეს დახმარება მაშინდელი საქართველოსთვის იმდენად მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ 1995 წელს ვაშინგტონში თავისი ოფიციალური ვიზიტისას პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პრეზიდენტ კლინტონს საჯაროდ უთხრა, რომ არა ამერიკული დახმარება, ქართველი ხალხი იშიმშილებდაო.
სხვა საკითხია, რომ ვაშინგტონის დახმარებამ ნელ-ნელა იკლო: თუ ერთი პერიოდი თეთრი სახლი თბილისისთვის ყოველწლიურად 110 მილიონ დოლარს გამოყოფდა, ბოლო წლებში დახმარება 90 მილიონამდე შემცირდა. ოფიციალურ ვაშინგტონს მიაჩნდა, რომ დახმარებას ქართული მხარე არაეფექტურად იყენებს.
ახალი ხელისუფლებისადმი თეთრი სახლის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე დახმარების გაზრდის ფაქტიც მეტყველებს - საბიუჯეტო კრიზისში აღმოჩენილი ხელისუფლებისთვის ნამდვილად მისწრებაა ოკეანის გაღმიდან მოსული დახმარება.
თუმცა ახალ ხელისუფლებას ისიც კარგად ესმის, რომ მხოლოდ დახმარებებით - თუნდაც სოლიდური დახმარებებით - ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობა შეუძლებელია. შესაბამისად, ხელისუფლება მაქსიმალურად დაინტერესებულია უცხოელი ინვესტორების მოძიებით. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ 4 იანვარს არჩეული ახალი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირველი უცხოური მოგზაურობა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, იგეგმება.
"ნდობის შექმნა" - ასეა ჩამოყალიბებული წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა. ფორუმი, რომელშიც 99 ქვეყნის 2 ათასამდე ბიზნესმენი, გამოჩენილი პოლიტიკოსი, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და ჟურნალისტები მიიღებენ მონაწილეობას, დავოსში 23-28 იანვარს გაიმართება. მიხეილ სააკაშვილი დავოსში 19 იანვარს გაემგზავრება და 23-ში თბილისში დაბრუნდება. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, რომან გოცირიძის, თქმით, მიხეილ სააკაშვილი დავოსში საქართველოს არასახარბიელო იმიჯის გამოსწორებას შეეცდება:
[რომან გოცირიძის ხმა] "ერთ-ერთი მიზანი არის იმიჯის გამოსწორება, რადგან იქ ინვესტიციები არ იქნება და კონტრაქტებს არავინ დებს. ანუ ეცდება ქვეყნისთვის მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას, იმიჯის გამოსწორებას - რომ ქვეყანას ჰყავს ძლიერი ხელისუფლება, რომ ქვეყანაში არ იქნება კორუფცია და რომ ინვესტორებს ექნებათ გარანტიები ბიზნესის საწარმოებლად."
ჯერჯერობით უცნობია, გამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი სიტყვით დავოსის ფორუმზე. თუმცა, იმედია, მას ერთი დღის განმავლობაში არაერთი არაფორმალური შეხვედრა ექნება იმ ბიზნესმენებთან, რომლებთანაც ნდობის შექმნაზე დიდად არის დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკის გამოცოცხლება.
XS
SM
MD
LG