Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდულ პროგრამაში დღეს შეგახვედრებთ ადამიანებს


წამყვანები: ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილ ახალგაზრდულ პროგრამაში დღეს შეგახვედრებთ ადამიანებს,

რომლებიც, ალბათ, პირველნი გამოეხმაურნენ ახალი ხელისუფლების მოწოდებას - ჩამოსულიყვნენ საქართველოში და თავიანთი ცოდნა ქვეყნის სამსახურში გამოეყენებინათ. გიორგი ჭილაძე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ხოლო დავით ჭკადუა იაპონიიდან დაბრუნდა. გასულ კვირაში მათ წარმოადგინეს საქართველოს ეკონომიკის მართვის, ანალიზისა და პროგნოზირების მოდელი. ჯერი საქართველოს ხელისუფლებაზეა - ვნახოთ, რამდენად დაინტერესდება ამ ადამიანებით და მათი პროგრამით. უნდა ითქვას, რომ ეკონომიკის მინისტრად ასევე ახალგაზრდა კაცის, ირაკლი რეხვიაშვილის, გამწესება იმედს იძლევა, რომ ეკონომიკის მართვის სფეროში გაჩნდება მოთხოვნილება ახალ, დასავლეთში ხარისხიანი განათლებით აღჭურვილ თაობაზე. ჩემი კოლეგა ეკა წამალაშვილი ესაუბრა იაპონიის სახელმწიფო ადმინისტრირებისა და პოლიტიკის ეროვნული ინსტიტუტის მაგისტრს დავით ჭკადუას. პროგრამის მეორე ნაწილს კი დავუთმობთ საქართველოს ახალგაზრდული დეპარტამენტის ახალ თავმჯდომარეს - ლადო ვარძელაშვილს, რომელიც ძველ პრობლემებსა და ახალ გეგმებზე ილაპარაკებს.



ნოემბრის რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მიმართა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს დაბრუნდნენ საქართველოს ახალ რეალობაში და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ქვეყნის აღმშენებლობას მოახმარონ. ვერ გეტყვით, რამდენი ჩვენი თანამემამულე გამოეხმაურა ამ მიმართვას, თუმცა იმ მოდელის მომავალი, რომელზეც დღეს გვაქვს საუბარი, ნათელს გახდის, მართლაც სურს თუ არა საქართველოს ახალ ხელისუფლებას სახელმწიფოს მშენებლობაში დასავლეთში განათლებამიღებული და სამშობლოში დაბრუნებული ქართველების ინტელექტუალური რესურსის გამოყენება. უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდა მეცნიერები დათო ჭკადუა და გიორი ჭილაძე - ისინი ამჯერად "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს" წარმოადგენენ - საქართველოს მთავრობას და ქართველ მეცნიერებს ეკონომიკის მართვისა და პროგნოზირების მოდელს სთავაზობენ. დათო ჭკადუა არის იაპონიის სახელმწიფო ადმინისტრირებისა და პოლიტიკის ინსტიტუტის მაგისტრი, ბოლო წლების მანძილზე ის ტოკიოში ცხოვრობდა, სამშობლოში კი შარშან დაბრუნდა. გიორგი ჭილაძე წლების მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა და მუშაობდა, არის ჯონ ჰოპკინსის სახელმწიფო პოლიტიკისა და ადმინისტრირების ეროვნული უნივერსიტეტის დოქტორი, სამშობლოში ამ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების ჯგუფმა, რომელსაც დათო და გიორგი წარმოადგენენ, ქართული რეალობის გათვალისწინებით შეიმუშავეს ეკონომიკის პროგნოზირების ისეთი მოდელი, რომლის მსგავსი მოდელებიც წარმატებით მუშაობს დასავლეთის წამყვან ქვეყნებში, ყოფილ საბჭოთა სივრცეში კი ჯერჯერობით მხოლოდ რუსეთში. ამ მოდელის არსს დათო ჭკადუა განმარტავს:

[დათო ჭკადუას ხმა] "ეს არის მოდელი, რომელსაც ფართოდ იყენებენ დასავლეთში - იმავე საგარეო ვაჭრობის ანალიზისთვის, საგადასახადო სტრუქტურის ანალიზისთვის. როდესაც იქმნებოდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, მასში გასაწევრიანებელი ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზი ამ მოდელების მიხედვით გაკეთდა. სი- ჯი -ი მეთოდოლოგია ჩვენ დავალაგეთ საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურის მიხედვით. ანუ ეს არის დასავლური მოდელი, შეთანხმებული ჩვენს რეალობასთან. "

ეკონომიკის მართვისა და პროგნოზირების მოდელი ითვალისწინებს: თანამედროვე მეთოდებითა და გათვლებით საქართველოს ინდიკატორული გეგმისა და ბიუჯეტის შედგენას; ეკონომიკის 14 დარგის ანალიზს, რომელიც სტატისტიკური მონაცემებისა და 500-ზე მეტი განტოლების საფუძველზე უნდა მოხდეს; კვლევას, რომელიც საგადასახადო სისტემის რეფორმირებას შეეხება, იმის გაანალიზებით, თუ როგორ შეიძლება ამ რეფორმით მაქსიმალურად ოპტიმალური შედეგების მიღება და ასე შემდეგ. რაც ყველაზე მთავარია, ეკონომიკის მართვისა და პროგნოზირების მოდელი არის მოდელი იმ ადამიანებთან პარტნიორობისთვის, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკას ქმნიან. მოდელის ავტორები მზად არიან საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მწარმოებლებს შესთავაზონ თანამედროვე მეთოდებით წარმოებული კვლევა - დათოს სიტყვებით: "კვლევა, რომელიც მოგვცემს ეკონომიკის პროგნოზირების საშუალებას, რათა ეს სფერო აღარ იყოს ისეთი წინასწარგაუთვლელი ექსპერიმენტების არეალი, რომლებსაც კარგი შედეგები არ სდევს ხოლმე."

ორიოდე სიტყვით საქართველოს ეკონომიკის მართვისა და პროგნოზირების მოდელის შემქმნელი ჯგუფის გამოცდილების შესახებ. ისევ დათო ჭკადუას მოვუსმინოთ:

[დათო ჭკადუას ხმა] " პირველი ნაშრომი, რომელიც ამ თემაზე მქონდა მოცემული ტოკიოს უნივერსიტეტის ნაშრომებში. რაც შეეხება საქართველოზე აგებულ მოდელს, ჩვენ გვაქვს კავშირი ვაშინგტონში სათავო ოფისის მქონე კვლევითი ნაშრომის დამფინანსებელ ორგანიზაციასთან. ის მუშაობს თანამეგობრობის ქვეყნებზე და ჩვენი მოდელის საფუძველზე ვართ პირველი ჯგუფი, რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციასთან. უმჯობესია გიორგიზე ვილაპარაკო. იგი მუშაობდა რამდენიმე წლის მანძილზე შტატებში, ერთ-ერთ მძლავრ საფინანსო ორგანიზაციაში. დღეს ორივე ვართ საქართველოში. ეს არის ჩვენი ქვეყანა, სადაც უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე და, ჩვენი აზრით, რასაც ახლა ვაკეთებთ, არის საჭირო ქვეყნისთვის. " (სტილი დაცულია)

საჭირო საქმეს მხარდაჭერა, პირველ რიგში, ხელისუფლებისგან სჭირდება და დათო ჭკადუა ელის ხელისუფლებიდან გამოხმაურებას, უფრო ზუსტად, იმას, რომ ხელისუფლება გამოავლენს ნებას ხელი შეუწყოს ქვეყნის მთავარი რესურსის - ადამიანური რესურსის - ამოქმედებას ქვეყნის ინტერესებისთვის.

[დათო ჭკადუას ხმა] "უსიამოვნო გრძნობა მეუფლება, როცა ძალიან დიდი აქცენტი კეთდება ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობაზე. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი შექმნას უფრო დიდი რესურსი - ეს არის ადამიანური რესურსი, ცოდნის რესურსი. "

ჯგუფი, რომელიც ასეთ რესურსს გვთავაზობს, არ აპირებს მარტო ეკონომიკის პროგნოზირების მოდელზე შეჩერებას. მისი გეგმები სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, გულისხმობს მუშაობას იმისათვის, რომ დასავლეთის ქვეყნებში მყოფი ქართველი სპეციალისტების შესაძლებლობები საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩაერთოს.

შეგახსენებთ, თქვენ უსმენთ ახალგაზრდულ პროგრამას. ახლა გთავაზობთ ინტერვიუს ლადო ვარძელაშვილთა - საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ახალ თავმჯდომარესთან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG